საფრანგეთის ლიგის თასი. 1/4-ფინალი: პარიზელებმა ბორდო გაამწარეს

AutoSharing Option
2013 წელს ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ - ჯერ წინა სეზონის მატჩში, რომელიც "პარი სენ ჟერმენმა" ჟირონდაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოიგო.

მერე სუპერთასის შეხვედრაში, რომელსაც "ბორდო" იგებდა, მაგრამ 83-ე და 90-ე წუთებზე გაშვებული გოლებით ტრაგიკულად დამარცხდა და მიმდინარე სეზონის ეგიდით, როდესაც ლორან ბლანმა თავის ყოფილ გუნდს "ჟაკ შაბან დელმაზე" 2:0 სძლია. ახლა კი გუნდები ლიგის თასის ნახევარფინალისტის ვინაობას არკვევდნენ ერთმანეთში და ფრანსის ჟიიოს ძალიან უნდოდა წინა წაგებებზე შურისძიება.

ბლანმა შემადგენლობა გადაახალისა. კონკრეტულად იმის გამორჩევა ღირს, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი
მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა, რადგან კრისტოფ ჟალე ტრავმირებულია, ხოლო გრეგორი ვან დერ ვილი ისვენებდა. მარკინიოსი ცუდად არ გამოიყურებოდა და შესაძლოა, ბლანმა ეს ისედაც ძალიან ნიჭიერი მოთამაშე ერთგვარ უნივერსალად აქციოს.

როტაციას მიმართა ჟიიომაც. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ მისი იშვიათი წევრები: აბდუ ტრაორე და დიეგო როლანი. რაც მთავარია, სასტარტოში აღმოჩნდა გუნდის ახალწვეული გიიომ ოარო. მასთან ჟირონდელებმა ახლახან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმეს და ისიც კარგად იცით, რომ ოაროს ოთხ-ნახევარი სეზონი აქვს გატარებულის სწორედ პსჟ-ში.

ხავიერ პასტორემ შანსი კარგად გამოიყენა და მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ზუსტად არგენტინელმა გახსნა ანგარიში დაძაბული პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ბრაზილიელ ლუკასს გარჯა დაუფასა და მისი პასი შეირგო.

მეორე ნახევარი სულ ახალი დაწყებული გახლდათ, როდესაც მარკო ვერატიმ ადრიენ რაბიოს უხერხულად შეაჩეჩა ბურთი და ეს უკანასკნელი ანდრე ბიოგო პოკომ გაძარცვა და გოლიც გაიტანა.

სედრიკ კარასომ დიდებულად ითამაშა, როდესაც ჯერ ჟერემი მენეზის დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგ დამატებაზე მოთამაშე ლუკას დინსაც აუღო. როგორც ჩანს, ბლანს დამატებითი დრო დიდად გულზე არ ეხატებოდა და მე-80 წუთზე ესეკიელ ლავეცი და ბლეზ მატუიდი გამოიყვანა მინდორზე. დედაქალაქელებმა კლასი და ხასიათი გამოავლინეს და საბოლოოდ მაინც იმარჯვეს - ჯერ რაბიომ გამოასწორა შეცდომა და პასტორეს გადაცემით წინ გაიყვანა პარიზელები. მერე კი მატუიდიმაც გაიტანა, ედინსონ კავანისა და პასტორეს აქტიურობის წყალობით და წერტილი დასვა. სხვათა შორის, მატუიდიმ ჟირონდელთა გამწარებაში უშუალო მონაწილეობა ჩემპიონატის მატჩშიც მიიღო და "ბორდოს" მაშინაც გაუტანა.

"პარი სენ ჟერმენი", 2011 წლის შემდგომ ყველა ტურნირის გათვალისწინებით, პირველად გავიდა პლეი ოფებში ასე შორს, ანუ ნახევარფინალში.

ბორდო-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 პასტორე (45+1), 1:1 პოკო (48), 1:2 რაბიო (86), 1:3 მატუიდი (88)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ზ. კამარა, დინი - რაბიო, ვერატი (80. მატუიდი), პასტორე - მენეზი (80. ლავეცი), ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი (46. კავანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ