Velez Campeon!!!

AutoSharing Option
ოლიმპო-ნიუელსი 1:1
გოლები: 1:0 როლი (49-პენ), 1:1 ფიდელეფი (64)

კოლონი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 ბლანკო (45)

სან ლორენსო-კილმესი 0:2
გოლები: 0:1 სერო (12), 0:2 კაუტერუკიო (87)

ოლ ბოისი-ხიმნასია 1:0
გოლი: 1:0 ჯილიოტი (39)
გაძევება: როხანო (90. ხიმნასია)

ტიგრე-ინდეპენდიენტე 0:0

ურაკანი-ველესი 0:2
გოლები: 0:1 ს. სილვა (51), 0:2 დ. რამირესი (90-პენ)
გაძევება: კვიროგა (74. ურაკანი), ს. დომინგესი (74. ველესი)

ესტუდიანტესი-რივერი 1:1
გოლები: 0:1 ფერარი (48), 1:1 სარულიტე (54)

ლანუსი-არხენტინოსი 0:1
გოლი: 0:1 ბლანდი (57)

ბოკა-ბანფილდი 1:1
გოლები: 1:0 კოლასო (47), 1:1 ფერეირა (84)

რასინგი-გოდოი კრუსი 2:3
გოლები: 1:0 გუტიერესი (1), 2:0 გუტიერესი
(27), 2:1 დონდა (45), 2:2 რ. რამირესი (55), 2:3 დონდა (90-პენ)


კლაუსურას 2011 წლის გათამაშების ბოლოსწინა ტურმა მთავარი გადაწყვიტა - ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. უკვე ვწერდით, რომ კონკურენტის უნიათო თამაშის გამო "ველეს სარსფილდმა" ნაადრევად გაიფორმა ტიტული. ისიც ვახსენეთ, რომ ამ ტურში მარტინ პალერმო დაეთხოვა მშობლიურ "ბომბონერას", თუმცა ტურში ბევრი სხვაც საინტერესო მოხდა, ამიტომაც არ ინანებთ თუ მთელ მიმოხილვას ჩაიკითხავთ...

ბუენოს აირესის დასავლეთ უბან ლინიერსის კლუბი "ატლეტიკო ველეს სარსფილდი" არგენტინის 8-გზის ჩემპიონია. ბოლოს ამ გუნდმა ტიტული ზუსტად ორი წლის წინათ, 2009 წლის კლაუსურაზე მოიპოვა. 53 წლის სპეციალისტმა რიკარდო გარეკამ, რომელსაც ფეხბურთელობისას მრისხანე სახელი, "ელ ტიგრე" ერქვა, მეორედ გააჩემპიონა გუნდი. 19-ში, სეზონის დასკვნით მატჩში 50-ათასიან "ელ ფორტინზე" დიდი ზეიმია მოსალოდნელი, პუბლიკა ჩემპიონებს "რასინგთან" მატჩისთვის დიდ დახვედრას მოუწყობს.

ტურის მოვლენები
"ველესის" ჩემპიონობა სპეციალისტებმა ნაკლებად ივარაუდეს, ხოლო არგენტინის ჩემპიონატის გულშემატკივრებს სურდათ, რომ ტიტულის ბედი ბოლო ტურში გადაწყვეტილიყო. მაგრამ ეს უკვე ფაქტია - "ველესმა" ცოტა იწვალა, მაგრამ გზიდან მაინც ჩამოიცილა "ურაკანი", 4 საათის შემდეგ კი ლანუსიდან ლიდერისთვის საუცხოო ამბავი მოვიდა, ერთადერთი კონკურენტი მოულოდნელად დამარცხდა. მოკლედ, "ველესის" ფანატები ნაადრევ ჩემპიონობას "არხენტინოს ხუნიორსის" შემტევ ნიკოლას ბლანდის უნდა უმადლოდნენ, რომელმაც "ლანუსის" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა. რაც უნდა თქვან, "ველეს სარსფილდის" ჩემპიონობა საბოლოო ჯამში მაინც დამსახურებულია.

"ველესის" ჩემპიონობას ისეთი რამ დაემთხვა, რომ ამხელა მოვლენა დაჩრდილა კიდევაც - მარტინ პალერმომ უკანასკნელად ითამაშა მშობლიურ "ბომბონერაზე" და მას გაცილება მოუწყვეს. არგენტინულ საიტებსა და გაზეთებს თუ გადახედავდით, მოწინავე სტატიები სწორედ "გიჟის" დამშვიდობებას ეხებოდა, ხოლო ჩემპიონის ამბები უფრო მოკრძალებულად იყო გაშუქებული. აი, ასეთი პოპულარულია ფეხბურთელი სამშობლოში, რომელიც არგენტინის გარეთ ყველას ერთ მატჩში აცილებული სამი პენალტით თუ ახსოვს. "ელ ლოკო" კარიერაში კიდევ ერთ ოფიციალურ მატჩს გამართავს, "ხიმნასიის" წინააღმდეგ და შემდეგ ფეხბურთიდან წავა, ისევე როგორც "ხიმნასიას" ფეხბურთელი და მისი მეგობარი გილერმო სკელოტო.

"გოდოი კრუსის" გამარჯვებას "რასინგთან" დიდი ფასი ჰქონდა, ამით ამ გუნდმა კოპა სუდამერიკანას საგზური მოიპოვა, სულ 7 საგზურიდან ვაკანტური 2 დარჩა.
"რივერ პლეიტს" 6 თამაშია არ მოუგია, "სან ლორენსოს" - 5. არადა, გრანდები მათ ჰქვიათ...

ტურის ციფრები
შედეგიანობამ, წინა ტურებთან შედარებით, მოიკლო. რომ არა "რასინგისა" და "გოდოი კრუსის" 5-გოლიანი თრილერი, სიტუაცია კიდევ უფრო ცუდი იქნებოდა. სულ 18 გოლი (1,8 მატჩში) გავიდა, უმეტესობა (12) მასპინძელთა ანგარიშზეა. ტურში ორი დუბლი შესრულდა, ორივე ზემოთ ნახსენებ მატჩში - ტეო გუტიერესის ორ გოლს, ამდენივეთი მარიანო დონდამ უპასუხა. სხვათა შორის, კოლუმბიელმა გუტიერესმა დაიბრუნა კარგა ხნის წინათ დაკარგული ბომბარდირობა (11) გოლი, თუმცა ის არგენტინელ ფორვარდთა "ალყაშია" და ბოლო ტურამდე უცნობია, ვინ გახდება კლაუსურას ბომბარდირი.

ტურის მატჩი
რასინგი VS გოდოი კრუსი
ტურის 18 გოლიდან 5 სწორედ ამ თამაშში გავიდა. სიტუაციაც დრამატულად განვითარდა, თავიდან გუტიერესის წყალობით მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ წაგება "მოახერხეს".

ტურის გმირი
ლუის ოხედა (არხენტინოს ხუნიორსი)
"ლანუსს" გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა, მაგრამ მასპინძელთა იმედები ლუის ოხედას კართან ერთმანეთის მიყოლებით იმსხვრეოდა. ოხედა კი კარში იმიტომ დგას, რომ "არხენტინოსის" ძირითად მეკარე ნიკოლას ნავაროს ტრავმა აწუხებს. ოხედა ორი წელია, რაც "არხენტინოსშია", ის ჯერ 21 წლისაა.

ტურის კურიოზი
"რასინგისა" და "გოდოი კრუისის" მატჩი 2:2 მორჩებოდა, რომ არა მასპინძელთა მეკარე რობერტო ფერნანდესი... მეკარემ სტუმართა თავდამსხმელის დარტყმა აიღო და, თავისი ჭკუით, გუნდის შეტევა დაიწყო, თუმცა მცველისთვის ხელით გაკეთებული პასი დონდამ ჩაჭრა და ფერნანდესსაც სხვა გზა არ ჰქონდა - ფორვარდი მოცელა.

ტურის გოლები
პაულო ფერარი (რივერი): "ესტუდიანტესის" კარში.
ემანუელ ჯილიოტი (ოლ ბოისი): "ხიმნასიას" კარში.
გუსტავო ბლანკო (არსენალი): "კოლონის" კარში.

ვინ ვარდება
მაგარია - ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა და ჯერ ოფიციალურად ერთი გუნდიც კი არ გავარდნილა! მოკლედ, ბოლო ტურში საჩემპიონო ინტრიგის ნაცვლად თავი ამით უნდა შევიქციოთ.

მოგეხსენებათ, არგენტინაში გავარდნა ბოლო სამი სეზონის საშუალო მაჩვენებლით ხდება. ბრძოლა ისე დაიძაბა, რომ აქამდე მაჩანჩალა "კილმესსაც" კი კარგი შანსი გაუჩნდა პირდაპირ არ გავარდეს, თუკი ბოლო ტურში შინ "ოლიმპოს" დაამარცხებს.

ცხადი მხოლოდ ისაა, რომ სამი გუნდიდან (კილმესი, ხიმნასია, ურაკანი), ორი აუცილებლად პირდაპირ გავარდება და ერთი "პრომოსიონში" ითამაშებს.

"პრომოსიონის" მეორე "საგზურის" მოპოვების შანსი კი ერთბაშად სამ სხვა კლუბს აქვს (ოლიმპო, ტიგრე, რივერი). თუკი "ოლიმპო" "კილმესის" წინააღმდეგ უკეთ ითამაშებს, ვიდრე "რივერი" "ლანუსთან", მაშინ გადათამაშებაში მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ითამაშებს! არის კიდევ ერთი, გასაოცარი ვარიანტი - თუკი "ოლიმპო" და "რივერი" თავიანთ მატჩებს მოიგებენ და "ტიგრე" "არხენტინოსთან" ფრეს ითამაშებს - სამივე გუნდს ერთნაირი კოეფიციენტი დაუგროვდება! ამ შემთხვევაში კლაუსურა გაგვიგრძელდება, დამატებითი მატჩები დაინიშნება.

14. არსენალი 1,292
15. ტიგრე 1,265
16. რივერი 1,247

17. ოლიმპო 1,216
18. ურაკანი 1,106

19. ხიმნასია 1,106
20. კილმესი 1,054

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 18 11 3 4 34-16 36
2. ლანუსი 18 9 5 4 27-15 32
3. გოდოი კრუსი 18 9 4 5 32-28 31
4. არხენტინოსი 18 7 8 3 15-10 29
5. ოლიმპო 18 7 6 5 27-23 27
6. ბოკა 18 7 6 5 22-20 27
7. ინდეპენდიენტე 18 6 8 4 25-19 26
8. რივერი 18 6 8 4 14-13 26
9. ბანფილდი 18 7 5 6 23-23 26
10. ოლ ბოისი 18 7 4 7 14-18 25
11. ესტუდიანტესი 18 6 6 6 18-18 24
12. ტიგრე 18 6 6 6 24-25 24
13. რასინგი 18 7 2 9 24-24 23
14. არსენალი 18 5 7 6 24-22 22
15. სან ლორენსო 17 5 6 6 18-16 21
16. კოლონი 18 6 3 9 20-26 21
17. კილმესი 18 5 5 8 24-26 20
18. ხიმნასია 18 3 8 7 17-23 17
19. ურაკანი 18 3 5 10 17-37 14
20. ნიუელსი 17 3 3 11 15-32 12

ბომბარდირები: 11 - გუტიერესი (რასინგი); 10 - კამპორა (ურაკანი), სტრაკვალურსი (ტიგრე); 9 - ფუერტესი (კოლონი); 8 - ობოლო (არსენალი), დ. რამირესი (ველესი), ვალერი (ლანუსი); 7 - რომერო (ლანუსი), ს. სილვა (ველესი).

ბოლო ტური
17 ივნისი: არსენალი-ესტუდიანტესი.
18 ივნისი: არხენტინოსი-ტიგრე, ხიმნასია-ბოკა, ინდეპენდიენტე-ურაკანი, კილმესი-ოლიმპო, რივერი-ლანუსი, გოდოი კრუსი-ოლ ბოისი.
19 ივნისი: ნიუელსი-კოლონი, ბანფილდი-სან ლორენსო, ველესი-რასინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული