კოპა ამერიკა 2011. ფინალი: ურუგვაის და ფორლანის ბენეფისი

AutoSharing Option
ურუგვაი-პარაგვაი 3:0
ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, კასერესი (89. გოდინი), გონსალესი, პერესი (70. ეგურენი), არევალო რიოსი, ა. პერეირა (64. კავანი), სუარესი, ფორლანი.
პარაგვაი: ვილარი, პირისი, და სილვა, ვერონი, მარეკოსი, კასერესი (65. ესტიგარიბია), ორტიგოსა, რივეროსი, ვერა (65. პერესი), ვალდესი, სებალოსი (77. ბარიოსი).
გოლები: 1:0 სუარესი (12), 2:0 ფორლანი (42), 3:0 ფორლანი (90)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (ურუგვაი)

ლარისა რიკელმეს ფანებს ღრმა მწუხარებით გაუწყებთ - გუშინ, საქართველოს დროით შუაღამე რომ დადგა, პარაგვაელი ლამაზმანი იძულებული გახდა ჩათბუნებულიყო, რათა ბუენოსაირესულ ყინვაში არ გაცივებულიყო
- ის მიხვდა, რომ პირობის შესრულება აღარ დასჭირდებოდა, საჯაროდ "დაანონსებული" გაშიშვლება გადაიდო - კოპას ფინალში ლუის სუარესმა და დიეგო ფორლანმა (დუბლი) გოლებით პლანეტის მილიონობით მამაკაცს დასწყვიტეს გულები...

მორჩა, ურუგვაი კვლავ უფრო ტიტულოვანია, ვიდრე მისი მუდმივი მოქიშპე არგენტინა - ორ-ორ გზის მსოფლიოს ჩემპიონებს აქამდე კოპა 14-14-ჯერ ჰქონდათ მოგებული და აი, ურუგვაიმ მე-15 ტიტული ირგო, თან ეს არგენტინაში, "მონუმენტალზე" შეძლო!

პარაგვაელთა თავკაცმა ხერარდო მარტინომ (რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ფინალს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა) საკმაოდ მოულოდნელი შემადგენლობა დააყენა ფინალში. განსაკუთრებით თვალს ლუკას ბარიოსის არყოფნა ხვდებოდა, რომელიც პაბლო სებალოსმა შეცვალა (ბარიოსი უკვე მეორე ტაიმში შევიდა სათამაშოდ). ოსკარ ტაბარესს ექსპერიმენტებისათვის არ მიუმართავს, არც ედინსონ კავანი იყო ძირითადში, "ნაპოლის" ახლადგამოჯანმრთელებული ურუგვაელი ლეგიონერი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

თამაში დაიწყო ურუგვაის ნაკრების უპირატესობით, რაც სულ მალე გოლშიც აისახა - შეცდომებისა და რიკოშეტების სერიის შემდეგ დიეგო პერესმა შეტევის მარჯვენა ფრთაზე ლუის სუარესი მოძებნა, რომელიც ერთ მეტოქეს გაცდა და კარგადაც დაარტყა, ბურთი გზად მცველს მოხვდა ისე გავიდა ხუსტო ვილარის კარში. ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და ბრაზილიელ მსაჯს 15 წუთში 4 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.

42-ე წუთზე ეგიდიო არევალო რიოსმა მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა, მარცხნივ დიეგო ფორლანმა მოძებნა, რომლის დარტყმულიც იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვილარმა გადახტომა ვერ მოასწრო - 2:0. ამის მერე ტაიმიც მალე მორჩა.

ბუნებრივია, მეორე ტაიმში პარაგვაი ცდილობდა მატჩის ხსნას, აღვნიშნავთ ნელსონ ვალდესის დარტყმას დაუმუშავებლად, ფერნანდო მუსლერა ოდნავ მიწვდა ბურთს, რომელიც შემდეგ ხარიხას მოხვდა. ურუგვაის ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა. საბოლოო წერტილი მატჩში 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა ფორლანმა დასვა, რომელმაც ძელის დახმარებით ამ მატჩში დუბლი შეასრულა - 3:0. ეს მისთვის ისტორიული გოლია, ფორლანმა ნაკრების მაისურით 31 გოლი გაიტანა, დიეგო ნაკრების ისტორიაში პირველი თანამეგოლეა. ურუგვაის ნაკრები 16-წლიანი პაუზის შემდეგ კოპა ამერიკას გამარჯვებულია!

კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელი ლუის სუარესი გახდა, საუკეთესო ბომბარდირი პაოლო გერერო (პერუ). საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი სებასტიან კოატესია (ურუგვაი), საუკეთესო მეკარე - ხუსტო ვილარი.

მატჩის სტატისტიკა
125 ზუსტი პასი 360
45 უზუსტო პასი 31
5 ზუსტი ჩაწოდება 2
9 უზუსტო ჩაწოდება 17
18 ზუსტი გრძელი პასი 20
32 უზუსტო გრძელი პასი 17
5 წარმატებული დრიბლინგი 7
6 წარუმატებელი დრიბლინგი 2
20 მოგებული ორთაბრძოლა 16
1U წაგებული ორთაბრძოლა 4
7 ზუსტი დარტყმა 2
7 უზუსტო დარტყმა 8
9 ჯარიმა 15
26 მოგებული ბურთი 20
1 თამაშგარე 2
11 კუთხური 3
37% ბურთის ფლობა 63%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული