კოპა ამერიკა 2011: დუბლ ვაი-ს ფინალი

AutoSharing Option
ასეთ ფინალს არავინ ელოდა, არც ასეთ კოპას - პირველად ისტორიაში ტოპ ოთხეულში ვერ მოხვდნენ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებები. სენსაციები კარგია, თუ მათ თან აუტსაიდერთა მოულოდნელი გაბრწყინებები ერთვის, მაგრამ, სიმართლე ვთქვათ - არგენტინაში მოულოდნელობები უფრო ფავორიტთა უნიათო თამაშის გამო ხდებოდა.

სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ვარსკვლავთა სამჭედლო ტურნირმა მსოფლიოს ახალი სახელები ვერ მისცა. წარმოიდგინეთ, ახლებიდან ყველაზე იმედისმომცემი... კოსტარიკელი ჯოელ კემპბელი გვგონია. ეს კი კოპას კრიზისზე მიუთითებს. რითი დაამახსოვრდება საფეხბურთო სამყაროს წლევანდელი ტურნირი? არგენტინისა და ურუგვაის სუპერდერბის თუ არ ჩავთვლით, პოზიტიურს ბევრ
ვერაფერს ჩამოვთვლით.

ისე კი, კი ბატონო - ზემოთ ერთი უკვე ვახსენეთ, დავუმატებთ: ფინალში გავიდა გუნდი, რომელსაც 5 მატჩიდან ერთიც კი არ მოუგია, ბრაზილიის ნაკრებმა "მოახერხა" და პენალტების სერიაში 4-დან 4 პენალტი ვერ გამოიყენა, არგენტინამ და ბრაზილიამ ჯამში ორი შეხვედრა მოიგეს და ასე შემდეგ...

მაშ ასე, ხვალ ბუენოს აირესის "მონუმენტალზე" კოპა ამერიკას რიგით 43-ე გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაირკვას - ერთმანეთს ურუგვაის და პარაგვაის ნაკრებები ხვდებიან. პირველად ფინალში ასეთი წყვილია. თუკი ურუგვაის ნაკრები მოიგებს, ის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდება - "სელესტემ" კოპა აქამდე 14-ჯერ მოიგო (ამდენჯერვე მოგებული აქვს არგენტინას), პარაგვაი კი ტიტულს ორჯერ შეწვდა. ურუგვაელთა ტრიუმფი ბოლოს 1995 წელს მოხდა, პარაგვაელთა კი შორეულ 1979 წელს.

გზა ფინალამდე
ურუგვაი


ჯგუფი

ურუგვაი-პერუ 1:1
(სუარესი)
ურუგვაი-ჩილე 1:1
(ა. პერეირა)
ურუგვაი-მექსიკა 1:0
(ა. პერეირა)

მეოთხედფინალი
ურუგვაი-არგენტინა 1:1 (5:4)
(პერესი)

ნახევარფინალი
ურუგვაი-პერუ 2:0
(სუარესი 2)


პარაგვაი
პარაგვაი-ეკვადორი 0:0
პარაგვაი-ბრაზილია 2:2
(სანტა კრუსი, ვალდესი)
პარაგვაი-ვენესუელა 3:3
(ალკარასი, ბარიოსი, რივეროსი)

მეოთხედფინალი
პარაგვაი-ბრაზილია 0:0 (2:0)

ნახევარფინალი
პარაგვაი-ვენესუელა 0:0 (5:3)

ფინალს ბრაზილიელი არბიტრი სალვიო ფაგუნდეში განსჯის. სტადიონი კი, მოგეხსენებათ, არგენტინულია. აი, ამით ამოიწურება არგენტინისა და ბრაზილიის მონაწილეობა ფინალში. კოპას გამარჯვებული 2013 წლის კონფედერაციათა თასზე იასპარეზებს, რომელიც მუნდიალის გენერალური რეპეტიციაა და ბრაზილია უმასპინძლებს.

ფინალში "სელესტეს" რიცხობრივი უპირატესობა ექნება ტრიბუნებზე. მხოლოდ 6 ათასი ბილეთი მონტევიდეოში გაიყიდა, ბევრმა ურუგვაელმა კი ფინალის ბილეთი ბუენოს აირესშივე შეიძინა.

პარაგვაის კი ლარისა რიკელმე და 2-3 ათასი ფანი თუ უგულშემატკივრებს. პარაგვაის დისკვალიფიცირებული ჰყავს მწვრთნელი ხერარდო მარტინო. პარაგვაელთა პრობლემები ამით არ ამოიწურება, მათ არ ეყოლებათ ფორვარდი როკე სანტა კრუსი და მცველი აურელიანო ტორესი. სამაგიეროდ, ურუგვაის ბანაკში ტრავმირებული ედინსონ კავანიც გამოჯანმრთელებულა და, შესაძლოა, ითამაშოს.

ურუგვაი VS პარაგვაი (სტატისტიკა)
ურუგვაი - პარაგვაი
1060 ზუსტი პასი 1447
217 უზუსტო პასი 223
22 ზუსტი ჩაწოდება 19
72 უზუსტო ჩაწოდება 74
92 ზუსტი გრძელი პასი 116
167 უზუსტო გრძელი პასი 209
33 წარმატებული დრიბლინგი 27
18 წარუმატებელი დრიბლინგი 15
107 მოგებული ორთაბრძოლა 162
25 წაგებული ორთაბრძოლა 38
25 ზუსტი დარტყმა 22
41 უზუსტო დარტყმა 29
108 ჯარიმა 85
99 ჯარიმა (მათზე) 89
139 ბურთის მოპოვება 201
9 თამაშგარე 17
227 ბურთის ფლობა (წთ) 251

23 ივლისი. ლა პლატა. 23:00
მატჩი მე-3 ადგილისთვის

პერუ-ვენესუელა
პერუ (სავარაუდო): ფერნანდესი, კარმონა, აკასიეტე, როდრიგესი, ვილჩესი, ბალბინი, იოტუნი, ბალონი, კრუსადო, გერერო, ადვინკულა.
ვენესუელა (სავარაუდო): ვეგა, როსალესი, რეი, ვისკარონდო, ჩიჩერო, ლუსენა, გონსალესი, რინკონი, არანგო, მიკუ, რონდონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული