კიდევ ერთი სიურპრიზი: კოსტა რიკა და კემპბელი

AutoSharing Option
ბოლივია-კოსტა რიკა 0:2
ბოლივია: არიასი, ალვარესი, რალდესი, რივერო, გუტიერესი, ფლორესი, რობლესი (67. ჩავესი), კამპოსი (80. გარსია), როხასი (67. პენია), არსე, მორენო.
კოსტა რიკა: მორეირა, დუარტე, აკოსტა, კალვო, სალვატიერა, გუსმანი, ლეალი, მორა (82. კუბერო), მარტინესი (81. ელისონდო), მადრიგალი (46. გევარა), კემპბელი.
გოლები: 0:1 მარტინესი (59), 0:2 კემპბელი (78)
გაძევება: რივერო (70), ფლორესი (75)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოელ კემპბელი (კოსტა რიკა)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 2 1 1 0 1-0 4
2. კოსტა რიკა 2 1 0 1 2-1 3
3. არგენტინა 2 0 2 0 1-1 2
4. ბოლივია 2 0 1 1 1-3 1

მომდევნო ტური
10 ივლისი
კოლუმბია-ბოლივია
11 ივლისი
არგენტინა-კოსტა რიკა

მსოფლიო ფეხბურთმა გუშინ
ახალი ტალანტი გაიცნო - 19 წლის ჯოელ კემპბელი "კოსტა რიკის" 37-გზის ჩემპიონ "დეპორტივო საპრისაში" თამაშობს, მაგრამ დიდ ხანს აღარ ითამაშებს! მან იმდენად კარგად ითამაშა ბოლივიასთან მატჩში, რომ აუცილებლად დააინტერესებს რომელიმე ევროპულ ან სამხრეთამერიკულ კლუბს.

ჯოელ კემპბელს კოსტა რიკის ნაკრებში 5 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. ბოლივიასთან მატჩში მან ხმების 45,5 პროცენტი მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კოსტა რიკამ ამ მოგებით A ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც 99% პროცენტით განაღდებული აქვს პლეი ოფში თამაში 4-ქულიანი კოლუმბიაა. არგენტინისთვის კი 99%-ით დამღუპველი იქნება უკანასკნელ ტურში კოსტა რიკასთან ფრე.

23 ივნისს კოსტა რიკის ნაკრების მცველი დენის მარშალი სან ხოსეში ტრელერს შეასკდა, დანიური "ოლბორგის" ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში პირველი სანაკრებო გოლი ამ შემთხვევამდე ხუთი დღით ადრე გაიტანა, ადგილზე დაიღუპა. გუშინ კოსტა რიკის ნაკრებმა გამარჯვება დენისის ხსოვნას მიუძღვნა და ყველა ის ჟესტი, რაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნის შვილებმა გოლების გატანისას გააკეთეს (რაც გარეშე თვალს უცნაურად მოეჩვენებოდა), მარშალის საპატივცემულოდ იყო.

ყველა მთავარი მოვლენა მეორე ტაიმში მოხდა, თუმცა მოსაწყენი არც პირველი ყოფილა. კოსტარიკელთა უფრო მწვავე შეტევები კი მართლა მოულოდნელობა იყო. ბოლივიელები თამაშის ტემპს კარნახობდნენ მეტოქეს, თუმცა მორეირას კართან ხიფათს ვერ ქმნიდნენ. მალე გამოჩნდა, რომ კოსტარიკელთა ბრძოლას შედეგი მოჰქონდა, ჯოელ კემპბელი კი ინდივიდუალურად სჯაბნიდა მეტოქე გუნდის მცველებს. ერთხელ მისი თავურის შემდეგ სამხრეთამერიკელები აშკარა გოლს გადაურჩნენ, როცა კარის ხაზიდან ბურთი (თავით) მცველმა გამოიტანა.

მეორე ტაიმში, როცა ბოლივიელები გადამწყვეტი იერიშებისთვის მოემზადნენ, ბურთი თავიანთ კარში მიიღეს - ყველაფერი ჯოელ კემპბელის პასით დაიწყო, ჯოშუა მარტინესმა კი დამატებაზე ივარგა. შემდეგ კი ხუთწუთიანი შუალედით ბოლივიას რონალდ რივერო და ვალტერ ფლორესი გაუძევეს. კემპბელმა შესანიშნავი გოლი უკვე 9-კაციან ბოლივიას გაუტანა.

რიკარდო ლა ვოლპე (კოსტა რიკის მწვრთნელი): "ამ მოგებით არგენტინის ნაკრებს შესაშური საქმე გავუკეთეთ. მათემატიკურად მათ გაცილებით აწყობდათ ჩვენი მოგება, ვიდრე ბოლივიელთა გამარჯვება. მაგრამ ჩვენთვის ამ შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ასეც თუ ისეც, ბოლო ტურში ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც უკანასკნელ მატჩში. დღეს ყველამ ვნახეთ, რა შეუძლია კემპბელს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ 20 წლისაც კი არაა".

მარსელო მორენო (ბოლივია): "ცხვირები არ უნდა ჩამოვუშვათ, ყველაფერი წინაა და პლეი ოფში გასვლა კვლავ შეგვიძლია. დღეს კი ჩვენ მართლა ცუდად ვითამაშეთ, კოსტა რიკამ კი დამსახურებულად მოიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული