ურუგვაი ფინალშია

AutoSharing Option
პერუ-ურუგვაი 0:2
პერუ: ფერნანდესი, როდრიგესი, აკასიეტე, ვილჩესი, კარმონა, იოტუნი (53. ჩიროკე), ბალბინი (90. ბალონი), კრუსადო, ვარგასი, გერერო, ადვინკულა (60. ლობატონი).
ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, კასერესი, რიოსი, გარგანო (70. ეგურენი), გონსალესი, ა. პერეირა, ფორლანი, სუარესი (70. ერნანდესი).
გოლები: 0:1 სუარესი (52), 0:2 სუარესი (57)
გაძევება: ვარგასი (69)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (ურუგვაი)

სუარესი აგუეროს დაეწია
კოპას ეყო მოულოდნელობები და სენსაციები - ურუგვაის ნაკრებმა ლა პლატაში ფავორიტის რანგში ითამაშა და არ წააგო (რაც ამ ტურნირზე უკვე იშვიათობაა) და თასისთვის ბრძოლას
აგრძელებს.

მეორე ტაიმში ყველაზე მოხერხებულმა და მეტოქის კარზე დაგეშილმა, ანუ "ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა ორჯერ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში სერხიო აგუეროს წამოეწია. აგუერო უშანსოდაა, კარგა ხანია არგენტინელი მომავალ ტრანსფერზე ფიქრობს, მისთვის კოპა მორჩა, ხოლო ურუგვაელს კიდევ ერთი მატჩი რჩება.

პირველი ტაიმი არ იყო ცუდი სანახავი, უპირატესობა ურუგვაისი იყო, პერუ კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. "სელესტეს" რიგებში მარჯვენაფლანგელი მაქსი პერეირა აქტიურობდა, მეკარე რაულ ფერნანდესის საჯარიმოში კი ხშირად იქმნებოდა ქაოსური სიტუაცია, პერუელთა დაცვა, ცოტა არ იყოს, დაბნეული თამაშობდა. ტაიმის ბოლოსკენ ურუგვაელებმა გოლიც კი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა ის სამართლიანად არ ჩათვალა (თამაშგარე მდგომარეობა).

მეორე ტაიმი ურუგვაელთა შეტევებით გაგრძელდა, 52-ე წუთზე დიეგო ფორლანმა საკმაოდ შორიდან სცადა ბედის ცდა და გამოუვიდა, ფერნანდესი შეცდა და ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, იქვე კი ამ საქმის დიდოსტატი სუარესი გაჩნდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. პერუმ შოკის გადატანა ვერ მოასწრო, როცა ყველაფერი გადაწყდა - გოლიდან ზუსტად 5 წუთში ალვარო პერეირამ მარცხენა ფლანგიდან გრძელი პასით სუარესი მოძებნა, პერუელი მცველები ამაოდ ითხოვდნენ ოფსაიდის გამო (რომელიც სინამდვილეში არ იყო) თამაშის შეჩერებას, ლივერპულელმა ოსტატურად მოატყუა წინ გამოვარდნილი მეკარე და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე პერუ 10 კაცის ამარა დარჩა, მათმა ლიდერმა ხუან ვარგასმა იდაყვი ჩაარტყა სახეში მეტოქის მცველ სებასტიან კოატესს.
სუარესს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, ფორლანმა ბრწყინვალე პასი გადააწოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ლუისს ფეხი აუცურდა. ამის შემდეგ პერუც გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე კარგა გვიანი იყო. პაულო გერეროს შორეული დარტყმული ფერნანდო მუსლერამ ხელში ვერ შეიმაგრა, მაგრამ გამეორებითი ნახტომით იხსნა კარი. ფერნანდო ერთობ მოწადინებული იყო, კარი მშრალად შეენახა, იმ დღეს ხომ ის "გალათასარაის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი დაასახელეს, სუარესმა ხმების 31,7% მიიღო.

ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი): "პერუს ნაკრებმა დღეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია. დღეს მალე მოვრჩებით ზეიმს, რადგან უკეთ მოვემზადოთ მთავარი მატჩისთვის. ჩვენი ოცნება თასის მოპოვებაა. ჩვენ ფინალში ვართ, თუმცა არ ვართ ფავორიტები. ამ ტურნირს საერთოდ არ ჰყავს ფავორიტი".

ალვარო პერეირა (ურუგვაი): "გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია და მე უზომოდ ბენდიერი ვარ, თუმცა მიწას არ უნდა ავცდეთ, ტურნირი ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ თასი ჩვენ დაგვრჩება".

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის მწვრთნელი): "ჯერ ადრეა მე-15 ტიტულზე ფიქრი. წინ ფინალია, მთავარი და ყველაზე რთული მატჩი. ის, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იქნება, ეჭვიც კი არ გვეპარება, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მე-2 ნახევარფინალურ შეხვედრაში. ორივე შემთხვევაში შანსები თანაბარი იქნება".

პაულო გერერო (პერუ): "ერთი რამის თქმა ამაყად შემიძლია, პერუმ ყველაფერი გაიღო ამ მატჩში, თუმცა ჩვენ გვაკლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები. დღეს დავმარცხდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ვფიქრობ, ეს გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ბარიერს აუცილებლად გადალახავს".

მატჩის სტატისტიკა
პერუ - ურუგვაი
259 ზუსტი პასი 216
40 უზუსტო პასი 37
3 ზუსტი ჩაწოდება 3
11 უზუსტო ჩაწოდება 15
24 ზუსტი გრძელი პასი 14
24 უზუსტო გრძელი პასი 30
11 დრიბლინგი 5
6 წარუმატებელი დრიბლინგი 4
14 მოგებული ორთაბრძოლა 20
2 წაგებული ორთაბრძოლა 5
3 კარში დარტყმა 5
6 უზუსტო დარტყმა 4
16 ჯარიმა 22
40 ბურთის მოპოვება 16
2O თამაშგარე 2
50% ბურთის ფლობა 50%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული