შეშლილი ურუგვაელის ჰუმანურობა

AutoSharing Option
მთელი კარიერის განმავლობაში სებასტიან აბრეუ"ელ ლოკოს" ანუ "შეშლილს" უწოდებდნენ.

მეტსახელი მას ხასიათისა და იუმორის განსაკუთრებული გრძნობის გამო შეარქვეს. სებასტაინ აბრეუ არ არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი, ის ყველასგან გამოირჩევა თავისი მისწრაფებებით. ექსკლუზიური ინტერვიუ მან ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.

- ურუგვაის ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების საფუძველი რა არის?
- საფუძველი არის ის, რასაც ადრე ვერ ვახერხებდით - იდეა, რაღაც მისტიკა, რომელიც უკვე რეალობად იქცა. კარგი მოთამაშეები ადრეც გვყავდა, მაგრამ სათანადო მხარდაჭერას გუნდი ვერასოდეს იღებდა. შემდეგ როცა გუნდში მაესტრო ტაბარესი მოვიდა, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი თავი.
უკვე გვაქვს მკაცრად განსაზღვრული ტაქტიკა. ახლა უკვე სწორი მიმართულებით მივდივართ და შედეგებიც მოვიდა.

- რა დასკვნები გამოიტანეთ ამერიკის თასზე ტრიუმფის შემდეგ?
- აუცილებელი იყო ტიტულის მოპოვება, რათა ლოგიკურად დასასრულამდე მიგვეყვანა ის დიდი სამუშაო, რასაც ბოლო წლებში ვეწეოდით. ტიტულის მოპოვებით ამ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ დავამარცხეთ მასპინძელები და ლიონელ მესი. გავიმარჯვეთ ნახევარფინალსა და ფინალში. ახლა კონტინენტის ყველაზე წარმატებული გუნდი ვართ. ყოველივე ამის წყალობით ახლა ბედნიერი ვარ.

- ფიქრობთ, რომ ურუგვაი სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ნაკრებია?
- ეჭვიც არ მეპარება. საუკეთესონი ვართ თამაშისა და შედეგების თვალსაზრისითაც.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ მწვრთნელობას აპირებთ.
- ჩემი გონება აქეთკენ მრავალი წელია მომართულია. ზოგიერთი მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია, ამისკენ მიბიძგებდა სულ მცირე დეტალებითაც კი. ყოველთვის მაინტერესებდა ტაქტიკა და გვარდიოლასთან, ხუან მანუელ ლილიოსთან დროის გატარება.

ძალიან ბევრი ვისწავლე სიმეონესგან, პელეგრინისგან, ტაბარესისგან და ბოტაფოგოს მწვრთნელის უგო დე ლეონისგან. ისინი თანამედროვე, დინამიკური მწვრთნელები არიან. მათი წყალობით თამაშს განსხვავებულად ვკითხულობ.

- კარიერის განმავლობაში უამრავ ქვეყანაში გითამაშიათ, მაგრამ ევროპაში თამაშით სიამოვნებას ვერასოდეს იღებდით. სწორი ფორმულირებაა?
- არა, ასე არ არის. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა "დეპორტივოში" გადავედი და 18 მატჩი ჩავატარე. გუნდის სამომავლო გეგმებში არ ვჯდებოდი. ვეძებდი ჩემი სტილის გუნდს, მაგრამ საინტერესო წინადადება მხოლოდ ამერიკიდან მივიღე.

ერთადერთი მიზანი მქონდა, რეგულარულად მეთამაშა, რათა ურუგვაის ნაკრებში ის ადგილი შემენარჩუნებინა, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. უკან დაბრუნების გამო არ მინერვიულია. შემდეგ მე "რეალ სოსიედადში" გადავედი, სადაც 11 გოლი გავიტანე 17 შეხვედრაში, რამაც ძალიან გამახარა. ვფიქრობ, ევროპული ფეხბურთი მაინც ცოტა გადაფასებულია.

- შვიდ ქვეყანაში გითამაშიათ. ეს იმიტომ, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ?
- ყოველთვის ვეძებდი გამოწვევებს, ვეძებდი კლუბებს, რომლებიც სურვილების ასრულებაში დამეხმარებოდნენ. ეს ვიპოვე სწორედ "ბოტაფოგოში". ყველა კლუბი კარგად არ მახსენდება, მაგალითად "დეპორტივო". ისინი იჯარით ერთსა და იმავე კლუბში ზედიზედ ორჯერ არ მიშვებდნენ, აი, მიზეზი, რის გამოც ახალი კულტურული აღმოჩენების კეთება მიწევდა.

- რა მიზნები გაქვთ კარიერაში?
- გამარჯვებებს ჯერ კიდევ ვეძებ, რათა ჩემი კლუბის პრესტიჟი ავამაღლო. კარგად თამაში მჭირდება იმიტომ, რომ ნაკრებში ადგილი შევინარჩუნო. ასევე ვცდილობ, დავრჩე დისციპლინირებულ პროფესიონალად. მინდა სიახლეც შევიტანო კარიერაში, მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგო.

- თქვენ მუდამ თან დაგაქვთ კამერა. რისთვის, რომ შემდეგ შვილებს აჩვენოთ? სად დაგებადათ ეს იდეა?
- მე მინდა მათ ვანახო ყველაფერი, რაც ფეხბურთში ხდება, ის, რასაც ჩვეულებრივ ტელევიზორში ვერ ხედავთ, კარგიც და ცუდი, რა მოგვწონს, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს. ეს მათთვის კარგი იქნება. დღის ბოლოს ხომ ჩვენ ოჯახთან ერთად ვართ, როგორც ყველა დანარჩენი.

- აპირებთ რამე გააკეთოთ მერე ამ ფოტოებით?
- მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ურუგვაელმა ფეხბურთელებმა დაარსეს ფონდი, რათა დაეხმარონ უსახლკარო ბავშვებს. გვინდა გავაკეთოთ დოკუმენტური ფილმი იმაზე, რაც ხდება ტაბარესის ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამას სიამოვნებით ნახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული