კოპას მორიგი საოცრება: 5 მატჩი 5 ფრე, მაგრამ გუნდი ფინალშია

AutoSharing Option
პარაგვაი-ვენესუელა 0:0
პენალტებით 5:3
პარაგვაი: ვილარი, კასერესი, ვერონი, და სილვა, პირისი, ბარეტო (70. ესტიგარიბია), რივეროსი, ორტიგოსა, სანტანა, ვალდესი (74. სანტა კრუსი (80. მარტინესი)), ბარიოსი.
ვენესუელა: ვეგა, როსალესი, ვისკარონდო, პეროსო (46. რეი), ჩიჩერო, დი ჯორჯი, ლუსენა, გონსალესი (84. მალდონადო), არანგო, რონდონი, მორენო (72. მიკუ).
პენალტების სერია: გაიტანეს - ორტიგოსა, ბარიოსი, რივეროსი, მარტინესი, ვერონი (პარაგვაი), მალდონადო, რეი, მიკუ (ვენესუელა), ვერ გაიტანა - ლუსენა (ვენესუელა).
გაძევება: სანტანა (102)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან არანგო (ვენესუელა)

ქართველი გულშემატკივრები დილით რომ მისხომოდნენ ტელევიზორებს, კოპა ამერიკას მეორე ნახევარფინალური
მატჩი ჯერ დასრულებულიც არ იქნებოდა - პარაგვაისა და ვენესუელას გუნდები ჩვენი დროით დილის რვისკენ შეუდგნენ პენალტების სერიას, რომელმაც გამარჯვებული პარაგვაის ნაკრები გამოიყვანა. ამ ქვეყნის ფეხბურთზე გადაკლული ლამაზმანი ლარისა რიკელმე, ვფიქრობთ, პირობის შესრულების დიდი საფრთხის წინაშეა - თუკი პარაგვაის ნაკრები ფინალში ურუგვაის მოუგებს, მაგრამ შეიძლება ვაჭარბებთ და ეს მისთვის საფრთხე კი არა სიამოვნებაა...

პარაგვაი კოპა ამერიკას 1953 წლის და 1979 წლების ჩემპიონია (მაშინ ლარისა რიკელმე ჯერ დაბადებული არ იყო, თორემ სათანადოდ აღნიშნავდა მისი საყვარელი გუნდის მიღწევას). ახლა ეს გუნდი მორიგი, მე-3 ტიტულისკენ პენალტების სერიით მიიწევს, მეოთხედფინალშიც პარაგვაელებმა მეკარე ხუსტო ვილარისა და ბრაზილიელი პენალტისტების უკიდურესი უნიათობის გამო უკეთ მოთამაშე ბრაზილია კოპას მიღმა დარჩა. ვილარმა 120 წუთი გაუძლო მეტოქის შეტევებს და პენალტების სერიაში 1 აიღო, დანარჩენი კი მეტოქის დამრტყმელებმა უბრალოდ ააცილეს.

ასე მოვიდა პარაგვაი ნახევარფინალამდე, სადაც მას ერთ დროს კონტინენტის ყველაზე სუსტი გუნდი - ვენესუელა დაუხვდა. ვენესუელა ახლა ერთობ ანგარიშგასაწევი ძალაა და ეს ამ თამაშმაც ცხადჰყო.

ამჯერადაც ისტორია გამეორდა, მართალია, ვენესუელა მთლად ბრაზილიის სტილში ვერ თამაშობდა, მაგრამ მეტოქეს მაინც სჯობდა და ხუსტო ვილარის კართან მომენტებს ქმნიდა, განსაკუთრებით ჩამოცხა (არადა, მენდოსაში ციოდა, თითქმის, ყინავდა - შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა შუა ზამთარია) პარაგვაელთა კართან დამატებით ტაიმებში, მაგრამ ვილარმა გაძლო და გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა. ვენესუელელი ფრანკლინ ლუსენას გაცუდებული პენალტი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში - პარაგვაიმ 5:3 მოიგო და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდმა შექმნა საგოლე შანსები, პირველი პარაგვაიმ შეუტია და მცველ დარიო ვერონის თავური ვენესუელელთა მეკარე რენი ვეგამ მოიგერია. 21-ე წუთზე ნელსონ ვალდესმა საკმაოდ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ამ ეპიზოდში ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა მისმა მეწყვილემ შეტევაში ლუკას ბარიოსმა. ხსენებულმა ეპიზოდმა, თითქოს, ერთიანად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა - ახლა უკვე ვენესუელას იერიშების დრო დადგა. 31-ე წუთზე მათმა მცველმა ოსკარ ვისკარონდომ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თანამსაჯმა ალამი შემართა. 45-ე წუთზე სალომონ რონდონმა როგორ ვერ გაიტანა საოცარია, ხუსტო ვილარმა სულ ბოლო წამს მიუსწრო ბურთს.

მეორე ტაიმში, თითქოს, გუნდები გამოცვალესო, ტემპმა იკლო, შეტევების სურვილი ჩაქრა. არადა, თუკი რომელიმე ნაკრებს ამ კოპაზე გამოარჩევ ლაღი თამაშით, პარაგვაი და ვენესუელაა. გუნდები შეეგუენ, რომ ძირითადი დრო ვერაფერს გადაწყვეტდა.

დამატებით ტაიმებში ვენესუელელთა უპირატესობა აშკარა იყო, შეცვლაზე შესულმა მიკუმ ჯანკარლო მალდონადოს პასი მიიღო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხუან არანგომ გაიმეორა იგივე საჯარიმო დარტყმიდან. ამ დროს მოედანზე საუკეთესო ხუსტო ვილარი იყო. პირველი დამატებითი ტაიმის მე-12 წუთზე პარაგვაი 10 კაცის ამარა დარჩა - ნახევარმცველი ჯონათან სანტანა გაუძევეს. რის შემდეგაც პარაგვაის ნაკრები ყრუ დაცვაზე გადავიდა და მიზანსაც მიაღწია - თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა.

მოკლედ, კოპა ამერიკაზე პარაგვაის ნაკრებმა 5 მატჩი ითამაშა, ხუთივე ფრედ დაასრულა, პლეი ოფის ორი შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგო და ფინალში გავიდა. ვენესუელელი ნახევარმცველი ხუან არანგო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან ხმების 24,8% მიიღო.

ამ მატჩში სასტარტოში არ ყოფილა როკე სანტა კრუსი, რადგან ის ფეხს იტკიებდა. ბოლოს მაინც გამოჩნდა ნელსონ ვალდესის ნაცვლად, მაგრამ 5-6 წუთში შესაცვლელი გახდა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ტკვილი იგრძნო და შეხვედრის გაგრძელება არ შეეძლო. მან აგრეთვე დასძინა, რომ ფინალში, ალბათ, ვერ ითამაშებს.

კვირას ბუენოს აირესში, პარაგვაის ნაკრები ფინალში ურუგვაის შეხვდება. ერთი დღით ადრე კი ვენესუელა და პერუ მე-3 ადგილისთვის ითამაშებენ.
ჯანკარლო მალდონადო (ვენესუელა): "უფრო შორსაც შეგვეძლო გასვლა, მაგრამ არ გაგვიმართლა - პენალტების სერია ხომ ჩვეულებრივი ლატარიაა. მართალია, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, ქვეყანა ვასახელეთ, მაგრამ ყველას გული გვტკივა, რადგან ასე ახლოს ფინალთან არასოდეს ვყოფილვართ, ვენესუელა ხომ ნახევარფინალშიც პირველად თამაშობდა. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გველის და გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ".

ხუსტო ვილარი (პარაგვაი): "ძალიან გაგვიჭირდა ამ შეხვედრის მოგება. გუნდმა ვერაფრით ითამაშა ის ფეხბურთი, რაც ძალგვიძს. ფინალში ასე რომ ვითამაშოთ, აუცილებლად წავაგებთ, რადგან ურუგვაელთა თამაში ვნახე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. მათ ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ, ჩვენი ამოცანა პირველ რიგში მათი ნეიტრალიზებაა".

სესარ ფარიასი (ვენესუელას მწვრთნელი): "მსაჯმა არ ჩაგვითვალა გოლი, ჩემმა ფეხბურთელებმა სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, შევქმენით მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი და მხოლოდ პენალტების სერიაში გვაჯობეს. რას იზამ, ფეხბურთში ასეც ხდება - ჩვენ თავაწეულები ვტოვებთ ტურნირს, ერთი მატჩიც კი არ წაგვიგია და გულშემატკივარს კარგი ხარისხის ფეხბურთი შევთავაზეთ".

მატჩის სტატისტიკა
355 ზუსტი პასი 184
55Uნ უზუსტო პასი 58
5 ზუსტი ჩაწოდება 9
18 არაზუსტი ჩაწოდება 20
28 ზუსტი გრძელი პასი 24
43 არაზუსტი გრძელი პასი 29
6 დრიბლინგი 5
3 დრიბლინგის მცდელობა 3
36 მოგებული ორთაბრძოლა 12
4 წაგებული ორთაბრძოლა 6
5 ზუსტი დარტყმა 9
6 უზუსტო დარტყმა 8
16 ჯარიმა 25
70 ბურთის მოპოვება 43
6 თამაშგარე 3
4 კუთხური 7
58% ბურთის ფლობა 42%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული