სამი ტიტული, ორი დამშვიდობება და დაბრუნება

AutoSharing Option
ამერიკის კონტინენტზე სამ ქვეყანაში გაირკვა ჩემპიონის ვინაობა - არგენტინაში "ველეს სარსფილდი" და მისი ქომაგები ზეიმობენ, ურუგვაიში მონტევიდეოს "ნასიონალი" გაჩემპიონდა, ხოლო ჩილეში - "უნივერსიდად დე ჩილე".

საინტერესო ამბები ამით არ ამოიწურება - "ვასკო და გამას" რიგებში დებიუტი ჰქონდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჟუნინიო პერნამბუკანოს, მშობლიურ "ლა ბომბონერას" კი ვეტერანი მარტინ პალერმო დაემშვიდობა.

არგენტინა
V ნიშნავს ვიქტორიას, V ნიშნავს ველესს
არგენტინის ჩემპიონატს მუდამ ჩახლართული სატურნირო მდგომარეობა აქვს, ასე იყო წლევანდელ კლაუსურაშიც, თუმცა, მოულოდნელად, ჩემპიონობის ბედი ბოლოსწინა ტურში გადაწყდა - "ველესმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა
"ურაკანი" და კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა.

ამ გუნდს კარგად აქვს დაცდილი "ურაკანის" ძლევა - ბოლო ტიტულიც "ველესმა" "ურაკანის" დამარცხებით გაიფორმა, ეს იყო 2009 წელს. რიკარდო გარეკას ბიჭებიდან ამ შეხვედრაში თავი სანტიაგო სილვამ (თავით) და დავიდ რამირესმა (პენალტით) გამოიჩინეს. სხვათა შორის, ეს მატჩი მასპინძელთა სტადიონის დასჯის გამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართა. "ველესის" ფეხბურთელებს ამის შემდეგაც ცდა მოუწიათ, სანამ თავს ჩემპიონებად დაიბევებდნენ - კონკურენტმა "ლანუსმა" მოულოდნელად 0:1 დათმო "არხენტინოს ხუნიორსთან" და ყველაფერი ცხადი გახდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე "ლანუსი" ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლაუსურა-2011 "ველეს სარსფილდმა" მოიგო. "ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რადგან არგენტინის საუკეთესო გუნდი ვართ დღეისათვის", - განაცხადა "ველესის" ნახევარმცველმა რიკი ალვარესმა.

კლაუსურაში კიდევ ბევრი რამ დარჩა გასარკვევი, "რივერ პლეიტი" კვლავ გავარდნის საფრთხის პირასაა. "რივერის" მოსისხლე მტრის, "ბოკა ხუნიორსის" სტადიონ "ბომბონერაზე" კი დიდი დამშვიდობება გაიმართა - ფეხბურთიდან გააცილეს ვეტერანი ფორვარდი, იქაურობის კერპი - მარტინ პალერმო. "ელ ლოკოს" სპეციალურად ამ თამაშისთვის შეკერილი მაისურა ეცვა, ოქროსფრად ამოჩუქურთმებული 9-იანით. მაშ ასე, ფეხბურთელი, რომელმაც 300-ზე მეტი გოლი გაიტანა კარიერაში, კიდევ ერთ (საგარეო) მატჩსაც ითამაშებს და წავა... მარტინმა შინ ბოლოს "ბანფილდთან" ითამაშა, ეს შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. პალერმოს გაცილებას კი ლეგენდარული დიეგო მარადონა დაესწრო.


ჩილე
სასწაული ფინალი
ამ ქვეყანაში "უნივერსიდად დე ჩილემ" სასწაული ფინალი მოიგო. ასეთ რამეს გუნდის ყველაზე ოპტიმისტი ფანებიც კი აღარ ელოდნენ, მას შემდეგ, რაც ფინალის პირველი მატჩი "უნივერსიდად დე კათოლიკასთან" 0:2 წააგო. საპასუხო შეხვედრაში "უნივერსიდად დე ჩილემ" გუსტავო კანალესის ჰეთ თრიკის წყალობით 4:1 მოიგო და მე-14-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.


ურუგვაი
აპერტურა თუ კლაუსურა
ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს აპერტურას გამარჯვებული "დეფენსორ სპორტინგი" და კლაუსურას მომგები "ნასიონალი" შეხვდნენ. მე-19 წუთზე "ელ ბოლსო" ტაბარე ვიუდესმა დააწინაურა და "ნასიონალმა" შეძლო კიდევაც ამ ანგარიშის შენარჩუნება. გამარჯვებულებმა ტიტული მათ ყოფილ თანაგუნდელ დიეგო როდრიგესს უძღვნეს, რომელიც შარშან ავტოავარიაში დაიღუპა. ამ თამაშში "ნასიონალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა არგენტინელი მარსელო გალიარდო, რომელმაც 35 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.


ბრაზილია
ჟუნინინოს დაბრუნება
ბრაზილიის ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და გუნდები ჯერ კიდევ ეგუებიან ახალ პირველობას, მაგრამ არის ერთი კლუბი, რომელსაც ადაპტაცია არ დასჭირვებია - "სან პაულუ". "გრემიოს" 3:1 დამარცხების შემდეგ "სან პაულუ" 100%-იან შედეგს ინარჩუნებს. სხვათა შორის, სერია ა-ს პირველი სამი ადგილი ქალაქ სან პაულუს გუნდებს უკავია, მოკლედ, ჯერჯერობით ბრაზილიაში "პაულისტა" ყოჩაღობს.

შაბათს "საუ ჟანუარიოს" სტადიონზე დიდი ზეიმი გაიმართა - "ვასკო და გამამ" პუბლიკას ერთდროულად ორი შენაძენი წარუდგინა - ბრაზილიის თასი, რომელიც გუნდმა ანდერსონ აკინოს "კორიტიბასთან" დუელში მოიპოვა და საქვეყნოდ ცნობილი ახალწვეული ჟუნინიო პერნამბუკანო. საჯარიმო დარტყმების დიდოსტატი. ჟუნინიო კლუბს 10-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული