კვლავ დაჯგუფებული ჯგუფი

AutoSharing Option
პარაგვაი-ვენესუელა 3:3
პარაგვაი: ვილარი, ვერონი, და სილვა, ალკარასი, ტორესი, ვერა (70. სანტანა), რივეროსი, ორტიგოსა, ესტიგარიბია (84. კასერესი), ბარიოსი, სანტა კრუსი (42. ვალდესი).
ვენესუელა: ვეგა, როსალესი, ვისკარონდო, პეროსო, ჩიჩერო, გონსალესი (75. გონსალესი), დი გიორგი, რინკონი, ოროსკო (66. მიკუ), არისმენდი (63. არანგო), რონდონი.
გოლები: 0:1 რონდონი (5), 1:1 ალკარასი (33), 2:1 ბარიოსი (62), 3:1 რივეროსი (84), 3:2 მიკუ (89), 3:3 პეროსო (90).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკას ბარიოსი (პარაგვაი)

სალტაში, „პადრე მარტეარენას“ სტადიონზე ვენესუელამ პარაგვაის თამაშის მიწურულს ორი გოლი გაუტანა და... ანგარიში გაუთანაბრა.
ასეთმა ანგარიშმა გული არც ერთ გუნდს დაწყვიტა და არც მეორეს - ორივე გუნდი „კოპა ამერიკის“ მეოთხედფინალში მოხვდა.

ანგარიში B ჯგუფის მოულოდნელმა ლიდერმა, ვენესუელამ გახსნა, თუმცა პარაგვაიმ ძალა მოიკრიბა და სამით უპასუხა. თითქოსდა, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, საქმეც მომთავრებული ჩანდა, მაგრამ ვენესუელა არ დანებდა. კაცმა რომ თქვას, რომც დანებებულიყო, თავი მაინც ქუდში ჰქონდა, რადგან კარგ მესამეზე გადიოდა, მაგრამ გუნდმა თავმოყვარეობა და მებრძოლი სულისკვეთება გამოამჟღავნა. თან, ყურადღება მიაქციეთ შეხვედრის ბოლო ორი გოლის წუთებს: შეცვლაზე შესულმა მიკუმ სხვაობა ერთამდე 89-ე წუთზე შეამცირა, გრენდი პეროსომ კი მსაჯის წამატებულ დროში გაქვითა.

პარაგვაელთა თავკაცი ხერარდო მარტინო თამაშამდე ამბობდა, რომ ეს შეხვედრა მისი გუნდისთვის სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობისა იყო, მაგრამ... ყველაფერი საშინლად დაიწყო - ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ოსკარ ორტიგოსამ საკუთარ საჯარიმოსა და ცენტრს შორის ბურთი დაკარგა, რითაც „მალაგას“ მოთამაშე რონდონმა ისარგებლა და 20 მეტრიდან შედეგიანად დაუმიზნა მეტოქის კარს. 30-ე წუთზე ყმაწვილ ვარსკვლავ ალექსანდერ გონსალესს შეეძლო მეორე გოლის შეგდება, მაგრამ ხეირიანი პოზიციიდან ააცილა.

ამ ამბიდან ორ წუთში კი პარაგვაიმ გაქვითა: აურელიანო ტორემა ჯარიმა ჩააწოდა, ლუკას ბარიოსმა თავური დაარტყა, მაგრამ ბურთი ჯერ ძელს, შემდეგ კი მეკარეს მოხვდა და რაღაცნაირად გარეთ გამოძვრა, სადაც ვენესუელელ მცველებს სრული კოშმარი დაეწყოთ, მდგომარეობა ვერაფრით განმუხტეს და ანტოლინ ალკარასმა გაქვითა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე პარაგვაელებმა როკე სანტა კრუსი შეცვალეს და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამბავი გუნდის მეორე გოლის საწინდარი ყოფილა: კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სწორედ სანტა კრუსის ნაცვლად შესულმა ჰაედო ვალდესმა დაჰკრა, დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბარიოსმა დაამატა და გაიტანა. 84-ე წუთზე კი პარაგვაიმ მესამე შეაგდო - რივეროსმა ვეგას თავურით აჯობა, მაგრამ, ბოლო წუთებში ის ორი ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთა შესახებ დასაწყისში მოგახსენეთ.

მაყურებელმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად პარაგვაელი ლუკას ბარიოსი დაასახელა, რომელიც მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა:
„იმას, რაც მოხდა, ვერაფრით შევეგუები. ვენესუელას გამარჯვებას ვულოცავ, რადგან, რაც მოხდა, ჩვენთვის წაგება იყო. ჩვენ, დღევანდელი ამბავი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. რასაკვირველია, ყველაფერზე მთავარი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით, მაგრამ ამ ფრემ ძალიან მწარე გემო დაგვიტოვა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული