ბოლო პერიოდში, პენტაკამპეონთა შემადგენლობაში ყველაზე მეტად სწორედ ეს პოზიციაა პრობლემატური. გაზეთი O'Globo "ინტერის" თავდამსხმელზე გვიყვება.
ლეანდრო დამიაო ერთი მეტრი და 93 სანტიმეტრი სიმაღლისაა და შესაბამისად, გამორჩეული ფიგურაა მოედანზე. მაგრამ ის არა სიმაღლით, არამედ სწორედ თავისი ტემპის, ტექნიკისა და ოსტატობის წყალობით დგას სხვებზე მაღლა. 2011 წელს გატანილმა 40-მა გოლმა დამიაო ბრაზილიური ფეხბურთის ახალ გოლეადორად აქცია.
"არ აქვს მნიშვნელობა ფინალს ვთამაშობ თუ
22 წლის ფორვარდმა სულ ცოტა ხნის წინ პირველი გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრების ყვითელი მაისურით. განას ნაკრების კარში გატანილმა ბურთმა შეწყვიტა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა 13-თვიანი მოუგებელი სერია იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდნენ.
"ეროვნული ნაკრები - ჩემი ახდენილი ოცნებაა. ნებისმიერ მოთამაშეს სურს იქ მოხვედრა. როგორც იცით, ბოლო პერიოდში ეროვნულ გუნდს პრობლემა შეექმნა რეგულარული ცენტრფორვარდის ძიების მხრივ, რომელიც სტაბილურად გაიტანდა გოლებს. მე ახალგაზრდა ვარ, ახლახანს დავიწყე თამაში "ინტერნასიონალის" შემადგენლობაში და ახლა ვიმკვიდრებ ადგილს ბრაზილიურ ფეხბურთში. ასე რომ, ის გოლი ჩემთვისაც და ბრაზილიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აგრძელებს დამიაო.
ფორვარდს მიაჩნია, რომ მის კარიერაში გარდატეხა გასული წლის აგვისტოში მოხდა, როცა ის ლიბერტადორესის თასის ფინალის მეორე მატჩში "გვადალახარას" წინააღმდეგ 72-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ოთხ წუთში გოლი გაიტანა.
"ლიბერტადორესის თასზე გუნდს მუდმივად დავყვებოდი, მაგრამ ხანდახან განაცხადშიც ვერ ვხვდებოდი. მაგრამ ფინალის მეორე მატჩის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო რაფაელ სობისმა და გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა სელსო როტმა მოედანზე შემიშვა. ეს ჩემი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა".
დღეს კი ფორვარდის შეძენით ბევრი დიდი ევროპული კლუბია დაინტერესებული. როგორც ბრაზილიური პრესა წერს, "ტოტენჰემმა" 19 მილიონი ევრო შესთავაზა "ინტერნასიონალს". ეს თანხა ძალიან შორს არის იმ 15 დოლარისგან, რომელსაც დამიაო იღებდა ქალაქ სან პაულუს ღარიბ რეგიონში მოყვარულთა დონეზე ერთი მატჩის სანაცვლოდ.
"ოთხი წლის წინ სან პაულუში მოყვარულთა დონეზე ვთამაშობდი. მაშინ არც კი ვფიქრობდი პროფესიულ ფეხბურთზე, რადგან უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვიყავი ამისთვის. სამუშაოს ვეძებდი. სწორედ მაშინ მამაჩემის მეგობარმა, რომელიც სანტა კატარინაში ცხოვრობდა, თავისთან წამიყვანა სამოყვარულო გუნდში სათამაშოდ. იქ ორი კვირა დავრჩი და "იბირამა ატლეტიკოს" იუნიორთა გუნდში ვითამაშე. უკვე ერთი კვირის შემდეგ პირველ გუნდში გადამიყვანეს".
დამიაოს სან პაულუს უბან ჟარდიმ ანჟელაში ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. ფეხბურთელის მამა - ნატალინო დუშ სანტუში ყოფილი შვეიცარია.
"იმ რთული პერიოდის გახსენებისას, ხანდახან ტირილი მინდება. ბევრი სირთულე გადავიტანეთ. როცა ის სანტა კატარინაში წავიდა, პერიოდულად მირეკავდა და საჭმლის ფულს მთხოვდა, მაგრამ არასოდეს ამბობდა რამდენი სჭირდებოდა.
თვეში მხოლოდ 30, 50 ან 100 რეალის გაგზავნას ვახერხებდით", - ამბობს ნატალინო დულ სანტუში.
ლეანდრო დამიაო: "იქ ერთი წელი დავრჩი და საქმეები მაინც და მაინც კარგად არ მიდიოდა, ამიტომაც ჯერ ისევ ვფიქრობდი ფეხბურთისთვის თავის დანებებას. მაგრამ, საბედნიეროდ ეს არ გავაკეთე და უკვე მომავალ წელს, შტატის ჩემპიონატში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ამასობაში, ჩემით "ინტერნასიონალი" დაინტერესდა და მისმა პრეზიდენტმა ჯოვანი ლუიჯიმ და ჩემმა აგენტმა სამთვიან იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს".
დამიაო კარგად აცნობიერებდა, რომ მას უდიდესი შანსი მისცეს. ის მოხვდა კლუბში, რომელსაც აღზრდილი ჰყავდა ბრაზილიის საუკეთესო ფორვარდები - რაფაელ სობისი, ნილმარი, ალეშანდრო პატუ...
"ინტერნასიონალში" ბევრი სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა მეფიქრა, რადგან იუნიორთა გუნდში ჩამოვრჩებოდი თანაგუნდელებს. არ ვიცოდი ბურთის კონტროლი, მისი შენარჩუნება და სხვა ელემენტები, რაც საჭიროა ცენტრალური ფორვარდისთვის".
მოყვარულის სტატუსიდან ქვეყნის მთავარ გოლეადორამდე გზა იოლი არ ყოფილა. იუნიორთა გუნდში ძალიან გაუჭირდა, რადგან პარტნიორებისგან ბევრ ცუდ გადაცემას იღებდა და დიდი შრომა უწევდა გოლების გასატანად.
"რაც მთავარია, სურვილი მქონდა. ნებისმიერი მატჩის დროს ჩემს მომავალსა და შანსზე ვფიქრობდი. იუნიორთა გუნდში თამაშმა ბევრი რამ მომცა და ის გამოცდილება რომ არა, შეიძლება დღეს სულ სხვა დონეზე ვყოფილიყავი".
ამჟამად ლეანდრო დამიაო ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის. მას 2014 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი "ინტენასიონალთან". მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 13 გოლი დაუგროვდა, აქედან ცხრა ბოლო ცხრა მატჩში გაიტანა და რაც მთავარია, "ინტერნასიონალმა" ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.
"ხშირად მოგებულ მატჩებში ხელიდან ვუშვებთ გამარჯვებას. თითქოს უნდა მოვიგოთ, მაგრამ შეხვედრა ფრედ სრულდება. ამის გამო ბევრი ქულა დავკარგეთ".
დამიაომ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მე-18 ტურში "ფლამენგოს" წინააღმდეგ ჩაატარა და ამ სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლიც გაიტანა.
"ის მაკრატელა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ვაგებდით, თან მსაჯმა ერთი ფეხბურთელი გაგვიგდო მოედნიდან. სწორედ ჩემი გოლი გახდა გარდამტეხი მომენტი. ისეთი ძლიერი კლუბის წინააღმდეგ თავის გამოჩენას, როგორიც "ფლამენგოა", უმნიშვნელოვანესი მომენტი გახლდათ".
მოკლედ, ლეანდრო დამიაომ რთული გზა განვლო პროფესიონალ ფეხბურთელამდე. ამ გზის ლოგიკური და ლამაზი დასასრული იქნება 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"