„ჩელსის“ ახალმა შენაძენმა დავიდ ლუიზმა კლუბს სთხოვა ფული არ დაინანოს და 19 წლის ნეიმარი იყიდოს — ბოლო დროს ინგლისის ჩემპიონთა რიგებში ბრაზილიელი ვარსკვლავების რაოდენობა იზრდება. „სანტოსის“ თავდამსხმელი, რომლის საბაზრო ფასი 39 მილიონი ფუნტი ანუ 62, 31 მილიონი დოლარია, შაბათს, შოტლანდიის ნაკრებთან შეხვედრაში ორი გოლის გატანის შემდეგ ისევ მოხვდათ ევროპელებს თვალში. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ, ლონდონში, ამხანაგურ შეხვედრაში, სქოთებს 2:0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი თამაშის შემდეგ ლონდონში დარჩა. ორშაბათს
ლუიზმა კი ურჩია „ლურჯების“ შეფებს ჯიბეზე ხელი გაიკარითო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იანვარში აბრამოვიჩი საკმაოდ დაიხარჯა — 70 მილიონი ფუნტი გაიღო. მან თავად ლუიზი და ესპანელი ფერნანდო ტორესი შეიძინა. დღეისათვის „ჩელსიში“ სამი ბრაზილიელია: ალექსი, რამირესი და უკვე რამდენჯერმე ნახსენები ლუიზი, რომელმაც თქვა:
„თუკი ნეიმარი „ჩელსიში“ გადმოვა, ძალიან გამიხარდება. ეს ბიჭი მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება“.
ნეიმარს პრემიერლიგაში ერთი წლის წინაც იწვევდნენ, მაგრამ მან უარი თქვა, რის სანაცვლოდაც „სანტოსმა“ ხელფასი გაუსამმაგა და ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდო. თავდამსხმელის ჯამაგირი ინგლისური წესით რომ დავთვალოთ, კვირაში 40 ათასი ფუნტი გამოდის. გარდა ამისა, „სანტოსის“ ხელმძღვანელები ყმაწვილკაცს ევროპაში რეკლამას დაჰპირდნენ და გვარიანი ფასიც დაადეს. სხვა საქმეა, რომ „ჩელსი“ ფეხბურთელის უფრო იაფად ყიდვას იმედოვნებს — 30 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდა არ უნდა.
ნეიმარი საოცრად პროდუქტიული ფორვარდია. ის „სანტოსის“ შემადგენლობაში 17 წლისა გამოჩნდა და მას მერე ყოველ მეორე შეხვედრაში გოლი გააქვს. ყმაწვილი არც ბრაზილიის ნაკრების ყვითელი მაისურის ჩაცმის დროს იბნევა — ეროვნულ გუნდში სამჯერ ათამაშეს და სამი გოლი შეაგდო. ნაკრებში პირველი თამაში შარშან, 10 აგვისტოს, აშშ-ის წინააღმდეგ ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი მხოლოდ „სანტოსის“ საკუთრება არ არის. კლუბს მისი 55 პროცენტი ეკუთვნის, დანარჩენი 45 კი მავანი კერძო პირებისაა, მაგრამ არც აბრამოვიჩია ასეთ საქმეებში გამოუცდელი. ის სიტუაციას კვლავ დაჟინებით აკვირდება და ცნობილია, რომ თებერვალში, სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე თავისი სკაუტი, პიტ დე ვისერი გაგზავნა. შეჯიბრება ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით ნეიმარი გახდა.
საინტერესოა, რომ ნეიმარს პატარაობიდან პელეს ადარებენ. ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა მას „ო ნუოვო რეი“ ანუ „ახალი მეფეც“ კი დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ „რეი“ ჯერ მხოლოდ ცხრამეტისაა, დიდი კლუბების ინტერესი მისთვის უკვე ჩვეულებრივი რამ არის. ნეიმარს თავისთან ეპატიჟებოდნენ „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სან სიროს“ ორივე ბინადარი. შარშან ბედი „ვესტ ჰემმაც“ კი სცადა და „სანტოსს“ 12 მილიონი ფუნტი შესთავაზა — ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ბრაზილიელებს „ჩელსიმ“ 17 მილიონიდან დაუწყო ლაპარაკი.
როგორი სტილის ფეხბურთელია ნეიმარი? სისწრაფითა და ტექნიკით კრიშტიანო რონალდოს და რობინიოს უფრო მოგაგონებთ. მათ მსგავსად ეხერხება ფლანგიდან შეტევა. განსაკუთრებით ეფექტურია სამი ფორვარდით თამაშის დროს, თუმცა პრემიერლიგისთვის რამდენად ჯანიანია, ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს.
თავად ნეიმარსაც კარგად ახსოვს რა დაემართა ინგლისში რობინიოს — ის „მანჩესტერ სიტიმ“ საკმაოდ ძვირად იყიდა, მაგრამ კაფანდარა ბრაზილიელმა იქაურ ფეხბურთს ფეხი ვერ აუწყო. შოტლანდიასთან მოგების შემდეგ „სანტოსის“ ვარსკვლავბიჭუნამ თქვა:
„აქ, „ემირეიტ სთედიუმზე“ დიდებული მოედანი ჰქონიათ. თვითონ სტადიონიც ძალიან მომეწონა, აი, ინგლისური ამინდი კი არ ვარგოდა. თუმცა, არა უშავს, შევეჩვევი“.
ბრიტანულმა გაზეთებმა ნეიმარის ამ ნათქვამს ნახევრად ხუმრობით დაურთეს, აქ მარტის თვესა და „ემირეიტზეა“ ლაპარაკი. ნეტავ, ეს ბიჭი დეკემბერში სტოკში სტუმრობის შემდეგ რას იტყვისო.
ნეიმარის დახასიათებისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ერთ მრავლისმეტყველ ამბავს: შარშან, აღდგომაზე, მან რობინიოსა და კიდევ ერთ სანტოსელ პაულუ ენრიკე განსოსთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობაზე თქვა უარი. გუნდი ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საავადმყოფოში მივიდა, თუმცა ხსენებული სამეული ავტობუსიდან არ ჩავიდა და მიზეზად რელიგიურ თავისუფლებაზე მობოდა რაღაც სისულელე — რაღა მაინცდამაინც ქრისტიანულ დღესასწაულზეო თუ რაღაც ასეთი.
კიდევ, ნეიმარს სექტემბერში მწვრთნელ დორივალ ჟუნიორთან მოუვიდა კონფლიქტი. რომელიღაც თამაშში აიჩემა პენალტი გინდა თუ არა მე უნდა დავარტყაო. სხვათაშორის, ყმაწვილ ვარსკვლავთან დაპირისპირება დორივალ ჟუნიორს საბოლოოდ სამსახურად დაუჯდა...
ნოემბერში კიდევ ერთი ნიშანდობლივი ამბავი მოხდა: ნეიმარი ვარჯიშის დროს თანაგუნდელ მარსელს ეჩხუბა, ჩხუბის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მას არ მოეწონა როგორ ეხუმრა ეს უკანასკნელი მათ თანაგუნდელ ზე ედუარდოს. შაბათის სკანდალი კი „ლელოს“ მკითხველს კარგად მოეხსენება — შოტლანდიელმა ფანებმა რასისტული შეურაცხყოფა მომაყენესო, ერთი ამბავი ატეხა კონფლიქტური ბუნების ვარსკვლავმა.
ბრიტანელი მიმომხილველები წერენ, რომ ვარსკვლავბიჭუნამ სქოთებთან შეხვედრაში თავისი ყველა მხარე გამოამჟღავნა: სისწრაფე, ტექნიკა და... მცირედ შეხებაზე გაკოტრიალების უნარი.
ნეიმარის შესახებ აზრი „ბლექპულის“ შოტლანდიელ ნახევარმცველ ჩარლი ადამს ჰკითხეს. ადამმა, რომლის შეძენას ასევე ეშურება პრემიერლიგის რამდენიმე წამყვანი გუნდი, უპასუხა:
„ფეხბურთელის შესახებ ერთი შეხედვის შემდეგ ლაპარაკი ძალიან ზნელია. იმისათვის რომ აზრი შეგექმნას ის პრემიერლიგის ორთაბრძოლებში უნდა ნახო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ის ძალიან ტექნიკურია და ინგლისის ჩემპიონატს ნაპერწკალს შემატებს“.