ჩილემ კუთხურებით იხეირა

AutoSharing Option
ჩილე-მექსიკა 2:1
ჩილე: ბრავო, კონტრერასი, პონსე, ხარა, ისლა, მედელი, ვიდალი, ბოსეჟური (60. პარედესი), ფერნადესი (83. კარმონა), სანჩესი, სუასო (91. ესტრადა).
მექსიკა: მიჩელი, ჩავესი, რეინოსო, მიერი, აკინო (74. პერალტა), აგილარი, რეიესი, არაუხო, ენრიკესი, ჯ. დოს სანტოსი, ლუგო (88. პაჩეკო).
გოლები: 0:1 არაუხო (40), 1:1 პარედესი (66), 2:1 ვიდალი (72).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსის სანჩესი (ჩილე)

როგორც იქნა, ჯგუფური ეტაპის I ტურის ბოლო მატჩში მაინც გავიდა გოლები უხვად და გულშემატკივარმაც თვალსასეირო ფეხბურთი იხილა. კოპა ძალიან ნელა დაიქოქა, თუმცა ეჭვსგარეშეა, წინ ძალიან საინტერესო მატჩები
გველის. ჯერჯერობით ხომ ტურნირის ყველა სავარაუდო ვარსკვლავი (უკლებლივ) ჩრდილშია, ახლა სცენაზე მათი გამოსვლის დროა.

მანამდე კი ჩილეს ნაკრებმა მექსიკელთა (რომელიც ფაქტობრივად ოლიმპიური ნაკრებია) ძლევით C ჯგუფში ბრწყინვალე სატურნირო მდგომარეობა შეიქმნა. კლაუდიო ბორგის გუნდს ბევრი აღარ აშორებს პლეი ოფამდე. არადა, სამხრეთამერიკელები 66-ე წუთამდე აგებდნენ კიდეც.

ქალაქი სან ხუანი ჩილესთან ახლოს მდებარეობს. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ იყო, რომ მექსიკელებთან შეხვედრაში "ბისენტარიო" ჩილელი ფანებით პირთამდე შეივსო. მაგრამ ამ ხალხს კარგა ხანს მოუწია ნერვიულობა, საათზე მეტი დრო ჩილე მექსიკის ახალგაზრდულ გუნდთან მარცხდებოდა.

პირველი ტაიმი რაღაცით ვარჯიშს ჰგავდა - თითქოს, ჩილელები შეტევაში ხვეწდნენ უნარ-ჩვევებს, მექსიკელები კი - დაცვაში. ამასობაში, ალექსის სანჩესსა და კომპანიას ათამდე შანსი შეექმნა, მაგრამ ვერც ერთით იხეირა. ყველაზე სახარბიელო მომენტი კი სწორედ "ბარსელონას" სავარაუდო ახალწვეულმა გაანიავა, როცა ფაქტობრივად მარტო დარჩა მეკარე მიჩელთან, მაგრამ ააცილა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეპიზოდში ალექსისი მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ არა ისეთიდან, რომ 45 მილიონ ევროდ შეფასებულმა ფორვარდმა ასე ააცილოს. ამის შემდეგ სანჩესმა დრიბლინიგით ცენტრიდან შეუტია მექსიკელთა კარს, თუმცა ის საჯარიმოს მისადგომებთან მექსიკელმა რეიესმა შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათიც მიიღო. გამეორებაზე გამოჩნდა, თითქოს, სანჩესი სიმულიანტობდა. საჯარიმო მატიას ფერნანდესმა ეშმაკურად შეასრულა, ბურთი ოდნავ აცდა მექსიკელთა კარს, თორემ მიჩელი მისი ამღები არ იყო.

არ გაიტან, გაგიტანენ - ამ დაუწერელმა კანონმა კლასიკურად იმუშავა სან ხუანში - მე-40 წუთზე მექსიკელებმა საჯარიმოში ჩამოაწოდეს, ბურთი შორეულ ძელთან მდგომ ნესტორ არაუხოს მიუვიდა, რომელსაც არავინ იჭერდა და ნახევარმცველმაც თავურით გახსნა ანგარიში.

ჩილე ამ გოლმა არ გატეხა, თუმცა შურისძიების ჟამი მხოლოდ მეორე ტაიმში დადგა. ახლა მექსიკელთა კართან ძალიან "ჩამოცხა", ჩილელები მთელი გუნდით უტევდნენ, მექსიკა კი ყრუ დაცვაზე გადავიდა. 66-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ყველაფერი კუთხურით დაიწყო, კონტრერასის დარტყმამ კი მეკარის ბაქანზე არეულობა გამოიწვია, რითაც ესტებან პარედესმა იხეირა. 6 წუთში ჩილემ გამარჯვებისა გაიტანა - ისევ კუთხური, რომელსაც არტურო ვიდალის ჩინებული თავური მოჰყვა.

ამის შემდეგ გუნდებმა ტემპს ისე უკლეს, თითქოს, უხილავმა ძალამ მათ გაჩერება უბრძანაო. მექსიკას ერთი ისე რა შანსი შეექმნა და სულ ეს იყო. მეორე ტურში ჩილე მენდოსაში ჩავა, სადაც კოპას ერთ-ერთ ფავორიტ ურუგვაის შეხვდება. ჯგუფის მეორე მატჩში (რომელიც ასევე მექსიკაში გაიმართება) პერუ მექსიკას დაუპირისპირდება.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 22 წლის ალექსის სანჩესი დაასახელეს.

ალექსის სანჩესი (ჩილე): "ჩვენ მშვიდად შევხვდით მატჩის ასეთ შემოტრიალებას. სწორედ ამიტომაც შევძელით ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვების გოლის გატანა. მექსიკა ძალიან რთული მეტოქე იყო, თუმცა კოპაზე ასეა, ყველასთან ჭირს მოგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული