მოურინიო დიდი მწვრთნელია, უბრალოდ, მადრიდში მისი დრო დასრულდა

AutoSharing Option
სეზონს ქარიმ ბენზემასთვის ცუდი დასასრული ჰქონდა - მადრიდის "რეალის" 26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მიეხედა მტკივანი მუხლისთვის.

ბენზემამ სელესაოსთან 70 წუთი ითამაშა, მეორე დღეს კი ლიონში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. მას სითხე ამოუღეს მუხლიდან. რამდენს გამოტოვებს ამის გამო ბენზემა, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე "მარკამ" მასთან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომელშიც ქარიმი სეზონს აჯამებს. ეს სეზონი მისთვის არცთუ წარმატებული იყო, გუნდი უტიტულოდ დარჩა, ბენზემამ ჩვეულზე ნაკლები გოლი გაიტანა და ხშირად იყო კრიტიკოსთა სამიზნე.

- როგორ შეაფასებთ გასულ
სეზონს?
- თქმა არ უნდა, არ იყო კარგი სეზონი. ჩვენ ვერც ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერც - ჩემპიონთა ლიგა და ვერც ქვეყნის თასი. მხოლოდ ესპანეთის სუპერთასი "რეალის" დონის გუნდისთვის, მეტისმეტად ცოტაა.

- რას ეტყვით ფანებს ასეთი სეზონის შემდეგ?
- ფანებს ვთხოვ, გვიგულშემატკივრონ ისე, როგორც აქამდე. ჩვენ კი ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში ტიტულები მოვიგოთ, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო.

- საკუთარ გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- წინა სეზონი სჯობდა, მაშინ ყველა მატჩში 30 გოლი გავიტანე, ახლა კი მხოლოდ - 20.

- რას იტყვით გუნდიდან მწვრთნელის წასვლაზე?
- ჟოზე მოურინიო დიდი მწვრთნელია, უბრალოდ, მისი დრო მადრიდში დასრულდა.

- თქვენ თუ რჩებით "რეალში"?
- რა თქმა უნდა, ვრჩები. მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვგეგმავ.

- ენთუზიაზმით ელით ახალ სეზონს?
- ცოტა თუ არ დავისვენეთ, არ შეიძლება. მერე კი განახლებული ენერგიით მოვემზადებით ახალი სეზონისთვის.

- მადრიდში შესაძლოა, ახალი ფორვარდი მოვიდეს. კონკურენციის ხომ არ გეშინიათ?
- არა, კონკურენციის არასოდეს მეშინოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქარიმ ბენზემამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული