მანომ, მესამე თამაშში გვნახეთო

AutoSharing Option
ბრაზილია-პარაგვაი 2:2
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დ. ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი (69 ლუკასი), განსო, ჟადსონი (46 ელანო), ნეიმარი (81. ფრედი), პატო.
პარაგვაი: ვილარი, ვერონი, და სილვა, ალკარასი, ტორესი, ვერა, რივეროსი (68 კასერესი), ორტიგოსა, ესტიგარიბია (78. მარტინესი), სანტა კრუსი, ბარიოსი (56. ვალდესი).
გოლები: 1:0 ჟადსონი (39), 1:1 სანტა კრუსი (55), 1:2 ვალდესი (67), 2:2 ფრედი (89)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: როკე სანტა კრუსი (პარაგვაი)

კიდევ კარგი ძველი დრო აღარ არის, ნაკრების ცუდი შედეგის გამო სან პაულუსა და რიოს ქუჩებში
ხალხი მანქანებს რომ უვარდებოდა. ის ეპოქა ისტორიამ და პელემ წაიღეს, ახალ დროებაში კი... თუმცა, მოდი, უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ რას ამბობს პენტაკამპეონთა თავკაცი მანო მენეზეში, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე კარგად აგვიხსნის რატომ ვერ მოუგო მისმა გუნდმა პარაგვაის, უფრო სწორედ კი, ბეწვზე როგორ გადარჩა პარაგვაელებთან წაგებთან.

„ეს გახლდათ თამაში, რომელიც ჩვენ უნდა მოგვეგო და ეს ვალდებულება ფეხბურთელებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ასეთ პირობებში ჩვენ შეცდომები დავუშვით და კინაღამ წავაგეთ კიდეც“ - თქვა მანომ, რომელმაც დასძინა, რომ მეორე შეხვედრაში ბრაზილიამ მაინც უკეთ ითამაშა ვიდრე პირველში, ვენესუელსათან, რომელიც 0:0 დამთავრდა.

მენეზეშმა ქომაგებს (რომლებიც აღარც მანქანებს უხტებიან და კორდობას სტადიონ „მარიო ალბერტო კემპესზე“ პარაგვაელებზე გაცილებით ნაკლებიც იყვნენ) აღუთქვა, რომ 13 ივლისს, ეკვადორთან, გუნდი კიდევ უფრო კარგად ითამაშებს.

პირველ შეხვედრასთან შედარებით პარაგვაის წინააღმდეგ ბრაზილიას ერთი მოთამაშით შეცვლილი შემადგენლობა ჰყავდა: რობინიოს ნაცვლად ჟადსონი თამაშობდა. როდესაც ამ ცვლილების მიზეზი ჰკითხეს, მანომ უპასუხა:

„ეს ტაქტიკური ხასიათის ცვლილება გახლდათ. ჩვენ ნახევარდაცვის გაძლიერება გვჭირდებოდა, რათა განსოს უფრო სრულყოფილად ემოქმედა“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელთა თავკაცმა არ დააზუსტა რას აპირებს მესამე შეხვედრაში, რობინიოს თერთმეტ კაცში დააბრუნებს, თუ რაიმე სხვა ვარიანტს მოსინჯავს.

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ გამოცდილმა გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა კი ყურადღება გადარჩენაზე გაამახვილა:

„თუ გავიხსენებთ, როგორ ვთამაშობდით და ანგარიში როგორ იცვლებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავ შედეგს გამოვკარით ხელი“.

ვისაც თამაში არ უნახავს, ჩვენს მიერ შეთავაზებული ოქმიდან მიხვდებოდა, რომ ბრაზილიას წაგებამდე აღარაფერი აკლდა - ფრედმა 89-ე წუთზე გაათანაბრა. არადა, ანგარიში პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე პენტაკამპეონებმა გახსნეს - ჟადსონმა დაბალი დარტყმით შეაგდო. საინტერესოა, რომ შესვენებისას მანო მენეზეშმა გოლის ავტორი ელანოთი შეცვალა. ბრაზილიას თითქოსდა ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა და პარაგვაი წელში გაეტეხა, მაგრამ პირიქით მოხდა - სანტა კრუსმა გაქვითა. ამ გოლში მარსელო ესტიგარიბიამ შესანიშნავი გარღვევით მიიღო დიდი მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პარაგვაელი ქომაგები ტრიბუნიდან „ერკულესის“ ფორვარდის, ვალდესის შეყვანას ითხოვდნენ. ნატვრა აუხდათ კიდეც - ის მოედანზე ბარიოსის ნაცვლად შევიდა და 66 წუთზე თავისიანები დააწინაურა. „ბარსელონას“ მცველის, დანი ალვეშის უხეშმა შეცდომამ კრისტიან რივეროსს ბურთის მოხელთებისა და ვალდესის საგოლე პოზიციაზე შეყვანის საშუალება მისცა.

თამაშის მიწურულს მენეზეშმა 19 წლის სენსაციად გამოცხადებული ნეიმარი ფრედით შეცვალა და გაუმართლა კიდეც. „ლიონის“ ყოფილმა მოთამაშემ განსოსგან ბურთი მიიღო და პარაგვაელთა გოკიპერი ხუსტო ვილარი სახტად დატოვა.

პარაგვაის ნაკრების მწვრთნელი ხერარდო მარტინო: „ჩვენი ამბიცია და ტემპერამენტი დამტკიცებას აღარ საჭიროებს. ორი თამაშიდან ორივე ფრედ ვითამაშეთ, არადა ორივე უნდა მოგვეგო. ვფიქრობ, ბურთის კონტროლის გაუმჯობესება გვჭირდება. გარდა ამისა, როდესაც დიდი სახელის მქონე გუნდებს ვეთამაშებით, შეტევაში მეტი სითამამე გვმართებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული