კოპა ამერიკა 2011: ჯგუფური დასკვნები

AutoSharing Option
ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. მოდი, შევაფასოთ კოპას მონაწილე 12-ივე გუნდი. 12-დან 4-ისთვის ეს საბოლოო შეფასება იქნება, რადგან კოსტა რიკის, ბოლივიის, ეკვადორისა და მექსიკის ნაკრებებმა უკვე დატოვეს ტურნირი


A ჯგუგი
კოლუმბია

კოლუმბიელებმა ჯგუფი მოიგეს, თუმცა ეს მათ კარგად თამაშის გარეშე მოახერხეს. "კაფეტეროსს" ძალიან უჭირს გოლების გატანა. ეს კარგად გამოჩნდა არგენტინასთან მატჩში, როდესაც მათ ორი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავეს. კოლუმბიამ გააკეთა ის, რასაც ისედაც ელოდნენ მისგან - მოუგო ბოლივიასა და კოსტა რიკას. ერთადერთი შოკისმომგვრელი არგენტინასთან ფრე იყო, მაგრამ აქ უფრო არგენტინელთა "დამსახურებას" ვხედავთ.
ფალკაო სერიოზული ძალაა, გუნდი, რომელიც ამ ფორვარდს გაანეიტრალებს, გაანეიტრალებს კოლუმბიასაც.

არგენტინა
ფავორიტთაგან ყველაზე დიდი იმედგაცრუება არგენტინამ შემოგვთავაზა. ბოლივიასთან და კოლუმბიასთან ფრის "მიღწევას" მოხერხება უნდა. და ბოლოს, როგორ ჩავუთვალოთ გუნდს აქტივში კოსტა რიკის 22-წლამდელთა ნაკრებთან გამარჯვება? არგენტინა ძალიან არასტაბილური იყო და პირდაპირ დამოკიდებული იყო ლეო მესის თამაშზე. რაც უნდა მოხდეს შემდგომში, არგენტინა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გვესუსტება. შეიძლება, სწორედ ამის გამო მწვრთნელი გამოცვალონ და ბოლოს და ბოლოს ნამდვილი სპეციალისტი დანიშნონ.

კოსტა რიკა
არავინ ელოდა, რომ ცენტრალური ამერიკის შვილები ბოლივიას მოუგებდნენ. არცთუ ცუდია ახალგაზრდული გუნდისთვის.

ბოლივია
პირველი შოკი ბოლივიისაა - მათ არგენტინას ქულები დააკარგვინეს, ის კი არა, უგებდნენ კიდეც. შემდეგმა მატჩებმა კი აჩვენა, რომ ამ გუნდს ძალიან ბევრი უკლია სრულყოფილებამდე. კოპაზე ბოლივიაზე უარესი მხოლოდ ერთი ნაკრები შევნიშნეთ.


B ჯგუფი
ბრაზილია

ორი მიზეზია, რის გამოც ბრაზილიელთა წაფორხილება ისე დრამატულად არ აღიქმება, როგორც - არგენტინელების. პირველი, ბრაზილია არ არის ტურნირის მასპინძელი, მეორე - არგენტინა სუსტ ნაკრებებს შეხვდა, ბრაზილია კი - ძლიერებს. ჩვენი აზრით, ამ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული პარაგვაი კოლუმბიასაც სჯობს, მით უფრო ბოლივიასა და კოსტა რიკას. ეკვადორის 4:2 დამარცხების შემდეგ, ისე ჩანს, რომ ბრაზილიამ გაიღვიძა. გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდებს, ნეიმარსა და განსოს დრო ესაჭიროებოდათ უფრო გამოცდილ თანაგუნდელებთან შესათამაშებლად. შესაძლოა, ბრაზილიის პრობლემაც მხოლოდ ეს იყო, შესაძლოა - არა. ამას პლეი ოფი გვიჩვენებს.

ვენესუელა
ბრავო - გუნდი ყველას იოლი საკბილო ეგონა ბრაზილიისთვის და პარაგვაისთვის, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ნახა. სამხრეთ ამერიკაში სუსტი ნაკრები აღარ არის, ამის თქმა ვენესუელელთა პროგრესის შემდეგ შეგვიძლია. სხვათა შორის, საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი აქვთ.

პარაგვაი
ძლიერი დაცვა პარაგვაის საფირმო ნიშანია, მაგრამ შეტევაში მოსამატებელი აქვთ. ბრაზილიასთან რე-მატჩი მათთვის ფინალივითაა.

ეკვადორი
ეს არის მაღალმთიანეთის გუნდი, საკმარისია ეკვადორი მშობლიურ მთებს მოაშორო, რომ კონკურენტუნარიანობას კარგავს.


C ჯგუფი
ჩილე

ჩილელთა ორი უპირატესობა სხვა ქვეყნის ნაკრებებზე გუნდური თამაში და პრესინგია. ეს არის ძალიან კარგად შეთამაშებული ნაკრები. მაგრამ დავინახეთ სისუსტეებიც, თუნდაც პერუსთან მატჩში, ჩილემ მხოლოდ ბოლო წუთზე, ბრმა გოლის წყალობით მოიგო და ჩილე ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც უსუსტესმა მექსიკამ გოლი გაუტანა.

ურუგვაი
ურუგვაის ნაკრები კვლავ სოლიდური გუნდია, მაგრამ ის ბერდება. დიეგო ფორლანმა 2010 მუნდიალზე დატოვა ჯადოსნური ჯოხი, მას მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. რაც ჩვენ ვნახეთ, ურუგვაის მეტი პოტენციალი აქვს შეტევაში, ვიდრე არგენტინას, დაცვა კი ძალიან კარგია. ერთადერთი, სახიფათოა მათი ხელოვნური თამაშგარეები, ერთხელაც თავად არ გაებან ამ მახეში.

პერუ
ამ გუნდში პაოლო გერერო და ხუან ვარგასი ბრწყინავდნენ. ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში, თუმცა პერუ მეტად სერიოზული მეტოქეა.

მექსიკა
უსუსტესი ნაკრები ტურნირზე, შედეგები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. იქნებ, მომავალში მექსიკის ნაკრები აღარ დაპატიჟონ კოპაზე, ან ამ ქვეყანაში სერიოზულად მოეკიდნონ კოპას და დისციპლინას ეროვნულ გუნდში. იქნებ, იქნებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული