ელ ჩეჩო დიეგოს სჯობსო...
2007 წელს ძველი "ლენდსდაუნროუდი" დაანგრიეს და მის ადგილზე ახალთახალი, 50-ათასიანი სტადიონი წამოჭიმეს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სპონსორის სახელი, "ავივა" ერქმევა. სტადიონის გახსნა მარტში შედგა, თუმცა ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა ოთხშაბათს ითამაშა ორგზის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინასთან და... 0:1 წააგო. დიეგო მარადონასგან დაობლებულ არგენტინას "რეალის" ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ მოაგებინა.
ირლანდიელთა ლიდერი რობი კინი კარიერაში მე-100 მატჩს თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და მონდომებულიც იყო, რომ ნაკრებში 44-ე გოლი გაეტანა, თან ახალი სტადიონის ისტორიაშიც პირველი საერთაშორისო გოლის ავტორი გამხდარიყო.
სხვადასხვა მიზეზის გამო ფეხბურთი ამ თამაშში მეორე პლანზე მოექცა. სტადიონის პირველ მატჩზე უკვე მოგახსენეთ, მეორე და მთავარი მიზეზი, ირლანდიელთა იტალიელი თავკაცის, ჯოვანი ტრაპატონის ავადმყოფობაა. 71 წლის მოხუცი გასულ კვირაში საშინლად მოიწამლა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ იტალიელს მუცლის ოპერაცია ორჯერ დასჭირდა. საბრალო ტრაპატონიმ მატჩს ჰოსპიტალის პალატიდან უყურა, მოედანზე კი ირლანდიის ნაკრები მისმა ასისტენტმა მარკო ტარდელიმ გამოიყვანა.
ზუსტად 40 დღის წინათ არგენტინის ნაკრები მუნდიალზე 0:4 გაანადგურეს გერმანელებმა. მას შემდეგ ნაკრებმა მთავარი მწვრთნელიც დაკარგა. მარადონას ნაცვლად გუნდს სერხიო ბატისტა გაუძღვა, რომელიც მხოლოდ დროებით ასრულებს მოვალეობას. მოკლედ, ორივე ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობდა.
ბატისტას დიდად არ შეუცვლია ნაკრები - სასტარტოში მან მუნდიალის მონაწილე 8 ფეხბურთელი დააყენა, მათ შორის ლეო მესი. მე-20 წუთზე ანხელ დი მარიამ იგუაინის პასით გაიტანა გოლი, ირლანდიელები დიდ ხანს უშედეგოდ აპროტესტებდნენ თანამსაჯთან და თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას მოითხოვდნენ.
სხვათა შორის, არგენტინულმა პრესამ ("კლარინი", "ოლე", კრონიკა") "ელ ჩეჩოს" (ბატისტას მეტსახელია) გუნდი გაცილებით უფრო სოლიდურ და ორგანიზებულად მიიჩნია, ვიდრე მარადონას დროინდელი ნაკრები.
სერხიო ბატისტა: "ამ ბიჭებმა დიდი დარტყმა მიიღეს მუნდიალზე და ახლა თავიანთი კარგი ფეხბურთელობის დამტკიცება სურდათ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. 10-ბალიანი სისტემით გუნდის თამაშს 8 ბალUით შევაფასებდი. მეორე ტაიმში კი მათი ქმედება ლოგიკური იყო, გუნდს ძალიან სურდა ამ თამაშის მოგება".
ირლანდია-არგენტინა 0:1
ირლანდია (4-4-2): გივენი - მაკშეინი, ოში, დანი, კილბეინი (57. კანინგემი) - ფეჰეი (77. ტრესი), ენდრიუზი (67. გიბსონი), გრინი, დაფი - კინი, შერიდანი (56. კეო).
არგენტინა (4-3-3): რომერო - ბურდისო (46. საბალეტა), დემიკელისი, სამუელი (84. კოლოჩინი), ჰაინცე (72. ინსუა) - ბანეგა, მასკერანო, გაგო - მესი (58. ლავეცი), იგუაინი (46. დ. მილიტო), დი მარია (72. გუტიერესი).
გოლი: 0:1 დი მარია (20)
მაყურებელი: 49 500
ლელო