ლუის სესარ მენოტი ხანგრძლივი და მოსაწყენი ცხოვრება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ ესპანურ “ელ პაისს” ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო ამბავზე ილაპარაკა. მან ერთმანეთს შეადარა ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო, რაც დაგვეთანხმებით, რომ აქტუალური თემაა და ილაპარაკა ასევე თავის ჯანმრთელობაზეც.

მან ექიმებს სერიოზული ბრალდება წაუყენა. მაშ ასე... თქვენ წინაშეა მწვრთნელი, ვინც მსოფლიოში ყველაზე ახირებული მწეველიდან ერთ დღეში “დამჯერ” არამწეველად იქცა.

- ამას წინათ ჩემი მეგობარი ესპანეთში გაემგზავრა, მადრიდში ის მოურინიოს ვარჯიშს დააკვირდა. შემდეგ კი პეპ გვარდიოლას მიერ ჩატარებულ პროცესსაც დაესწრო. მან მითხრა, რომ ეს ვარჯიშები პრაქტიკულად ერთნაირია.
პრინციპში ისინი სტილით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. აი, მინდორზე კი, მაშინ, როცა “ჭეშმარიტების საათი” დგება, მათ საერთო უკვე აღარაფერი აქვთ. ისეთები, როგორიც მოურინიოა, ძალიან ბევრია, გვარდიოლა კი ერთადერთია. “ბარსელონამ” და ესპანეთის ნაკრებმა ფეხბურთში დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. ლუის არაგონესმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჯობია ტორერო გახდე, ვიდრე ხარი.

პეპს მოურინიოსთან ერთი უპირატესობა აქვს - მისი წარსული. გვარდიოლას გონებაში არის ის დეტალები, რაც მას წარსულშიც ეხმარებოდა და ახლაც ასე ხდება, ხოლო ვისაც ეს წარსული არ აქვს, მისი დღევანდელობაც ცარიელი ფურცელია. მადრიდელები ყიდულობენ და ყიდულობენ საუკეთესო ფეხბურთელებს. ბოლოს შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყველა საუკეთესო მართლა შეკრიბონ. მათ შეეძლებათ სუპერკლასიკოს მოგება, მაგრამ ის 5:0 “კამპ ნოუზე” ყველას სამუდამოდ დაახსომდება. ხანდახან მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ასეთი თამაში არასოდეს მინახავს. ამ შეხვედრამ მოკლა მოურინიო და მას ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ეხსომება.

- ნოემბრის კლასიკოს შემდეგ თქვენ ამბობდით, რომ მოურინიოს შეეშინდა.
- ჩემს რაიონში ასეთ რამეს შიშისგან ჩასვრას უწოდებენ. მას მომდევნო კლასიკოშიც შეეშინდა, როცა იგუაინი, ადებაიორი, ბენზემა და კაკა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ეს ყველაზე დიდი ლაჩრობა იყო, რაც კი გრანდების ისტორიაში მომხდარა, “რეალისთვის” კი ის საერთოდ გაუგონარი რამე იყო.

ამის შემდეგ ბატონი ლუის სესარი საკუთარ თავზე და მის პრობლემებზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, ლეგენდას სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ ის ამ ყველაფერზე ძალზე საინტერესოდ ლაპარაკობს...

- როგორი შეგრძნება იყო, როცა მოწევას თავი დაანებეთ?
- ცუდი! მეუბნებოდნენ, რომ კრიზისი ერთი თვე გაგრძელდებოდა, შემდეგ კი... არაფერი ამის მსგავსი. სულ უფრო მეტად და მეტად მინდებოდა, რომ უფრო მეტი მომეწია, ვიდრე ვეწეოდი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს და შედარებით ნაკლებად მომხიბლავი.

ისინი ამახინჯებენ ჩვენს ცხოვრებას, აი, რას აკეთებენ ისინი. ქირურგებზე კიდევ საერთოდ ხმას არ ამოვიღებ. მათ აქვთ რაღაც უცნაური მანქანები, გაიხედავ, გამოიხედავ და უკვე ნაოპერაციები ხარ. დამთავრდა ღრმა და ხანგრძლივი მკურნალობების ეპოქა, ახლა ხანდახან სისხლს საოპერაციოებშიც კი ვერ დაინახავთ.

- ოპერაციის შემდეგ თავს როგორ გრძნობდით?
- არაფერი სერიოზული არ ყოფილა. საავადმყოფოში სულ რაღაც 3 დღე გავატარე. პატარა პრობლემა იყო, ექიმები კი ვერ წყვეტდნენ ამოეკვეთათ თუ არა ის ჩემთვის. როცა მკითხეს, რა ვქნათო, ვუპასუხე, რომ მე კარგად ფეხბურთში ვერკვეოდი და არა ფილტვებში. მან გამაფრთხილა, რომ თუკი აღარ მოვწევდი, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებოდი. კი, მაგრამ ნორმალურს ვისთვის? ეტყობა, ჩემთვის ეს ცნება განსხვავდება სხვების გაგებისგან.

სიგარეტი მწეველებისთვის წარმოუდგენლად ერთგული მეგობარია. ახლა მაქვს განცდა, რომ ეს მეგობარი მოკვდა. მენატრება თამბაქო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ და ვწერ. მადლობელი ვარ ხოლმე, როცა ხანდახან შესუნთქვას მაინც ვახერხებ, ასეთ შანსს, განსაკუთრებით რესტორნების შესასვლელებთან, ხშირად ვეძებ ხოლმე. სწორედ გუშინ იყო, ერთმა უცნობმა ჯიბიდან კუბური სიგარა ამოიღო, დამინახა და მითხრა, რაც შეიძლება შორს დავდგებიო, მე კი ვუპასუხე, არა, სენიორ, რაც შეიძლება ახლოს დადექით-თქო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული