ულამაზესი გუნდის ფილოსოფოსი კაპიტანი

AutoSharing Option
თუ ინგლისში ვინმეს ჰგონია, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მოწყობასა და მასპინძლობაზე რთული ამოცანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს, ბრაზილიაში ჩავიდეს და იქაურებს ჰკითხოს. დედამიწის სიდიდით მეხუთე ქვეყანამ ორწლიან შუალედში ორ უზარმაზარ მოვლენას უნდა გაართვას თავი. ამოცანაც ამას ჰქვია: 2014 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, 2016 წელს კი ქვეყნის ყოფილი დედაქალქი რიო დე ჟანეირო ზაფხულის მორიგ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ასეთი "დუბლი" ბრაზილიელთა სახელმწიფოს განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე რომ აიყვანს, ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ჯერ ხსენებული გიგანტური სპორტული მოვლენებისთვის თავის კარგად გართმევაა
საჭირო. ყველაფერი ძალიან მარტივია: მსოფლიოს ჩემპიონატმა და ოლიმპიადამ წარმატებით უნდა ჩაიაროს.

ერთი სიტყვით, გეძლევა ამოცანა, რომელიც აუცილებლად ტრიუმფით უნდა დაძლიო. როგორია? ვისთვის, ვისთვის და ეს გრძნობა ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტნისთვის, 1980-იანი წლების ლეგენდარული გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავისთვის სოკრატესისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ლონდონში, BBჩ-სთვის მიცემულ ინტერვიუში წარსულში დიდმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მართლაც უდიდესი შესაძლებლობების წინაშე დგას:

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თორემ, ბევრ ადამიანს დედაქალაქი ბუენოს აირესი ჰგონია, - იხუმრა სოკრატესმა, - ერებისა და რასების აღრევის გამო ბრაზილია ახალშობილი ქვეყანასავით არის. ყველას, ვინც სტუმრად ჩამოდის, ჩვენი ქვეყანა გულით უყვარდება და რჩება. ამიტომაც გვაქვს ხალხთა ასეთი ნაზავი. კიდევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უსაზღვრო ფანტაზიის მქონე ხალხი ვართ, მაგრამ იდეალურ ქვეყნამდე მაინც ძალიან ბევრი გვაკლია. ინფრასტრუქტურა აშკარად შეიძლება უკეთესიც გვქონდეს, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი შეჯიბრებების დროს ხალხი თვალნათლივ ნახავს, რით ვართ როგორც ერი სრულყოფილი და რა ნაკლი გვაქვს. უარყოფითი მხარე რაც შეიძლება უნდა შევამციროთ. ვშიშობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისა და რიოს ოლიმპიადისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილი ცუდ ხელში ჩავარდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ამაზე კარგ საშუალებას ვერ ვნახავთ".

მავანს ასეთი სიტყვები შეიძლება ეუცნაუროს, რადგან ჩვეულებრივ, ყოფილი ფეხბურთელები სხვანაირად ლაპარაკობენ, მაგრამ BBჩ ხომ "ჩვეულებრივ ყოფილ ფეხბურთელს" არ ელაპარაკებოდა. კაცი, რომელსაც სრულად სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა ჰქვია ნაკრებში პირველად 25 წლისა მიიწვიეს, რადგან მანამდე არ ეცალა - სამედიცინოზე სწავლა უნდა დაემთავრებინა. როდესაც სთხოვეს, შენი კერპები დაგვისახელეო, ტრადიციული პელესა და გარინჩას ნაცვალდ ჯონ ლენონი და ჩე გევარა ახსენა. ფეხბურთის თამაშს თავი რომ დაანება ფილოსოფიის დოქტორის წოდებაც მიიღო და მშობლიურ ქალაქ რიბეირაო პრეტოში საექიმო პრაქტიკასაც მისდია. გარდა ამისა აქტიურად მისდევს კომენტატორის ხელობას, ოღონდ მხოლოდ სპორტის დარგში კი არ მოღვაწეობს, კულტურის სფეროსაც ფარავს. ახლა სოკრატესი რომანის წერით გახლავთ დაკავებული.

ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) ულამაზესი გუნდის კაპიტანი ლონდონში "საუთ ბენქ სენტერის" ლიტერატურულ ფესტივალსა და ბრაზილიის ფესტივალზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის გახლდათ მიწვეული. BBჩ-სთან საუბრისას მან გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის ბრაზილიური ფეხბურთი და კულტურა ასეთი გამორჩეული და კოლორიტული.

"ჩვენ, ბრაზილიაში ევროპულისგან განსხვავებული ცხოვრების წესით ვხცოვრობთ. ევროპაში ადამიანებს მთელი წელიწადი წინასწარ აქვთ გაწერილი, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვაქვს რას ვიზამთ 15 წუთის შემდეგ. თუ ბრაზილიელი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს ცხოვრობ და თამაშობ საზღვარგარეთ, ეს თვისება მთელი ცხოვრება თან გსდევს".

1982 წელლის ბრაზილიის დიდ გუნდში სოკრატესის გარდა ზიკო, ფალკაო და ედერი ბრწყინავდნენ. BBჩ ამტკიცებს, რომ ეს გუნდი გახლდათ უდიდესი იმ გუნდებს შორის, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არასდროს მოუგიათ. სოკრატესმა თქვა:
"მოგება სულაც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ფეხბურთი ხელოვნებაა და მასში შემოქმედების დანახვაა უმთავრესი. მხატვრებს, ვინსენტ ვან გოგსა და ედგარ დეგას მუშაობის დროს რომ სცოდნოდათ რა პოპულარობას მიაღწევდნენ, გარწმუნებთ, სხვანაირად დახატავდნენ. მთავარია, შემოქმედება, შექმნა გსიამოვნებდეს და არ უნდა ფიქრობდე, რომ შენ უნდა გაიმარჯვო".
სოკრატესისთვის მსოფლიოს გასულ ჩემპიონატში ბრაზილიის ნაკრების წარუმატებლობაზე რომ არ ეკითხათ ისე როგორ იქნებოდა. მან მიუგო:

"ჩვენთან, ბრაზილიაში იმედი არავის გაცრუებია, რადგან მოგებას არავინ ელოდა. ფეხბურთისადმი დუნგას მიდგომა ბრაზილიური ბუნებისა არ იყო. ამ გუნდს სწორედ შემოქმედება აკლდა".

შემოქმედება და თვითგამოხატვა სოკრატესისთვის უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ იცნობენ მას არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ პილოტიკური შეხედულებების გამოც. თუ ვინმეს წაუკითხავს ან გაუგია 1980-იანი წლების "კორინთიანსის" შესახებ ხომ კარგი, თუ არა და მოგახსენებთ, რომ ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურის ბოლო დაისზე ფეხბურთის კლუბი "კორინთიანსი" წარმოჩნდა იმ ორგანიზაციად, რომელსაც დემოკრატიული პრინციპებით მართავდნენ. ეს იყო ქვეყანაში სამხედრო რეჟიმის უარყოფის სიმბოლო.

"კლუბში ყველას თანაბარი უფლება ჰქონდა, პრეზიდენტსაც და ფორმების მრეცხავსაც. არჩევნებში ყველა ხმა ტოლი იყო. ჩვენს და კიდევ სხვა მოძრაობების მაგალითზე ხალხმა დაინახა, რომ მათ შეუძლიათ ხმა მისცენ და არჩევნებით შეცვალოც გარემო".

და მაშინ მიხვდა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მისი მოვალეობა იყო: "ხალხმა მე, როგორც პოპულარულ ფეხბურთელს ნდობა გამომიცხადა. ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდათ და მათი სახელით ამას მე ვაკეთებდი. მე რომ ხალხის მხარეს არ ვყოფილიყავი, კაციშვილი არ მათხოვებდა ყურს. ყველაზე კარგი, რაც ფეხბურთმა მომცა, ადამიანთა გაცნობა იყო. მე ხშირად ვხვდებოდი გაჭირვებულ ხალხს და ასევე ხშირად ვხვდებოდი მდიდრებს. მე ორივე ნაწილთან მქონდა კავშირი. მარტო ექიმად რომ მემუშავა, ჩვენი საზოგადოების მეორე ნაწილს ვერასდროს გავიცნობდი. დღეს ბავშვებს უნერგავენ აზრს, რომ ფეხბურთი გამდიდრების და სახელის მოხვეჭის საშუალებაა. მე კი ვამბობ, რომ ეს არაფრად ღირს. მთავარია, რომ ფეხბურთი შენს ხალხს გაცნობს, საზოგადოების ყველა ფენასთან გაახლოვებს".

თუმცა, რასაც არ უნდა მიაღწიოს სოკრატესმა პოლიტიკასა თუ სხვა დარგებში, ის დედამიწის მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად დარჩება. ვარსკვლავად, რომელსაც... კლასიკური ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის სახელი ერქვა. ამაზე ის ასე ხუმრობს:

"როდესაც ჩემი ექვსი შვილიდან ერთ-ერთს ფიდელი დავარქვი, დედაჩემმა მისაყვედურა, ვფიქრობ ეს სახელი ბავშვისთვის ცოტა უხეშიაო. დედა, - მივუტრიალდი მე, - ხომ არ დაგავიწყდა შენ მე რა მიქენი?"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული