მესი: თამაში ისე მიყვარს, ჩემგან მწვრთნელი არ დადგება

AutoSharing Option
კოპა ამერიკის დაწყებამდე, "ბარსელონას" ლიდერმა და ტურნირის მასპინძელ არგენტინელთა მთავარმა იმედმა ლიონელ მესიმ გაზეთ Ole-ს ინტერვიუ მისცა.

- შეიძლება ითქვას, რომ ბატისტას გუნდს საბრძოლო ნათლობა ელის?
- არგენტინისგან ყოველთვის გამარჯვებას მოელიან. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნაკრებს თამაში სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უწევს. მაგრამ მგონია, რომ ეს წნეხი ჩვენზე დადებითად იმოქმედებს.

- დადებითად?
- დიახ, მოვიდა დრო, ახალი ფურცელი შევმატოთ ჩვენს საფეხბურთო ისტორიას. თანაც, თუკი თასს მოვიგებთ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებას უკვე მშვიდად შევუდგებით.

- როგორი იქნება თქვენთვის ამერიკის თასზე მეორედ გამოსვლა?
-
მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგი გუნდი შევკრიბეთ და "ბარსელონას" სტილში, პირველ ნომრად თამაშს შევეცდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა.

- 2007 წელს, ვენესუელაში გამართული ამერიკის თასის დროს კორესპონდენტმა გკითხათ, რომელი ელემენტის დახვეწა გჭირდებათო, რაზეც თქვენ უპასუხეთ: "თავისუფალი დარტყმების შესრულება". რას გააუმჯობესებდით ახლა?
- ყველაფერს. პროგრესირებისკენ გამუდმებით ვისწრაფვი - მინდა ვისწავლო ის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი და დავხვეწო ის, რაც შემიძლია. გვარდიოლასთან მუშაობამ ტექნიკის მხრივ ძალიან ბევრი შემძინა.

- და თავისუფალი დარტყმები?
- თავისუფალი დარტყმაც გავაუმჯობესე. საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობ.

- კოპა ამერიკა 2007-ის შემდეგ დიდად შეიცვალეთ?
- დიახ, მას შემდეგ გავიზარდე, ბევრს მივაღწიე "ბარსელონაში". ახლა ნაკრებში სხვა როლი, გუნდთან კი სხვა პასუხისმგებლობა მაკისრია.

- გაზრდილი პასუხისმგებლობა ზედმეტად არ გტვირთავთ, როგორ იტანთ მას?
- ნორმალურად. "ბარსელონაშიც" და ნაკრებშიც შემიძლია ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. გუნდში კარგი კოლექტივია - ერთმანეთს პატივს ვცემთ და კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს კი ყველაზე მთავარია.

- დი სტეფანო ირწმუნება, რომ მიღწეულით თუ არ დაკმაყოფილდებით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გახდებით. მიიჩნევთ თავს ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად?
- ოოო... მადლობა უფალს, ახლა მართლაც გასაოცარი აღმავლობის ხანა მაქვს და მინდა, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელო. იმედი მაქვს, ჩემი კარიერის მანძილზე კიდევ არაერთი ტიტულის მოვიგებ - როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე. მაგრამ, არ ვფიქრობ იმაზე, მაღიარებენ თუ არა საუკეთესოდ და არც წარსულის უდიდეს ფეხბურთელებს ვედრები.

- გაუმჯობესებული რეკორდები თქვენზე რამდენად მოქმედებს?
- ამის შესახებ გაზეთებიდან ვიგებ და მათ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რეკორდებზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა, კვლავ მოვიგო ჩემპიონატი, გავიდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

- ბატისტამ განაცხადა, რომ ნაკრებმა "ბარსელონას" სტილში უნდა ითამაშოს..
- ვფიქრობ, ჩვენ ეს შეგვიძლია. საკონტროლო მატჩებში ცხადი იყო, როგორ სურს თამაში არგენტინას: ბურთის კონტროლით, ინიციატივის ფლობით... ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამის განხორციელება შეუძლიათ. გუნდი ვითარდება და იზრდება და თუკი შევძლებთ თასის მოგებას, მომავალში უფრო გაგვიადვილდება ამ საფეხბურთო ფილოსოფიის გათავისება.

- თქვენ არგენტინაში უწინ საკმაოდ გაკრიტიკებდნენ. კეთილგანწყობას ახლა უფრო გრძნობთ?
- მიჭირს პასუხის გაცემა. იმედი მაქვს, ეროვნულ გუნდშიც ისე აეწყობა ყველაფერი, როგორც "ბარსელონაში" და ეს ძალიან მინდა. ნაკრებში ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანე - ყველა მხრიდან კრიტიკა მესმოდა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი დალაგდა.

- რთული პერიოდი როგორ დაძლიეთ?
- როგორც ყოველთვის - უბრალოდ, ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მე გუნდს ყველაფერს ვაძლევ, რისი მიცემაც შემიძლია და ეს ნაკრებსაც ეხება. ვერავინ ვერასდროს დამწამებს, რომ მე თავი დავზოგე.

- ოთხი წლის წინ ფინალში მარცხისთვის რევანშზე ფიქრობთ?
- მაშინ ჩემპიონობისთვის ყველაფერი გვქონდა: არგენტინა ტურნირზე საუკეთესო გუნდი იყო, ბრაზილია კი არ ბრწყინავდა, მაგრამ ფინალში ყველაფერი პირიქით მოხდა. ახლა ბრწყინვალე შესაძლებლობა გვაქვს, მოვიგოთ ტიტული, რომელიც ძალიან გვჭირდება.

- რას გრძნობთ, როცა ამბობენ: "მესის სანაკრებში გამარჯვებები არ სჭირდება".
- სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს... ნაკრებთან ერთად გამარჯვება სხვაზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ მწყურია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- მსოფლიოს ჩემპიონატზეც?
- დიახ. რატომღაც მგონია, რომ ეს სასიხარულო წუთები აუცილებლად დადგება.

- იმისათვის, რომ გუნდის კაპიტანი იყო, კარგად თამაშის გარდა ავტორიტეტითაც უნდა სარგებლობდე. თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტანი იყავით და ბატისტა ამ როლში მომავალშიც გხედავთ. თანაგუნდელებისთვის რით ხართ სამაგალითო?
- არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე ყოველთვის გუნდის საკეთილდღეოდ ვიღწვი. ასეა "ბარსელონაშიც" და ნაკრებშიც.

- რას იტყვით მასკერანოს კაპიტნის როლზე?
- საამისოდ მას ყველაფერი აქვს. ის ყველასათვის სამაგალითოა და გუნდი პატივს სცემს.

- შენიშვნას თქვენც გაძლევთ?
- რა თქმა უნდა. მოედანზე ყველაფერი საჭიროა.

- მართალია, რომ ტევესთან იჩხუბეთ?
- ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მუდმივად ვკონტაქტობთ, ერთამენთს სმს-ებს ვწერთ... ეგ ტყუილია, რასაც ამბობენ.

- თავს გავლენიან ადამიანად თვლით?
- ანუ?

- ჟურნალმა "თაიმმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაგასახელათ.
- რას ამბობთ? ეს ჩემთვის სიურპრიზია. ყოველთვის იმას ვცდილობ, რომ ჩვეულებრივ ადამიანად დავრჩე.

- მთავარ მწვრთნელობაზე გიფიქრიათ?
- არა, ამ როლში თავი ვერ წარმომიდგენია. მე ფეხბურთის თამაში მირჩევნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული