ჭკვიანი პერუ და უსამართლო წითელი

AutoSharing Option
პერუ-ვენესუელა 4:1
პერუ: ფერნანდესი, რევორედო, რამოსი, როდრიგესი, იოტუნი, კორსო, კრუსადო (78. კასტრილონი), ლობატონი (60. გევარა), ბალბინი, გერერო, ჩიროკე.
ვენესუელა: ვეგა, რეი, ვისკარონდო, როსალესი, კიჩერო, სეიხასი (46. ლუსენა), გონსალესი (67. არანგო), რინკონი, ოროსკო, მალდონადო, მიკუ (61. რონდონი).
გოლები: 1:0 ჩიროკე (41), 2:0 გერერო (63), 2:1 არანგო (77), 3:1 გერერო (89), 4:1 გერერო (90)
გაძევება: რინკონი (ვენესუელა 58)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პაოლო გერერო (პერუ)

პერუს ნაკრების მწვრთნელმა, ურუგვაელმა სერხიო მარკარიანმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ვენესუელას წინააღმდეგ მისმა გუნდმა ყველაზე ჭკვიანური ფეხბურთი ითამაშა,
რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა.

„მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის რაც მათ მოედანზე გააკეთეს, როგორც იქცეოდნენ და თამაშობდნენ. მინდა, აგრეთვე, დიდი მადლობა გადავუხადო პერუელ გულშემატკივარს, რომელიც მთელი შეჯიბრების განმავლობაში ერთგულად სდევდა ნაკრებს თან და ამხნევებდა.“

საინტერესოა, რომ ასეთი კმაყოფილების მიუხედავად მარკარიანმა თქვა, რომ „კოპა ამერიკაზე“ მესამე ადგილის მოპოვება წარმატება არ არის. პერუს ნაკრებს არაფერი მოუგია და ახლა, გუნდმა მთელი ყურადღება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაზე უნდა მოიკრიბოს.

გამოცდილმა სპეციალისტმა ერთი საგულისხმო დასკვნაც გააკეთა. მისი აზრით, ახლა უკვე დასრულებულ შეჯიბრებაში გუნდები დაცვაში იკეტებოდნენ, თითქოს შეტევის მოსაფიქრებლად და მოსამზადებლად დრო არ ჰქონდათო. შემდეგ კი მარკარიანმა პერუს ნაკრებისა და გერმანული „ჰამბურგის“ 27 წლის თავდამსხმელი, მესამე ადგილისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, პაოლო გერერო შეაქო. მწვრთნელმა თქვა:

„მან დიდი საქმე გააკეთა. გერეროს გარეშე ჩვენი გუნდის შეტევა ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა. ღვთის მადლით, ამიერიდან ის იგრძნობს რას ვითხოვ მისგან ნაკრებში და შესაბამისადაც ითამაშებს.“

აღსანიშნავია, რომ გერერო „კოპა ამრიკას“ მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ამჯერად მან შეჯიბრების ოფიციალური საიტის მომხმარებელთა 37,8 პროცენტის სიმპატია დაიმსახურა. ის დაასახელეს საუკეთესოდ ჟურნალისტებმაც - მოკლედ, გერეროსთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი იყო.

მატჩის ოქმიდან დაინახავდით, რომ ვენესუელამ მეორე ტაიმის ბოლო 32 წუთი და კიდევ მსაჯის წამატებული დრო ათი კაცით ითამაშა თერთმეტის წინააღმდეგ - კოლუმბიელმა მსაჯმა ვილმარ როლდანმა მოედნიდან ტომას რინკონი გააძევა. სხვათა შორის, ეს ის რინკონია, რომელმაც ნახევარფინალში ვერ ითამაშა, რადგან მეოთხედფინალში ჩილესთან შეხვედრის დროსაც გააგდეს. თუმცა, ჩილესთან გაგდება ძველი ამბავია, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ის, საყოველთაო აზრით, გასაგდები არ იყო - პერუელმა კარლოს ლობატონმა რინკონთან ორთაბრძოლის ეპიზოდი მეტისმეტად გააფორმა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რინკონი დიდი-დიდი ყვითელ ბარათს იმსახურებდა, წითელს კი არა.

შეხვედრის დასაწყისში პერუ უკეთ თამაშობდა, მაგრამ პირველ 20 წუთში ორი ნახევარმომენტის მეტი ვერაფერი შექმნა. ვენესუელას კართან კიდევ ერთი სახიფათო მომენტი 37-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც რინალდო კრუსადომ ვილიამ ჩიროკეს ეგრეთწოდებული კედელი გაუთამაშა და ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა ჩიროკეს დარტყმული მეკარეს ფეხებში მოხვდა.

ვენესუელას შესახებ უნდა ითქვას, რომ გუნდი თანდათან შედიოდა ეშხში და უკეთაც თამაშობდა. რაც უფრო ხურდებოდა თამაში, მით უფრო თამამ მომენტებს ქმნიდნენ ღვინსფერები პერუელთა კართან, მაგრამ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ანგარიში მაინც პერუელებმა გახსნეს. ამას, რინკონის უსამართლო გაძევება მოჰყვა, რამაც ვენესუელას ნაკრების მდგომარეობა დაამძიმა. შემდეგ პერუმ, კერძოდ კი გერერომ კიდევ გაიტანა, ასე რომ, ღვინისფერთა ერთი საპასუხო გოლი დიდ ყოჩაღობად უნდა ჩაითვალოს. შეხვედრის მიწურულს გერერომ კიდევ ორი შეაგდო.

„ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ფეხბურთელების ამ ჯგუფმა საკუთარი შესაძლებლობებისა ირწმუნა - თქვა მატჩის შემდეგ პერუს ნაკრების მეკარე რაულ ფერნანდესმა, რითაც სერხიო მარკარიანის დამსახურებას გაუსვა ხაზი - შინ გახარებულები ვბრუნდებით. პერუელი ხალხისთვის ეს შედეგი ბევრს ნიშნავს.“

მატჩის სტატისტიკა
147 ზუსტი პასი 265
35 უზუსტო პასი 57
5 ზუსტი ჩაწოდება 1
8 უზუსტო ჩაწოდება 9
18 ზუსტი გრძელი პასი 21
42 უზუსტო გრძელი პასი 40
7 წარმატებული დრიბლინგი 10
2 წარუმატებელი დრიბლინგი 1
18 მოგებული ორთაბრძოლა 12
2 წაგებული ორთაბრძოლა 2
7 კარში დარტყმა 5
5 კარისკენ დარტყმა 13
17 ჯარიმა 17
39 მოგებული ბურთი 21
2 თამაშგარე 7
4 კუთხური 3
44% ბურთის ფლობა 56%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული