დიდიე დეშამმა გასულ ზაფხულს "ლივერპულის" სათავეში ჩადგომაზე უარი თქვა. რატომ? თურმე მას ორი პრინციპული მიზეზი ჰქონდა და მათ შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა "სანს" უამბო. ამაზე სალაპარაკოდ "მარსელის" თავკაცი თვით კენი დალგლიშს შეხვედრია, რომელიც იმხანად, კლუბის დავალებით, სამსახურიდან ახალი გაშვებული რაფა ბენიტესის შემცვლელს ეძებდა. როგორც იცით, შემდეგ მერსისაიდელებმა არჩევანი როი ჰოჯსონზე შეაჩერეს.
ხვალ, 42 წლის დეშამი კვლავ ინგლისურ "თემას" ეჭიდება, ჩემპიონთა ლიგაში სერ ალექს ფერგიუსონს უნდა დაუპირისპირდეს: "ველოდრომზე" "მარსელი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. გასული ზაფხულის ამბავს კი "იუვენტუსისა" და "ჩელსის" ყოფილი ვარსკვლავი ასე
"როდესაც გავიგე, რომ "ლივერპული" მწვრთნელობას მთავაზობდა, უზომო სიამაყე ვიგრძენი, მაგრამ მაინც "მარსელში" დავრჩი. პასუხის მოსაფიქრებლად ორ წამზე მეტი არ დამჭირვებია. რასაკვირველია, "ლივერპულის" დონის გუნდი სამსახურს ყოველდღე არ გთავაზობს და ასეთ დროს უარის თქმა ძნელი საქმეა, მაგრამ აქ, მარსელში პირობა მქონდა მიცემული. იმხანად, "ველოდრომზე" დადებული კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადი მრჩებოდა, ხოლო პრეზიდენტს, ფეხბურთელებს და ფანებს დავპირდი, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. "მარსელში" არიან მოთამაშეები, რომლებიც აქ ჩემი გულისთვის მოვიდნენ. მათი მიტოვება არაფრით შეიძლებოდა. თან, "ლივერპულმა" მწვრთნელობა რომ მთხოვა, სეზონისწინა შეკრებამდე ორი დღეღა რჩებოდა. მოკლედ, სიტყვის კაცი გახლავართ და ყოველმხრივ ხელ-ფეხ შეკრული ვიყავი.
იყო მეორე მომენტიც. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც საფრანგეთის ნაკრების ბანაკში დიდი სკანდალი აგორდა. ასეთ დროს ჩემი ხალხისთვის იმის თქმა, რომ "მარსელს" ვტოვებ და ინგლისში გავრბივარ, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა".
დიდიე დეშამი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალტიტულიანი ფეხბურთელია. ის გახლდათ მსოფლიოს, ევროპის, საფრანგეთის და იტალიის სამგზის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგა ერთხელ "მარსელის" და ერთხელაც "იუვენტუსის" შემადგენლობაში მოიგო. ფლობდა ევროპის სუპერთასს, იტალიის თასსა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასს. დეშამი ფრიად წარმატებულია როგორც მწვრთნელიც: 2004 წელს ფრიად საშუალო დონის "მონაკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" დამარცხდა. შემდეგ, დეშამი "იუვენტუსში" გადავიდა. ტურინელები 2006 წელს საფეხბურთო გარიგებებში ამხილეს და სერია A-დან გააგდეს და სწორედ მაშინ დაუდგა "სიტყვის" კაცი მხარში თავის ყოფილ გუნდს. მისი ხელმძღვანელობით "ბებერი ქალბატონი" უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. "მარსელში" მისულმა კი გუნდს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა - "ველოდრომზე" ქვეყნის ჩემპიონობა 17 წელიწადი არ ეზეიმათ.
დეშამი ამბობს, რომ კენი დალგლიშისთვის უარის თქმა სულაც არ იყო განპირობებული იმით, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაში ვერ გამოდიოდა, თუმცა ის, რომ ძველი მეპატრონეების, ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიკსის ხელში დირექტორატში საქმეები არეული იყო, ფრანგმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა.
"მონაწილეობს თუ არა გუნდი რომელიმე კონკრეტულ წელიწადს ჩემპიონთა ლიგაში ჩემთვის გადამწყვეტი არ არის. მთავარი სპორტული პროექტია, ის მიზნები და პირობები სადაც მე მუშაობა მომიწევს. "ლივერპულის" დღევანდელი და ზაფხულის დროინდელი პროექტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თან, მაშინ დღის წესრიგში კლუბის გაყიდვა იდგა".
და ბოლოს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის შესახებ. "მარსელის" მწვრთნელმა კარგად იცის, რომ მათ წყვილში ფავორიტი "იუნაიტედია", მაგრამ განა 2004 წელს ზუსტად ასე არ იყვნენ "რეალი" და "ჩელსი" "მონაკოსთან"?
"მჯერა, რომ ჩვენ "იუნაიტედის" დამარცხება შეგვიძლია. ამისა თავად რომ არ მწამდეს, ფეხბურთელებს მოედანზე მოსაგებად გასვლას როგორ ვთხოვდი? რასაკვირველია, ჩვენ საკუთარ თავს დიდი ამოცანის წინაშე ვაყენებთ. "იუნაიტედის" ამოცანა ხომ მხოლოდ ჩვენი დამარცხება კი არა, ყველა შემდეგი ეტაპის გავლა და თასის მოპოვებაა. მანჩესტერელები თავს შესანიშნავად იცავენ და შეტევაშიც უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, მაგრამ მათ დაცვაში ერთი-ორი სუსტი წერტილი მაინც შევნიშნე. მე მათზე ინტერვიუში ცხადია არ ვილაპარაკებ, მაგრამ მათი არსებობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორივე შეხვედრაში დაცვაში არ ვიდგებით, რადგან შანსი წინაც გვაქვს".
მაშ, "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა ეშინოდეს?
"კარგი იქნება თუ მანჩესტერელები "ველოდრომზე საკუთარ თავსა და იოლ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულები გამოვლენ. თუ "იუნაიტედი" "მარსელს" დაამარცხებს, არავის გაუკვირდება, ხოლო "მარსელის" მოგება დაუვიწყარ შედეგად შევა ისტორიაში".