3 გმირი: ბატისტა, აგუერო და მესი

AutoSharing Option
A ჯგუფი
არგენტინა-კოსტა რიკა 3:0
არგენტინა: რომერო, საბალეტა, ბურდისო, გ. მილიტო, ძანეტი, მასკერანო, გაგო, აგუერო (85. ლავეცი), მესი, დი მარია (80. ბილია), იგუაინი (80. პასტორე).
კოსტა რიკა: მორეირა, აკოსტა, დუარტე, კალვო (46. ბრენესი), სალვატიერა, მორა, კუბერო, ლეალი, ელისონდო (57. ვალე), კემპბელი, მარტინესი (46. მადრიგალი).
გოლები: 1:0 აგუერო (45), 2:0 აგუერო (53), 3:0 დი მარია (64)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა)

საბოლოო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 3 2 1 0 3-0 7
2. არგენტინა 3 1 2 0 4-1 5
3. კოსტა რიკა 3 1 0 2 2-4 3
4. ბოლივია 3 0 1 2 1-5 1

როგორც იქნა! - არგენტინის ნაკრებმა დაახლოებით ისე ითამაშა,
როგორც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ. ეს კი სამი კაცის დამსახურება გვგონია: პირველი სერხიო ბატისტაა, რომელიც მიხვდა, რომ სასტარტო შემადგენლობიდან სასწრაფოდ მოსაცილებელი იყვნენ კარლოს ტევესი და ესეკიელ ლავეცი. სერხიო აგუერომ და გონსალო იგუაინმა გაცილებით მეტი გააკეთეს ერთ მატჩში, ვიდრე ზემოთნახსენებმა დუეტმა - წინა ორში. გამოადგა გუნდს ესტებან კამბიასოს ანხელ დი მარიათი ჩანაცვლებაც.

თამაშის წინ, კოსტარიკელთა თავკაცი, არგენტინელი რიკარდო ლა ვოლპე იმედოვნებდა, რომ მისი თანამემამულეები მაინცდამაინც ამ თამაშის წინ არ გამოფხიზლებულიყვნენ. თუმცა არგენტინას, გარდა იმისა, რომ მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, ბატისტას კიდევ ერთი გამაღიზიანებელი სწორედ ლა ვოლპე იყო, რომელმაც პირველი ტურის შემდეგ გაბედა და თქვა, არგენტინის ნაკრები გუნდი არ არისო. ახლა კოსტარიკელთა თავკაცი ნაწილობრივ საკუთარ ენაგრძელობასაც უნდა "უმადლოდეს" 0:3 მარცხს ამ "არაგუნდთან".

პირველი ტაიმის ერთ სტატისტიკურ მონაცემს მოვიყვანთ, რომელიც ყველა სიტყვაზე მეტყველია - არგენტინელებმა მეტოქის კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, ხოლო მათმა მეტოქემ - ერთხელ. ამ 18-დან მიზანს ბოლო დარტყმამ მიაღწია - მორეირამ არგენტინელთა დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა კუნ აგუერომ დაამატა და არგენტინის ნაკრექბს ზურგიდან ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნა.

მატჩის ქრონიკაში მესი აქამდე არ გვიხსენებია, თუმცა ის იყო არგენტინელთა თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი (მას გვარიანად ეხმარებოდა ფერნანდო გაგო). მეორის დასაწყისში კი "ლა პულგას" პასით მეკარესთან პირისპირ კუნი გავიდა და მანაც არ გააწბილა კორდობაში შეკრებილი გულშემატკივარი. ამ მომენტამდე არგენტინის ნაკრების ყველა გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ მესიმ საგოლე პასი დი მარიას გაუკეთა. სხვათა შორის, "მარიო კემპესზე" ნაკრების მხარდასაჭერად თავად მარიო კემპესიც იყო მისული...

ამ ჯგუფიდან კოლუმბია პირველი ადგილით გავიდა პლეი ოფში, არგენტინა - მეორეთი, კოსტა რიკა კი უნდა დაელოდოს, რა მოხდება სხვა ჯგუფებში.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მესიმ მიიღო (არგენტინის სამი მატჩიდან 2-ჯერ მან გაიმარჯვა), მან ხმების 36% მიითვალა. "ოლე, ოლე, ოლე მესი" - გაჰყვიროდა კორდობაში შეკრები 57 ათასი ფანი.

ლეო მესი (არგენტინა): "ნამდვილი და სულ სხვა კოპა სწორედ ამ ეტაპიდან იწყება. ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს, რომ გადამწყვეტ ეტაპზე საუკეთესონი ვიყოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ასეთი მხარდაჭერისთვის".

სერხიო ბატისტა (არგენტინის მწვრთნელი): "ჩვენ სწორედ ეს თამაში გვჭირდებოდა, რომ ფეხბურთელებს თავიდან ერწმუნათ თავიანთი შესაძლებლობების. დღეს ვიყოჩაღეთ, წინა ორი მატჩისგან განსხვავებით. მესი ნამდვილი მარგალიტი იყო, მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, ჩვენ რომ გვსურდა".

რიკარდო ლა ვოლპე (კოსტა რიკის მწვრთნელი): "არგენტინას ბურთი ვერ წავართვით, ვერც ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მხოლოდ თავს ვიცავდით. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, ბიჭებო, თუ ბურთს ვერ შეინარჩუნებთ, "ბაი ბაი" უთხარით ტურნირს. ჩათვალეთ, რომ თქვენ მოგკლეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა რეკორდზე რატომ არ წავიდა?
papai
10:25 03-02-2020
2
ეროვნული კაცი!
ჯეკო
08:21 03-02-2020
5

სიახლეები პოპულარული