ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დ. ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი (75. ელანო), განსო, რობინიო (63. ფრედი), ნეიმარი, პატო (75. ლუკასი).
ვენესუელა: ვეგა, გონსალესი, პეროსო, ვისკარონდო, კიჩერო, რინკონი, ლუსენა, გონსალესი (86. დი გიორგი), არანხო, მიკუ (77. მალდონადო), რონდონი (63. მორენო).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (ბრაზილია)
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა ძალიან ცუდად დაიწყო - ტურნირის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ფავორიტმა, ლა პლატაში, ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერ ვენესუელასთან 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა.
ვენესუელას გუნდმა სამხრეთ ამერიკის
არადა, მანო მენეზეშის გუნდმა თითქოსდა ცუდად არ დაიწყო: ბრაზილია ბურთს ფლობდა და მისი შემტევი კვარტეტი ნეიმარი, განსო, პატო და რობინიო მეტოქის საჯარიმოს სახიფათოდაც უტრიალებდნენ აქეთ-იქიდან, მაგრამ ეს „ტრიალი“ სახეიროდ ვერ დაასრულეს. ყველაზე მწვავე მომენტი ის იყო, დანი ალვეშის პასით პატომ ძელს რომ გაარტყა ბურთი. იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც რობინიოს მიერ დაბლა დარტყმულ ბურთს გაწოლილმა ოსვალდო ვისკარონდომ მხრით გადაუღობა გზა. მისი მხარი ბრაზილიელებს ხელად მოეჩვენათ, მაგრამ ბოლივიელი მსაჯი რაულ ოროსკო ცამდე მართალი იყო პენალტი რომ არ დანიშნა.
მეორე ტაიმში მენეზეშმა მოედანზე ელანო, ფრედი და ლუკასი შეუშვა, მაგრამ ვერც „ახალმა სისხლმა“ გამოაცოცხლა თამაში. მეტიც, შესვენების შემდეგ ბრაზილიას საგოლე მომენტი კიდევ უფრო ნაკლები ჰქონდა, ვიდრე შესვენებამდე.
მატჩის შემდეგ მანო მენეზეშმა თქვა: „პირველ ტაიმში საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მეორეში სიმწვავე დავკარგეთ. შეტევის განვითარებას ორივე ფრთიდან ვცდილობდით, თუმცა სისწრაფე გვაკლდა. ვერა და ვერ მოვახერხეთ მეტოქის საჯარიმოში ჩვენი თავდამსხმელის გამოთავისუფლება. ვენესუელამ მუხლჩაუხრელი შრომა დაგვიპირისპირა“.
შემდეგ, მენეზეშმა პირობა დასდო, რომ 9 ივლისს, კორდობაში, პარაგვაისთან, ბრაზილია სხვა ფეხბურთს ითამაშებს:
„შემდეგი შეხვედრა სხვანაირი იქნება. არც მეტოქე ჩაიკეტება ვენესუელასავით, წინ წამოვა და ჩვენს კართან სცდის ბედს. ვფიქრობ, პარაგვაისთან უფრო დაბალანსებულ მატჩს ვიხილავთ, სადაც შეტევას თავდაცვა მოჰყვება და ასე შემდეგ“.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას გაუმართლა მისი მეტოქე მხოლოდ და მხოლოდ ვენესუელა რომ იყო. უფრო ძლიერი თავდამსხმელებით დაკომპლექტებული გუნდი მისი დაცვის აშკარა ნაპრალებს სათავისოდ გამოიყენებდა.
ვენესუელას მწვრთნელმა, სესარ ფარიასმა მატჩის შემდეგ ასე თქვა:
„დიახ, დღეს ჩვენ „კოპა ამერიკას“ ისტორიაში შევედით. ბედმა ასე ინება, შეჯიბრების პირველივე შეხვედრაში დიდ გუნდთან, ბრაზილიის ნაკრებთან მოგვიხდა თამაში და ვამაყობ, ამოცანას ღირსეულად რომ გავართვით თავი. ვენესუელა ის გუნდია, რომელსიც თუ საჭიროა უტევს, მაგრამ თუ სიტუაცია ითხოვს, დაცვაში გლადიატორივით იბრძვის“.
და ბოლოს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ. LG-ს სპონსორობით მიმდინარე ინტერნეტ გამოკითხვაში, ხალხის 25,94 პროცენტმა ორივე გუნდის მოთამაშეთაგან 19 წლის ბრაზილიელი ნეიმარი გამოარჩია.
„მე ფეხბურთს გამარჯვებისთვის ვთამაშობ, ფრე ნორმალურ შედეგად არ მიმაჩნია, თუმცა ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ეს მესიამოვნა. შემდეგ შეხვედრებში უკვე გოლებს გავიტანთ“ - თქვა ნეიმარმა მატჩის შემდეგ.
პარაგვაი-ეკვადორი 0:0
პარაგვაი: ვილარი, პირისი, და სილვა, ვერონი, ტორესი, ბარეტო (37. ვერა), რივეროსი, ორტიგოსა, ესტიგარიბია, ბარიოსი (73. ვალდესი), სანტა კრუსი (73. სებალოსი).
ეკვადორი: ელისაგა, რეასკო, არაუხო, ერასო, აიოვი, კასტილიო, ნობოა, ვალენსია (46. აროიო), მენდესი (81. ქუიროსი), ბენიტესი, კაესედო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარსელო ელისაგა (ეკვადორი)
სანტა ფეში პარაგვაისა და ეკვადორის შეხვედრაც უგოლოდ, ფრედ დასრულდა. „ესტადიო ბრიგადიერ ხენერალ ესტანისლაო ლოპესზე“ სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, რომელთა შორის, პირველ ტაიმში, ყველაზე მწვავე, სავარაუდოდ, ეკვადორელმა კრისტიან ბენიტესმა გაუშვა ხელიდან, თუმცა შესვენების შემდეგ პარაგვაიმ უკეთ ითამაშა და რომ მოეგო გასაკვირი არ იქნებოდა.
პირველი საგოლე მომენტიც პარაგვაელებისა გახლდათ: მე-12 წუთზე, მარსელო ესტიგარიბია მარცხენა ფრთიდან ორ მცველს გაუძვრა და ახლო ძელისკენ შესულმა პენალტის ნიშნულის ცოტა უკან ედგარ ბარეტოს დაუგორა, თუმცა ბარეტოს დარტყმულს მეკარე მარსელო ელისაგა დახვდა ვაჟკაცურად. ელისაგამ კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი. ჯერ იყო და მან როკე სანტა კრუსის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ნესტორ ორტიგოსას ახლოდან დარტყმულს გაართვა თავი.
ეკვადორს ამ პერიოდში თავი მაინცდამაინც არ გამოუჩენია, თუმცა 27-ე წუთზე აშკარად უნდა გაეტანა, ამ მომენტის შესახებ თავშიც მოგახსენეთ: ბენიტესმა დრიბლინგით სამი მცველი და მეკარე ჩამოიტოვა, მაგრამ კარში დარტყმა აღარ მოუხერხდა და ბურთი პაოლო და სილვამ წაართვა. შემდეგ, ნახევარმცველმა სეგუნდა კასტილიომ საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ძელთან ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმში პარაგვაიმ იყოჩაღა. 55-ე წუთზე ესტიგარიბია კვლავ მარცხენა მხრიდან შევიდა საჯარიმოში, მაგრამ მისი დაბალი დარტყმული ეკვადორელთა კარს შორეულ ძელთან აცდა. ამ ამბიდან რვა წუთში ეკვადორი მეკარე ელისაგამ იხსნა, როდესაც სანტა კრუსის თავური მოიგერია. ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი-ორი მომენტი, მაგრამ გოლები არ გასულა.
ხერარდო მარტინო (პარაგვაის ნაკრების არგენტინელი მწვრთნელი): „პირველი 20-25 წუთის განმავლობაში ჩვენ ვჯობდით მოწინააღმდეგეს. სწორედ ამ პერიოდში შეგვეძლო გოლი გაგვეტანა და უპირატესობა მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერ შევძელით. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი მოწინააღმდეგეს გადავაბარეთ და შესაბამისად, მოწინააღმდეგის კარს ვეღარც ვუტევდით.
შესვენების შემდეგ უპირატესობა კვლავ ჩვენ ჩავიგდეთ ხელთ. სასიამოვნო იყო, რომ საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ გატანით კვლავ ვერ გავიტანეთ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"