ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალია ენატრება

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული და ბუნებრივია, რომ მისი პერსონა აპენინებზე დღემდე აქტუალურია.

31 წლის თავდამსხმელს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და მის სერია A-ში შესაძლო დაბრუნებაზე ჩამოუგდო სიტყვა. ამასთან, იტალიისა და საფრანგეთის შედარება სთხოვა...

იტალიაში დაბრუნება
არაერთხელ მითქვამს, რომ კარიერას ამა და ამ გუნდში დავასრულებდი, მაგრამ შემდეგ სიტყვა ვერ შემისრულებია. ამიტომ მომავალთან დაკავშირებით პროგნოზების კეთებას მოვერიდები.

დღეს პსჟ-ის ფეხბურთელი ვარ და მთელი ჩემი ფიქრები ამ გუნდს დასტრიალებს. ქვეყნის ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვიასპარეზეთ, რაც
მომავლის რწმენას მაძლევს.

დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად გავირჯებით და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამარჯვების რეალური შანსი გვექნება.

ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, მართლაც დავბრუნდე იტალიაში, მაგრამ არა ამ ზაფხულს.

იტალია - საფრანგეთი
უნდა ვაღიარო, რომ იტალიაში უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და ის დრო მენატრება კიდეც. ალბათ, იმიტომ, რომ აპენინებზე ფეხბურთს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა და შესაბამისად, ფეხბურთელიც მეტად დაფასებულია.

მე მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამ მხრივ, იტალიაში გაცილებით კომფორტული გარემოა.

პარიზში ისე შეიძლება ისეირნო საათობით, რომ არავინ ყურადღება არ მოგაქციოს - ასეთი რამ არც ჰოლანდიაში ხდებოდა და არც ესპანეთში. იტალიაში სულ სხვა გარემოა - როდესაც სადმე სავახშმოდ შევდიოდი, მომსახურე პერსონალიც კი ფეხბურთზე მელაპარაკებოდა და ჩემს სანახავად რესტორნების მფლობელები გამოდიოდნენ.

ეს ის გარემოა, სადაც თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ და კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ იტალიაში ვფიქრობ დასახლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1: ზლატან იბრაჰიმოვიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია
ჯანლუიჯი ბუფონი: "იუვენტუსში" არავინაა "იბრას" დაბრუნების წინააღმდეგი
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეტოქემ კინკლაობისას ყელზე ნაზად აკოცა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული