საფრანგეთის სუპერთასი "პარი სენ-ჟერმენისაა" [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ უკანასკნელ წლებში წესად აქცია, რომ სეზონი სუპერთასის თამაშით იწყება და თანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჯერად საფრანგეთის ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში გაიმართა.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს ანალოგიურ შეხვედრას უკვე ჩინეთი უმასპინძლებს. ლიგის პრეზიდენტმა ფრედერიკ ტირიემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

დედაქალაქელებს ურთულესი სეზონი ელოდებათ წინ, რადგან კლუბმა მორიგი შთამბეჭდავი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა და შესაბამისად, მოთხოვნები ლორან ბლანისა და მისი შეგირდების მიმართ გაზრდილია. "ლურჯ-წითლებს" კინაღამ სტარტზევე დაუცდათ ფეხი, თუმცა ბლანმა ყოფილ კლუბთან თამაშის
შემოტრიალება მაინც მოახერხა. ვაჟკაცურად იბრძოლეს თავის მხრივ ჟირონდელებმაც.

პირველ ტაიმში ფავორიტებმა საკუთარი სტატუსი დაადასტურეს, როცა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს სედრიკ კარასოს კართან. ყველაზე რეალური შანსი ესეკილ ლავეცის შეექმნა, მაგრამ არგენტინელმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა. გატანა მართებდათ ტიაგო სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. ტაიმის ბოლოს ბურთი მოულოდნელად პარიზელთა კარში გაეხვია. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ანრი სოივე იდეალურ პოზიციაში დახვდა და იოლი ბურთი გაიტანა.

ბლანის გუნდმა გათანაბრება 79-ე წუთზე სცადა, თუმცა კრისტოფ ჟალეს პასის შემდეგ ალექსი თამაშგარეში ჩარჩა და არბიტრმა იბრას თავურით გატანილი გააუქმა. სამ წუთზე ცოტა ნაკლებში შვედმა შეცვლაზე შესულ ერვინ ონგენდას გაატანინა, ბოლო წამებზე კი ალექსმა ჩვეულ სტილში თავზე მოიგო ორთაბრძოლა და პსჟ-ს წარმატებულ სტარტს დაუდო სათავე.

მატჩის შემდგომ
ლორან ბლანი (პსჟ): "მიხარია, რომ სეზონს ტიტულით ვიწყებთ. ყოჩაღ ბიჭებს, რომელთაც ბოლო წამებამდე არ დაუყრიათ ფარ-ხმალი. მიმაჩნია, რომ ახალი სეზონისთვის იდეალურად ვართ მზად. გუნდს გამარჯვებები კიდევ სწყურია. წარმატების მიუხედავად ეს არ იყო ის, რასაც გვიწინასწარმეტყველებდნენ. ვიღაცებს მიაჩნდათ, რომ "ბორდოს" გადავუვლიდით. შედეგად რა მივიღეთ? მეტოქემ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. ჟირონდელები თავგამოდებით იცავდნენ თავს მას მერე, რაც ანგარიში გახსნეს. დამიჯერეთ, ფული ფეხბურთში ბევრ პრობლემას ვერ წყვეტს, რადგან მდიდრების წინააღმდეგ დანარჩენები გაორმაგებული ენერგიით თამაშობენ. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რას უნდა ველოდეთ მეტოქეებისგან ყოველ ნაბიჯზე".

ფრანსის ჟიიო (ბორდო): "ბიჭებს ვულოცავ მაღალ დონეზე თამაშის ჩატარებას. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში გვმართებს მომატება. მაგალითად გამოსასწორებელი გვაქვს ბურთის კონტროლი, დღეს მოედნის ცენტრში ხშირად ვაკეთებდით არასწორ გადაცემებს. თუკი მსგავს მძიმე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, ყველაფერი კარგად იქნება".

პარი სენ-ჟერმენი-ბორდო 2:1
გოლები: 0:1 სოივე (38), 1:1 ონგენდა (82), 2:1 ალექსი (90)
პარი სენ-ჟერმენი (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ტ. სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, მოტა (72. ვერატი), პასტორე (73. ონგენდა), ლუკას მოურა - იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (72. კომანი)
ბორდო (4-2-3-1): კარასო - მარიანო, სერტიჩი, სანე, პუნჯე - ნგუემო, პოკო - პლაშილი (90. ბენ ჰალფალაჰი), მორის-ბელაი (90. საკო), ობრანიაკი - სოივე (90. ჟუსი)
გაფრთხილება: მოტა, მატუიდი - ნგუემო
კარში დარტყმა: 16-10 (5-5) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 34 658

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული