სანჩესს გადაურჩნენ

AutoSharing Option
ურუგვაი-ჩილე 1:1
ურუგვაი: მუსლერა, პერეირა (77. ლოდეირო), ლუგანო, კოატესი, კასერესი, პერესი, რიოსი (84. ეგურენი), პერეირა, კავანი (46. გონსალესი), ფორლანი, სუარესი
ჩილე: ბრავო, კონტრერასი, პონსე, ხარა (60. ვალდივია), ისლა, მედელი, ვიდალი, ბიუსეჟური (73. კარმონა), ხიმენესი, სანჩესი, სუასო (73. პერედესი)
გოლები: 1:0 პერეირა (53), 1:1 სანჩესი (64)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები ურუგვაისთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ მშვიდად იყვნენ - ისინი ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელნი რჩებოდნენ და C ჯგუფის ცხრილსაც სათავეში მოქცეოდნენ. „როხას“ ანუ წითლების თავკაცმა
კლაუდიო ბორგიმ პრეს კონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ თავისი გუნდის მობილიზებითა და შინაგანი წონასწორობით ძალიან კმაყოფილი დარჩა, მითუფრო, რომ თავიდან ურუგვაი იგებდა.

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი მოთამაშეების გუნდური მოქმედებებით. ასეთი თამაშით მოპოვებული ერთი ქულა მირჩევნია ცუდად ნათამაშებ, ოღონდ მოგებულ შეხვედრას“.

შემდეგ, 46 წლის არგენტინელ სპეციალისტს, რომელსაც მეტსახელად ბიჩის ეძახიან, ჰკითხეს, არის თუ არა ჩილეს ნაკრები „კოპა ამერიკას“
გუნდთა შორის საუკეთესო - ჯერჯერობით ჩატარებული მატჩების მიხედვით ბევრ სპეციალისტსა და გულშემატკივარს სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა. ბორგიმ, უპასუხა:

„ასეთი რამის განცხადება დიდი ქედმაღლობა იქნებოდა. ჩილემ ურუგვაისთან კარგად ითამაშა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჩამორჩა, არც ანერვიულებულა და ბურთსაც შესანიშნავად აკონტროლებდა“.

ბრაზილიური „პალმეირასის“ 27 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა, ვენესუელაში დაბადებულმა ხორხე ვალდივიამ კი ხაზი გაუსვა, რომ „სელესტასთან“ მატჩი ძალიან რთული იყო, რადგამ „კოპა ამერიკაზე“ თამაშის ჩამოყალიბებული სტილი მხოლოდ ამ ორს გუნდს აქვს.

24 წლის ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კი ასე თქვა:

„დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. ერთ მომენტში ბურთი ძელსაც გავარტყით, იყო სხვა მომენტებიც. და მაინც, ყველაზე მთავარი არ-წაგება გახლდათ. ჯგუფს სწორედ ამის წყალობით ვლიდერობთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. აქ, „მალვინას არხენტინასზე“ უამრავი ჩილელი მოვიდა. ეს ხალხი „კოპა ამერიკას“ ჩემპიონის ტიტულს იმსახურებს“

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ალექსის სანჩესი დაასახელეს. მას ხმა „კოპა ამერიკას“ ოფიციალური საიტის მომხმარებელთა 28,8 პროცენტმა მისცა. „უდინეზეს“ 22 წლის თავდამსხმელმა, რომლესაც „ბარსელონაში“ გადასვლის შანსი აქვს და საერთოდაც, ჯერჯერობით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირია, ჩილელთა ყველა მთავარ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და ანგარიშიც გაათანაბრა. ჩილელებს ბოლო შეხვედრა 12 ივლისს პერუსთან ელით.

ურუგვაის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 24 წლის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კი ასე თქვა:

„ახლა მხოლოდ მექსიკის ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. ჯერჯერობით, „კოპა ამერიკას“ მომგებს აქ მხოლოდ ორი გუნდი ჰგავს: ურუგვაი და ჩილე“.

ურუგვაისა და მექსიკის შეხვედრაც 12 ივლისსაა დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული