ფავორიტები და ფრეები [+VIDEO]

AutoSharing Option
A ჯგუფი
არგენტინა-ბოლივია 1:1 [იხილეთ ვიდეო]
არგენტინა: რომერო, ძანეტი, გ. მილიტო, ბურდისო, როხო, ბანეგა, მასკერანო, კამბიასო (46. დი მარია), ლავეცი (70. აგუერო), მესი, ტევესი.
ბოლივია: არიასი, ალვარესი, რივერო, გუტიერესი, რალდესი, რობლესი, ვაკა (63. ჩავესი), ფლორესი, კამპოსი (79. არსე), როხასი (69. კარდოსო), მორენო.
გოლები: 0:1 როხასი (47), 1:1 აგუერო (75)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა)

კოპა ამერიკა კურიოზული გოლითა და სენსაციური მატჩით დაიწყო - ტურნირის უპირობო ფავორიტმა არგენტინის ნაკრებმა ბოლივიელებთან მატჩში ქულები დაკარგა - 1:1. ის კი არა, მასპინძლები კარგა ხანს
იგებდნენ და სირცხვლისგან გუნდი შეცვლაზე შესულმა სერხიო აგუერომ გადაარჩინა.

ლა პლატაში პირველ მატჩს წინ გახსნის ცერემონიალი უძღოდა - რიგით 43-ე კოპა ამერიკა 26 მატჩით გაარკვევს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ვინაობას. გახსნის ცერემონიალს 53 ათასი ადამიანი დაესწრო ლა პლატას სტადიონზე, რომლის განახლების სამუშაოებმა 100 მილიონი დოლარი წაიღო.

პირველი 15 წუთი არგენტინის ნაკრების იერიშებში გავიდა, მასპინძელთაგან ყველაზე აქტიური ლიონელ მესი იყო. სწორედ მის პასს მოჰყვა პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი ბოლივიელთა კართან, თუმცა კარლოს ტევესის დარტყმული კარლოს არიასმა მოიგერია. არიასმა გამოიჩინა კიდევ ერთხელ თავი, როცა მოულოდნელად მის კართან ესტებან კამბიასო გაჩნდა, თუმცა ამ ეპიზოდში ხეირიანად ვერც არგენტინელმა ითამაშა.

მეორე ტაიმში კამბიასოს ნაცვლად გამოსული ანხელ დი მარიას წყალობით, არგენტინამ კიდევ უფრო თამამად შეუტია, მაგრამ გოლი მის კარში გავიდა. 47-ე წუთზე ბოლივიელებმა კუთხური მოაწოდეს და ედივალდო როხასმა ქუსლით გაიტანა. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია არგენტინელთა დაცვისა და მეკარის დოყლაპიობა. ამის შემდეგ ბოლივიელთა მეკარემ დი მარიასა და მესის დარტყმები გააუვნებელყო.

65-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა ძალიან სახიფათო გამოდგა - მარსელო მორენო მეკარე რომეროსთან პირისპირ დარჩა, ბოლივიელმა დრიბლინგით სცადა მეკარეს გაცდენოდა და შეცდა. ასე გადაურჩა არგენტინა მეორე გოლს.

70-ე წუთზე სერხიო ბატისტამ საქმეში კუნ აგუერო ჩართო, რომელმაც უხეიროდ მოთამაშე ლავეცი შეცვალა და ამან შედეგი გამოიღო. ხუთ წუთში აგუერომ ულამაზესი გოლი გაიტანა დაუმუშავებლად. ბოლო წუთები მასპინძლებმა შეტევებში გაატარეს, ამაოდ...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელეს, რომელმაც ოფიციალურ საიტზე ხმების 31% მიიღო.

სერხიო ბატისტა (არგენტინის მწვრთნელი): "გახსნის მატჩში ყველა ნერვიულობს. ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ - ნაკრებმა სწორი ტაქტიკით ვერ წარმართა მატჩი. ბოლივიამ შუახაზში დიდი სიმჭიდროვე შექმნა, რითაც ჩვენ ნახევარმცველებს გასაქანი არ მისცა. ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა ბურთი უკეთ და გაცილებით სახიფათოდ გვეთამაშა შეტევაში. მათი თამაშით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ჩვენი თავდამსხმელებისა მჯერა და კოლუმბიასთანაც ისინი ითამაშებენ".

სერხიო აგუერო (არგენტინა): "კოპაზე ყოველი მატჩი ძალიან რთული იქნება. ბოლივია კარგად შეგვებრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ წავაგეთ. ახლა ჩვენი მიზანი კოლუმბიელთა დამარცხებაა".

ლიონელ მესი (არგენტინა): "ახლა კარგად უნდა გავაანალიზოთ შეხვედრა და ვნახოთ, სად შევცდით. პანიკა საჭირო არაა, მომდევნო მატჩში ჩვენ უნდა ვიმარჯვოთ".

გუსტავო კინტეროსი (ბოლივიის მწვრთნელი): "ჩემთვის ეს შედეგი სულაც არ არის მოულოდნელობა. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვგეგმავდით. პირველი 25 წუთი არგენტინა უკეთ აკონტროლებდა ბურთს, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და შანსები ჩვენც გაგვიჩნდა. ეს არ არის ჩვენი პიკი, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ".

ედივალდო როხასი (ბოლივია): "შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. არგენტინაში არგენტინის ნაკრებს ფრე ვეთამაშეთ, ეს კი დიდებული შედეგია. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ბევრი ვიშრომეთ საამისოდ. ჩვენთვის მთავარია, ეს პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. ტურნირის დასაწყისში ყველას ერთნაირი შანსი აქვს წარმატების, მათ შორის - ბოლივიასაც. გოლი რომ გავიტანე, საოცრად გახარებული ვარ, თუმცა ჩემი გუნდის კარგი თამაში უფრო მახარებს".


კოლუმბია-კოსტა რიკა 1:0 [იხილეთ ვიდეო]
კოლუმბია: მარტინესი, ცუნიგა, პერეა, იეპესი, არმერო, ბოლივარი, აგილარი (33. როდალეგა), გუარინი, რამოსი, მორენო (69. გუტიერესი), ფალკაო (77. სოტო).
კოსტა რიკა: მორეირა, აკოსტა, დუარტე, კალვო, ლეალი, სალვატიერა, მორა, გუსმანი (73. კუბერო), მადრიგალი (71. მარტინესი), ბრენესი, კემპბელი (46. ელისონდო).
გოლი: 1:0 რამოსი (45)
გაძევება: ბრენესი (27)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადრიან რამოსი (კოლუმბია)

კოპა ამერიკაზე პირველ გამარჯვებას კოლუმბიის ნაკრებმა მიაღწია, რომელმაც სან სალვადორ დე ხუხუიში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა კოსტა რიკის ახალგაზრდული ნაკრები - 1:0. ამით A ჯგუფის მოულოდნელი ლიდერი გამოიკვეთა - კოლუმბიის ნაკრები. კოსტა რიკელები იშვიათად თუ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, რომელიც სრულ უპირატესობას ფლობდა. 27-ე წუთზე კოსტარიკელმა რანდალ ბრენესმა ერთობ იუხეშა მადრიდის "ატლეტიკოს" მცველ ლუის პერეას წინააღმდეგ, რისთვისაც ის მოედნიდან გააძევეს, თუმცა ამ შემთხვევამ მატჩის სიუჟეტი არ შეცვალა.

მალევე კოლუმბიელთა თავკაცმა ერნან დარიო გომესმა საყრდენი ნახევარმცველი აბელ აგილარი მოხსნა და მის ნაცვლად "უიგანის" შემტევი უგო როდალეგა ჩართო თამაშში. ტაიმი უგოლოდ სრულდებოდა, როცა ადრიან რამოსმა შესანიშნავი პასი მიიღო მოედნის ცენტრიდან, მოატყუა აქამდე ბწყინვალედ მოთამაშე გოლკიპერი და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში განსაკუთრებული ფრედი გუარინის პასი იყო, რომელმაც კოსტარიკელთა მთელი დაცვის ხაზი უსაქმოდ დატოვა.

მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა, კოსტა რიკა თავს იცავდა და ანგარიშის გათანაბრების სულ ორიოდე შანსი ჰქონდა. გამოვყოფთ, გუსმანის საჯარიმო დარტყმას, რომელიც ძალზე სახიფათო გამოდგა. კოლუმბიის ნაკრები კი ერთმანეთის მიყოლებით ანიავებდა შანსებს. ყველაზე სახიფათო მომენტი მათ 54-ე წუთზე შეექმნათ, როცა როდალეგას დარტყმული საოცარ ნახტომში მოიგერია მეკარე ლიონელ მორეირამ.

მატჩი ასევე მორჩა, რაც კოლუმბიის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლის დიდებულ შანსს აძლევს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან 2-2 გამარჯვებულის გარდა, ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის. "კაფეტეროს" შემდეგი მატჩი მასპინძელ არგენტინასთან ელის, რომელსაც შელახული პრესტიჟის აღსადგენად მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი, ადრიან რამოსი დაასახელეს. მან ოფიციალურ საიტზე ხმების 34,2% მიიღო. თუმცა ჩვენ უფრო წაგებულთა გოლკიპერ ლიონელ მოეირას გამოვარჩევთ - რომ არა ის, კოლუმბია ამ შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდა. მორეირა 21 წლისაა და სულ 180 სმ-ია სიმაღლეში.

ერნან გომესი (კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი იყო. კოპაზე პირველი გამარჯვების მოპოვება ყოველთვის ძალიან ძნელია. მეტოქისგან მწვრთნელს უფრო უკეთ ვიცნობდით, ვიდრე ფეხბურთელებს. კოსტარიკელებმა სივრცეები შეგვიზღუდეს და თავიანთი თამაში მოგვახვიეს. ბოლოს ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიში შეენარჩუნებინათ. რას იზამ, 3 ქულა მაინც 3 ქულაა და მისი დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა. საფეხბურთო დონე კონტინენტზე აშკარად თანაბრდება. ადრე კოსტა რიკა ასე თანაბრად ვერ გვეთამაშებოდა".

ლიონელ მორეირა (კოსტა რიკა): "მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩვენ წავაგეთ. ახლა ჩვენი მდგომარეობა ჯგუფში რთულია, თუმცა კიდევ ორი მატჩი დარჩა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა მხოლოდ ბოლივიელებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ".


B ჯგუფი
ბრაზილია-ვენესუელა 0:0 [იხილეთ ვიდეო]
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დ. ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი (75. ელანო), განსო, რობინიო (63. ფრედი), ნეიმარი, პატო (75. ლუკასი).
ვენესუელა: ვეგა, როსალესი, პეროსო, ვისკარონდო, სიჩერო, რინკონი, ლუსენა, გონსალესი (86. დი ჯორჯი), არანგო, მიკუ (77. მალდონადო), რონდონი (63. მორენო).

1999 წელს ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე 7 ბურთი გაუტანა ვენესუელას, ახლა კი... მანო მენეზესის გუნდი 90 წუთის განმავლობაში ამაოდ ეძებდა გზებს ჩრდილოელ მეზობელთა კარის დასალაშქრად და თან ამას ისეთ ტემპში აკეთებდა, რომ გულშემატკივრის ანტიპათია დაიმსახურა.

არადა, დაიწყო თამაში და ბრაზილია ეკვეთა მეტოქეს, რომელსაც მეტოქის მოედანზეც კი უჭირდა გადმოსვლა. 26-ე წუთზე პატომ შესანიშნავი შანსი მისცა ნეიმარს, მაგრამ ბრაზილიელთა ვარსკვლავთბიჭუნამ ვერ ივარგა. 38-ე წუთზე რობინიოს კარგი შანსი ნეიმარმა შეუქმნა, მაგრამ ვენესუელელთა მცველმა ოსკარ ვისკარონდომ საოცარი თავგანწირვის ფასად იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან, მან თითქმის წაქცეულმა ბურთი მხარით მოიგერია.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - მეორე ტაიმში თამაში თითქმის გათანაბრდა, ერთი-ორი შანსი ვენესუელელებსაც კი შეექმნათ. მენეზესმა საქმეში ფრედი, ლუკას სილვა და ელანო ჩართო, მაგრამ ამით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ვერაფერს მიაღწიეს, შემცვლელებმა თამაში ვერ გააძლიერეს. - 0:0. ბრაზილიელთაგან კარგად არავის უთამაშია, მაგრამ განსაკუთრებით სუსტი მათი 10 ნომერი განსო იყო.

9 ივლისს ბრაზილიის ნაკრები მეორე ტურის მატჩში პარაგვაის შეხვდება. ვენესუელის ნაკრები კი ეკვადორს შეხვდება.

როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, კოპა ამერიკა სუსტად დაიწყო - მართალია, ორი აშკარა სენსაციის მომსწრენი გავხდით, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად ცუდია. თუმცა ტურნირი ჯერ ახლა დაიწყო და ყველაფერი წინ გვაქვს - მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინაა.

პარაგვაი-ეკვადორი 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული