ლეანდროს პირველი, განსოს ტრავმა, დინიოს შანსი და... უფერული მატჩი

AutoSharing Option
ლონდონში, "კრეივენ კოტეჯზე" ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური დაპირისპირება მოუგო განის ნაკრებს - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი "ინტერნასიონალის" 22 წლის ფორვარდმა ლეანდრო დამიაომ გაიტანა. საერთო შეფასებით, "სელესაომ" ძალიან ცუდად ითამაშა და მხოლოდ იმიტომ დაამარცხა მეტოქე, რომ "შავი ვარსკვლავები" კიდევ უფრო ცუდად თამაშობდნენ. ლონდონური პუბლიკაც
უკმაყოფილო დარჩა.

ლეანდრომ 44-ე წუთზე გაიტანა, სამხრეთამერიკელები რიცხობრივ უპირატესობაში თამაშობდნენ, განელთა მეკარე ადამ კვარასეი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

განას ორი საუკეთესო ფეხბურთელი არ ჰყავდა, ასამოა გიანი და ანდრე აეუ. მანო მენეზესმა კი სასტარტოში რონალდინიო და მარსელო
ათამაშა. 34-ე წუთზე მსაჯს ყელში ამოუვიდა დანიელ ოპალეს უხეშობები და როცა ამ უკანასკნელმა ლუსიოც არ დაინდო, წითელი ბარათი უჩვენა. დამიაომ ასეთი სადებიუტო გოლი გაიტანა ნაკრებში: მან პასი "შახტარის" ლეგიონერ ფერნანდინიოსგან მიიღო და აუღელვებლად გადაგზავნა აფრიკელთა კარში.

მეორე ტაიმში ყველაზე კარგი შანსი პატოს ჰქონდა, თუმცა რონალდინიოს პასის შემდეგ მისი თავური მეკარის ნადავლი გახდა. "ფლამენგოს" ვეტერანს საერთო ჯამში არაფერი დაეწუნებოდა, რონალდინიო ისევ იმკვიდრებს ადგილს "სელესაოში".

აი, რა აზრისაა მანო მენეზესი რონალდინიოს ნაკრებში დაბრუნებაზე: "ეს არ არის დროებითი გადაწყვეტილება. მან ფეხბურთის თამაშის დიდი წყურვილი და კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინა. რონალდინიო კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის და ნამდვილი ლიდერი. ითამაშებს რონალდინიო მუნდიალზე? ვნახოთ", - განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა.

მე-10 წუთზე "სანტოსის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა განსომ ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად ელიასი გამოვიდა.

ბრაზილია: ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, მარსელო - ფერნანდინიო (46. ჰალკი), ლუკასი, განსო (10. ელიასი) - რონალდინიო, ლეანდრო (78. პატო), ნეიმარი.
გოლი: 1:0 ლეანდრო (44)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული