როცა არ იცი, რა სჯობს

AutoSharing Option
ჩილე-პერუ 1:0
ჩილე: პინტო, პონსე, კარმონა, ხარა, სილვა (78. მედელი), ფიერო (58. სანჩესი), ესტრადა, ბოსეჟური, ხიმენესი, პარედესი (58. ვალდივია), სუასო.
პერუ: ლიბმანი, აკასიეტე (46. ვილჩესი), რევორედო, კორსო, კარმონა, გევარა (69. ლობატონი), რამოსი, ბალონი, გონსალესი (76. კარილო), ჩიროკე, რუიდიასი.
გოლები: 1:0 კარილო (90 ს.კ.)
გაძევება: კარმონა (61), ბოსეჟური (61)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვილიამ ჩიროკე (პერუ)

უცნაური თამაში გაიმართა მენდოსაში - მიუხედავად იმისა, ჩილესა და პერუს შორის დაპირისპირება ჯგუფის უკანასკნელი ტურის მატჩი იყო, არც ერთმა გუნდმა არ იცოდა, რა შედეგი სჯობდა მათთვის სამომავლო
პერსპექტივაში.

მეოთხედფინალის საგზური ორივეს (თამაშამდე 4-4 ქულა ჰქონდათ) უკვე "ჯიბეში ედო". ამ შეხვედრაში გამარჯვება I ადგილის დაბევებას ნიშნავდა, პირველადგილოსნის მეტოქე მეოთხედფინალში კი B ჯგუფის მეორეადგილოსანია, რომელიც დიდი შანსია, ბრაზილიის ნაკრები იყოს. მეორე ადგილზე გასვლა არგენტინასთან რანდევუს ნიშნავდა, ხოლო წაგება და მესამე ადგილი სავარაუდოდ კოლუმბიას დააჯახებდათ.

მწვრთნელებმა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, გადახალისებული შემადგენლობებით ეთამაშათ და ბედს მინდობოდნენ - ანუ, რაც იქნებოდა იქნებოდა! და ეს ყველაფერს ეტყობოდა, თამაშის ტემპს, ხარისხს, ფეხბურთელთა მონდომებას და ასე შემდეგ, ფეხბურთის ერთგული ბოლომდე მხოლოდ ჩილედან ჩამოსული ათიათასობით გულშემატკივარი იყო და კიდევ, ალბათ, შეცვლაზე შესული ალექსის სანჩესი. მას ახლა მთელი მსოფლიო უყურებს, დღედღეზე, შეიძლება, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდეს და...

მოკლედ, არეულ თამაშს ასეთივე შედეგი მოჰყვა - თამაშის მიწურულს, ორმხრივი ჩხუბის შემდეგ, რის გამოც პერუელი ჯანკარლო კარმონა და ჩილელი ჟან ბოსეჟური გააძევეს, კურიოზული გოლი გავიდა პერუელთა კარში, რომელიც ერთ უწყინარ კუთხურს მოყვა, დაპანიკებულმა მცველმა ანდრე კარილომ საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში მორჩა და გუნდებმა კვლავ არ იცოდნენ, ვის ეთამაშებიან მეოთხედფინალში.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამარცხებული გუნდის შემტევი ვილიამ ჩიროკე აღიარეს. მან ხმების 20,5% მიიღო. პერუელთა მე-18 ნომერმა თავი შესაშური ტაქტიკური განსწავლობით, კარგი პასებითა და ბრწყინვალე დრიბლინგით გამოიჩინა.

ანტონიო გონსალესი (პერუ): "წაგება ბრაზილიელი არბიტრის ბრალია, რომელმაც ძალიან გაგვირთულა მიზნის მიღწევა. ჯანკარლო კარმონას არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ გაეძევებინათ. წესით, მსაჯს მხოლოდ ჩილელი ბოსეჟური უნდა გაეძევებინა".

კლაუდიო ბორგი (ჩილეს მწვრთნელი): "ცუდია იმაზე საუბარი, თითქოს, არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან შანსი არა გვაქვს. ჩვენი გუნდი თამაშობს ისე, როგორც ფავორიტს ეკადრება. მუდამ უტევს და დამსახურებულად იკავებს ჯგუფში პირველ ადგილს. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ მეოთხედფინალს სან ხუანში ვატარებთ, ანუ ისევ ვიგრძნობთ თავს, საკუთარ ქვეყანაში - ჩილელი გულშემატკივრების ჩამოსვლა გარანტირებულია".

უმბერტო სუასო (ჩილე): "ჩვენი ნაკრები მზადაა დიდი მიზნის აღსასრულებლად - ჩვენ კოპას მოგება შეგვიძლია".

C ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 3 2 1 0 4-2 7
2. ურუგვაი 3 1 2 0 3-2 5
3. პერუ 3 1 1 1 2-2 4
4. მექსიკა 3 0 0 3 1-4 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული