საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახარებულია, რომ მისი გუნდის მიერ "უემბლიზე" ინგლისთან მოგებულ მატჩში გოლით თავის გამოჩენა შეძლო. "რეალის" ფორვარდმა ანგარიში 16-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ფაბიო კაპელოს შეგირდების კარში მატიე ვალბუენმა გაიტანა. მატჩის მიწურულს პიტერ კრაუჩმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.
"დღეს ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც მუდმივად ვითარდება. საფრანგეთმა კარგი თამაში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგური იყო, პრინციპული ბრძოლა შედგა. სასიამოვნოა ხედავდე, როგორ იგებს საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ", - ხარობდა ბენზემა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით