ლიგა 1. V ტური: პსჟ-ს სერია შეუწყვიტეს

AutoSharing Option
ედინსონ კავანიმ "პარი სენ ჟერმენი" ზედიზედ ორჯერ გაიყვანა წინ და პარიზელებს, თითქოს, სარეკორდო, მიჯრით მე-14 მოგება უნდა ეზეიმათ ლიგა 1-ში, მაგრამ "ბორდომ" ბოლომდე იბრძოლა და ათკაციანმა ჟირონდელებმა ქულა მოიპოვეს, რომელიც მათ ვაჰბი ხაზრის გოლმა მოუტანა.

ლორან ბლანმა ანხელ დი მარია შეუცვლელად ათამაშა. მან ასევე სადებიუტო მატჩი ჩაატარებინა "მონაკოდან" მიყვანილ ლეივინ კურზავას, რომელიც 20 წუთით შეუშვა მინდორზე. დედაქალაქელებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლდათ.

ნოლან რუმ "სენტ ეტიენის" მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა და "მწვანეებს" "მონპელიესთან" გამარჯვებაში დაეხმარა. ეს კრისტოფ გალტიეს გუნდის ზედიზედ მესამე
მოგება იყო, ცუდი სტარტის მერე. მონპელიელები კი ძველებურად აგრძელებენ და 3 ქულა მათ ჯერაც არ მოუპოვებიათ.

აღარ ხუმრობს "რენი", რომელმაც მე-5 შეხვედრაში მე-4 მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა. ფილიპ მონტანიეს კლუბმა ამჯერად "ნანტს" მოუგო დასავლეთის დიდი დერბი, ოღონდ "იადონებმა" შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრეს და ამან რენელებს ცხადია, ამოცანა ერთი-ორად გაუადვილა, პოლ-ჟორჟ ნტეპმა ათკაციან მეტოქეს გაუტანა, ხოლო ჯოვანი სიომ უკვე ცხრაკაციან "ნანტთან" შეძლო თავის გამოჩენა.

"მონაკოს" თერთმეტმეტრიანი დასჭირდა იმისთვის, რომ დებიუტანტი "გაზელეკ აიაჩო" დაემარცხებინა. პენალტი ფაბინიომ გაიტანა.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდი მთლიანობაში არცთუ დამაჯერებელი გახლდათ. "გაზელეკ აიაჩო" ისევ მოუგებელია.

"ლიონი" დიდ უპირატესობას ფლობდა "ლილთან" ორჯერ ხარიხასაც გაარტყა ბურთი და ვენსან ენიეამამ რამდენიმე "მკვდარი ბურთი" მოიგერია... საბოლოო ჯამში, უგოლო ფრე, რომელმაც "ჟერლანის" ბინადრებს გული ძალიან დაწყვიტა.

მარტინ ბრეიტვეიტი, თითქოს, ისევე ათამაშდა, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ აკეთებდა და როდესაც მან "რეიმსთან" შეხვედრაში ანგარიში 2:0 გახადა, თითქოს, "ტულუზს" 3 ქულა არ უნდა გაქცეოდა, მაგრამ... "რეიმსმა" გათანაბრება მოახერხა და უკვე 10 ქულას მოუყარა თავი. ჯაბა კანკავა განაცხადში იყო, მაგრამ მინდორზე არ ათამაშეს.

ჟოსელინ გურვენეკის "გენგამმა" კი მიჯრით სამი წაგების მერე, ორი მოგება მიაყოლა. ამჯერად ბრეტანელებმა "ნიცას" აჯობეს, თანაც "ალიანც რივიერაზე".

V ტური
პსჟ-ბორდო 2:2
გოლები: 1:0 კავანი (27), 1:1 ტრაპი (30-ს.კ-ში), 2:1 კავანი (34), 2:2 ხაზრი (79)
გაძევება: საივე (77. ბორდო)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი (67. კურზავა) - ტიაგო მოტა, მატუიდი (75. რაბიო), ვერატი - ლუკასი (72. ლავესი), დი მარია, კავანი

ლიონი-ლილი 0:0
ლიონი (4-4-2): ანტონი ლოპეში - ჟალე (65. რაფაელი), იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო - ტოლისო, ფემი (78. კალულუ), გონალონი, ვალბუენა - ბოვიუ (72. კორნიე), ლაკაზეტი

ტრუა-კაენი 1:3
გოლები: 0:1 ფერე (21), 0:2 ბენ იუსუფი (38), 0:3 ბესა (63), 1:3 ოტონი (90+2)
გაძევება: ბენ იუსუფი (57. კაენი)

ლორიანი-ანჟერი 3:1
გოლები: 0:1 სეისი (33), 1:1 ჟუფრე (46), 2:1 უარისი (73), 3:1 ჟანო (90+3)

მონპელიე-სტ. ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 ბაიალი (25), 0:2 რუ (59), 1:2 მარვო (90+2)

ნიცა-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 სანხარე (72)

ტულუზი-რეიმსი 2:2
გოლები: 1:0 კანა-ბიიკი (28), 2:0 ბრეიტვეიტი (30), 2:1 სიბაშო (56), 2:2 ბულო (80)

გაზ. აიაჩო-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ფაბინიო (17-პენ.)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ტურე, რაჯი, რ. კარვალიო, ელდერსონი - ფაბინიო, პაშალიჩი, ტრაორე (57. კოენტრაო) - ივან კავალეირო (87. ლემარი), ბერნანრდო სილვა, კარილიო (80. ბალული)

ნანტი-რენი 0:2
გოლები: 0:1 ნტეპი (67), 0:2 სიო (89)
გაძევება: ადრიანი (52), სიგტორსონი (78)

მარსელი-ბასტია 4:1
გოლები: 1:0 მენდი (15), 2:0 ალესანდრინი (46), 3:0 ალესანდრინი (66), 4:0 ბატშუაი (70), 4:1 ბრანდაო (78)

ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ).

მომდევნო ტური
18 სექტემბერი:
ენი-ლილი.

19 სექტემბერი:
რეიმსი-პსჟ, ანჟერი-ტრუა, გენგამი-გა. აიაჩო, ბასტია-ნიცა, კაენი-მონპელიე.

20 სექტემბერი:
ბორდო-ტულუზი, მონაკო-ლორიანი, სტ. ეტიენი-ნანტი, მარსელი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ