პერუმ რუბიკონი გადალახა

AutoSharing Option
კოლუმბია-პერუ 0:2
კოლუმბია: ლ. მარტინესი, სუნიგა, პერეა, იეპესი, არმერო, სანჩესი (112. ჯ. მარტინესი), აგილარი (104. გუტიერესი), გუარინი, მორენო, რამოსი (72. როდალეგა), ფალკაო.
პერუ: ფერნანდესი, რევორედო, რამოსი, როდრიგესი, ვილჩესი, ადვინკულა (46. ლობატონი), ბალბინი, კრუსადო (118. ბალონი), ვარგასი, ჩიროკე (95. იოტუნი)
გოლები: 0:1 ლობატონი (101), 0:2 ვარგასი (111)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან ვარგასი (პერუ)

მატჩის შემდეგ პერუს ნაკრების ურუგვაელი მწვრთნელი სერხიო აპრაჰამ მარკარიანი, რომელსაც შვიდიდან 18 წლამდე ბავშვობა არგენტინაში აქვს გატარებული, ნახევარფინალში გასვლისთვის ღმერთს მადლობას სწირავდა.

„დიდება უფალს დღევანდელი გამარჯვებისთვის, - თქვა
მან. - კოლუმბიას პენალტი რომ გაეტანა სულ სხვა ამბის მომსწრენი გავხდებოდით. ამ შეხვედრაში ჩემმა ფეხბურთელებმა უდიდესი ძალისხმევისა და დისციპლინის წყალობით გაიმარჯვეს, რაც ძნელი იყო, რადგან მეტოქე საოცარი ენერგიისა და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე გუნდი იყო“.

მარკარიანმა თქვა, რომ მისმა მოთამაშეებმა იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ცუდად წავიდოდა:

„ჩვენი გუნდი თანდათანობით სწავლობს, როგორ მოიგოს. პერუს ნაკრებს აღარ სჭირდება მარცხის გაიშვიათებული ჟანგბადისთვის, წვიმისა და მცხუნვარე მზისთვის დაბრალება. ბიჭებმა ერთსულოვნად ითამაშეს და გაიმარჯვეს. რომ არა ერთსულოვანი გუნდური მოქმედებები, დავმარცხდებოდით. მეტიც, დღეს შესაძლოა სწორედ ის თამაში შედგა, რომელიც პერუს ნაკრების ცხოვრებას მანამდელ და შემდგომ პერიოდებად დაჰყოფს. დღეს ჩვენ მარტო „კოპა ამერიკაზე“ კი არ გადავდგით დიდი ნაბიჯი, არამედ ზოგადად, როგორც კოლექტივმა. ამიერიდან ჩვენ სულ სხვა გუნდი ვიქნებით“.

კოლუმბიის ნაკრების თავკაცმა ერნან „ბოლილო“ გომესმა კი დამარცხება ფალკაოს მიერ მეორე ტაიმის მე-20 წუთზე ვერგატანილ პენალტს დააბრალა. მან თქვა:

„საქმე დამატებით დრომდე სულ არ უნდა მიგვეყვანა, მაგრამ რას იზამ. ფეხბურთს ასეთი რაღაცები სჩვევია. არადა, ცუდად არ გვითამაშია. რამდენიმე საგოლე მომენტიც გვქონდა... პენალტებს კი ფალკაო, როგორც წესი, მიზანში არტყამს. მაინცდამაინც დღეს გაუმრუდდა ფეხი. ბოლივიასთან გაიტანა, დღეს კი ვერა“.

პერუს ნაკრებს გამარჯვება ქვეყნის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ოილანტა უმალამაც მიულოცა.

„გმადლობთ ბიჭებო! ჩვენი ხალხი ამ სიხარულისთვის დიდ მადლობას გიძღვნით. პერუს სიყვარულითა და მონდომებით ყოველთვის დიდ საქმეებს გავაკეთებთ“.

ამრიგად, კარლოს ლობატონისა და ხუან ვარგასის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლებით პერუს ნაკრებმა კოლუმბია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მანამდე, შეხვედრას საკვანძო მომენტი ჰქონდა - კოლუმბიელთა ვარსკვლავმა ფალკაომ პენალტი ვერ გაიტანა. კიდევ ერთ ეპიზოდში, მისმა მეწყვილე-ფორვარდმა, დაირო მორენომ (სწორედ მისი წაქცევის გამო დაინიშნა ხსენებული თერთმეტმეტრიანი) ძლიერი დარტყმით პერუელთა კარის ძელი შეაზანზარა, მეორე ნახევრის მიწურულს კი ფრედი გუარინის „გასროლილს“ რაულ ფერნანდესმა თითი ჰკრა და შემდეგ ბურთი კვლავ ძელმა აისხლიტა.

აქ ჩავურთავთ, რომ კოლუმბიამ მეოთხედფინალში ამაყად შეაბიჯა, A ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა, პერუ კი ჩ ჯგუფის მესამე ადგილით გაძვრა, მაგრამ, მათ შეხვედრაში მოხდა ის, რაც პლეი-ოფების ისტორიაში ადრეც ბევრჯერ მომხდარა - გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, წინასწარმეტყველება რად გვინდა, როდესაც ყველამ კარგად დაინახა, რომ ზოგადად კოლუმბიამ უკეთ ითამაშა, პერუმ კი, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მეტი სიზუსტე გამოიჩინა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმი მოსაწყენი იყო, მოვლენები მეორე ნახევრიდან განვითარდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „კოპა ამერიკას“ ოფიციალური ვებ-გვერდის, წ მომხმარებელმა პერუს ნაკრებისა და იტალიური „ფიორენტინას“ 27 წლის მცველ-ნახევარმცველი ხუან ვარგასი დაასახელა. ვარგასს მიმდინარე ტურნირზე ეს პატივი მეორედ ერგო. ამჯერად მას 19,5 პროცენტმა მისცა ხმა.

„ამ დაძაბული შეხვედრის ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარულმა გამაძლებინა - თქვა საუკეთესომ - ჰაერი აღარ მყოფნიდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი. ბიჭებს ვერ ვუღალატებდი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული