საფრანგეთი. ლიგა 1. IV ტური: "მონაკომ" პირველი ტესტი ჩააბარა [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი სერიოზული ტესტი წარმატებით ჩააბარა კლაუდიო რანიერის "მონაკომ", რომელმაც "ველოდრომზე" დაამარცხა "მარსელი" - 2:1. სტუმართაგან გოლები ჯერ რადამელ ფალკაომ, მერე კი მისმა შემცვლელმა ანტუან რივიერმა გაიტანეს. რუსული ფულით მოძლიერებული გუნდი ცხრილს 10 ქულით მოექცა სათავეში.

რაბიოს და ზლატანის პირველი
შაბათის სამი შეხვედრა 0:0 დასრულდა, ერთში კი 90 წუთი ისე გაილია, რომ გოლი არ გასულა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულმა 4-მა წუთმა "პარი სენ-ჟერმენი" მორიგი წაფორხილებისგან იხსნა - ლორან ბლანმა პირველი საშინაო გამარჯვება "გენგამთან" მოიპოვა - 2:0. 92-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე
შესულმა ადრიენ რაბიომ გაიტანა, რასაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლიც მოჰყვა.

ვერ ვიტყვით, რომ პსჟ ვერ სჯობდა მეტოქეს - იყო "იბრას" ბრწყინვალე საჯარიმო, ტიაგო სილვას თავური, რომელიც ხარიხას მოხვდა, ედინსონ კავანის დაუმუშავებლად დარტყმული სახიფათო ბურთი, მაგრამ იყო სალვატორე სირიგუს "სეივიც", იტალიელმა მეკარემ პსჟ გოლისგან სახით იხსნა (მუსტაფა იატაბარეს დარტყმა მას თავში მოხვდა).

18 წლის რაბიომ პსჟ-ის რიგებში პირველი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში (სულ მე-2); პირველი იყო გოლი 31 წლის ზლატანისთვისაც, ოღონდ სეზონში.

ლორან ბლანი (პსჟ): "პირველ ტაიმში თითქოს გვეძინა. ისიც კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. პოზიტიური ამ მატჩში კი ის იყო, რომ ფეხბურთელები არ შეეგუენ წარუმატებლობას, ბოლო წუთებზეც კი და სამი ქულა ბრძოლაში მოიპოვეს. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მშვიდად და დამაჯერებლად მოგვეგო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლიონის" ზედიზედ მე-4 მარცხი
"ევიანის" 25 წლის ფორვარდი კევინ ბერიგო ტურის ნამდვილი გმირია - მან დუბლი შეუსრულა "ლიონს" და ამ გუნდის ქომაგებს ისედაც გაფუჭებული განწყობა ("ლიონი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა) მთლად მოუსპო. "ევიანმა" ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი 2:1 დაამარცხა.

ბერიგომ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ამით თავის გუნდს სეზონში პირველად მოაგებინა, ხოლო "ლიონს" ყველა შეჯიბრში ზედიზედ მე-4 მარცხი აწვნევინა. მართალია, ჟორდან ფერის შორეულმა გოლმა "ლიონს" იმედი ჩაუსახა მეორე ტაიმში, მაგრამ რემი გარდის გუნდი საბოლოოდ მაინც ხელმოცარული დარჩა. "ლიონის" რიგებში არ უთამაშია კაპიტან კლემან გრანიეს, რომელიც დიდიე დეშამმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის გამოიძახა.

რემი გარდი (ლიონი): "ერთმანეთისთვის მწვავე კითხვები გვაქვს დასასმელი. ვერავის ვატყობდი თამაშის ჟინს, ხოლო ის, რაც პირველ ტაიმში ვნახეთ, სირცხვილია "ლიონის" დარი გუნდისთვის. ჩემი ფეხბურთელების დაცვას ყოველთვის ვცდილობდი, მაგრამ ახლა ძალიან გამაბრაზეს".

შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია 10-კაციანი "ბასტიას" გამარჯვება "ტულუზზე". კორსიკელთაგან გამარჯვების გოლი თავურით აფრიკელმა ნდრი რომარიკმა რუმინელი კლაუდიუ კესარიუს (პირველი გოლის ავტორი) ჩაწოდების შემდეგ გაიტანა - 2:1.

"ლორიანმა" ვინსენ აბუბაკარის გოლის წყალობით დაამარცხა "ვალანსიენი". შაბათის სხვა მატჩებში კი, როგორც უკვე ვთქვით, გოლი არ გასულა.

IV ტური

ევიანი-ლიონი 2:1
გოლები: 1:0 ბერიგო (8), 2:0 ბერიგო (34), 2:1 ფერი (49)
ლიონი (4-2-3-1): ა. ლოპეში - მ. ლოპეში, ბიზევაცი, კონე, ბედიმო - მვუემბა (66. მალბრანკი), გონალონი - ფეკირი, გურკუფი (46. ბენზია), ფერი (82. ბალული) - ლაკაზეტი

პსჟ-გენგამი 2:0
გოლები: 1:0 რაბიო (92), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (93)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი - პასტორე (63. რაბიო), მოტა, მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (63. ლუკას მოურა)

ბასტია-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 კესერიუ (43), 1:1 ბრაიტვაიტი (57), 2:1 რომარიკი (67)
გაძევება: პალმიერი (37. ბასტია)

ლორიანი-ვალანსიენი 1:0
გოლი: 1:0 აბუბაკარი (14)

რეიმსი-ნანტი 0:0

რენი-ლილი 0:0

სოში-აიაჩო 0:0

სტ. ეტიენი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ჰამუმა (8), 2:0 პერენი (51), 2:1 ობრანიაკი (90)

ნიცა-მონპელიე 2:2
გოლები: 1:0 კოლოძეიჩაკი (18), 1:1 ს. კამარა (34), 2:1 ეისერიკი (43), 2:2 ტიანე (52)
გაძევება: ბაკარი (84. მონპელიე)

მარსელი-მონაკო 1:2
გოლები: 1:0 მენდეში (43), 1:1 ფალკაო (47), 1:2 რივიერი (79)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, დიავარა (6. მენდეში), მენდი - რომაო, ვანგა (85. აბდულა) - პაიე, ვალბუენა (88. ჯ. აიუ), ა. აიუ - ჟინიაკი
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ტულალანი (8 პი), ობადი - ოკამპოსი, მოუტინიო (90. ჯ. როდრიგესი), ფერეირა - ფალკაო (73. რივიერი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 5 - რივიერი (მონაკო); 3 - ბერიგო (ევიანი), ჟინიაკი (მარსელი), ლაკაზეტი (ლიონი), ოლივეირა (რენი), პაიე (მარსელი), იატაბარე (გენგამი).

მომდევნო ტური

14 სექტემბერი:
აიაჩო-ევიანი, ბორდო-პსჟ, გენგამი-ბასტია, ლილი-ნიცა, ლიონი-რენი, მონაკო-ლორიანი, მონპელიე-რეიმსი, ნანტი-სოშო, ტულუზი-მარსელი, ვალანსიენი-სენტ ეტიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული