არგენტინა. ორი დერბის მოლოდინში

AutoSharing Option
აპერტურა. III ტური
ბანფილდი-ესტუდიანტესი 0:0
ნიუელსი-ტიგრე 2:0

(სკიავი, ლუის როდრიგესი)
კილმესი-ლანუსი 1:1
(ხუან ხოსე მორალესი - სალსედო)
ველესი-არხენტინოსი 2:0
(სომოსა, სილვა)
გოდოი კრუსი-ოლიმპო 1:0
(როხასი)
რასინგ-სან ლორენსო 1:2
(ლუგუერსიო - პერეირა, ბალსასი)
ხიმნასია-კოლონი 0:0
რივერი-ინდეპენდიენტე 3:2
(ფუნიეს მორი 2, ფერარი - სილვერა, კარისო/ავტ. )
არსენალი-ურაკანი 2:0
(ობოლო, ლეგისამონი/პენ.)
ოლ ბოისი-ბოკა 2:0
(მატოსი/პენ, ედუარდო დომინგესი)

არგენტინის მორიგი პირველობა აგვისტოს პირველ უიქენდზე დაიწყო. უკვე ნათამაშებია 3 ტური და შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ გუნდების მზადყოფნასა და პერსპექტივებზე. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია საბოლოო ვერდიქტის გამოტანა, მაგრამ ზოგიერთი ტენდენცია უკვე თვალშისაცემია.

რადიკალურად განსხვავებულად დაიწყეს
ჩემპიონატი არგენტინის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბებმა - "რივერ პლეიტმა" და "ბოკა ხუნიორსმა", რომლებსაც მიმომხილველები წარმატებულ სეზონს უწინასწარმეტყველებდნენ. ანხელ კაპას მიერ დამოძღვრილმა "რივერმა" სამივე მატჩი მოიგო და ცხრილის სათავეში იმყოფება. მართალია, სპეციალისტები ჯერ თავს იკავებენ შორს მიმავალი დასკვნებისაგან, ვინაიდან გუნდის თამაში არაა მთლად დალაგებული, თუმცა, შედეგი სახეზეა.

მე საშუალება მქონდა მენახა "მილიონერთა" სამივე მატჩი და მინდა გითხრათ, რომ "რივერი" თამაშიდან თამაშამდე უმატებს. თუ სასტარტო თამაშის შედეგი მთლანად არიელ ორტეგას საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე იქნა მოგებული - ერთადერთი გოლი "ტიგრეს" კარში ბოლო წუთზე მისი სოლორეიდისა და როდრიგო ფუნიეს მორისთვის ბურთის თავზე "დასმას" მოყვა, "ურაკანთან" გასვლითი კაცნაკლული გამარჯვება (იმავე ორტეგას გაძევების გამო) და განსაკუთრებით "ინდეპენდიენტეს" რბევა სეზონის პირველ "კლასიკოში" - ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. "ინდეპენდიენტეს" ფუნიეს მორიმ ორჯერ გაუტანა, მატჩის გმირად კი ორტეგას 17 წლის შემცვლელი მანუელ ლანსინი იქცა, რომელმაც ბომბარდირსაც გაატანინა და შეტევაში ჩართულ მცველ პაოლო ფერარისაც.

შეცდომაში ნუ შეგიყვანთ საბოლოო ანგარიში (3:2) - მეორე გოლი თამაშის ბოლო წუთზე გავიდა სრულიად კურიოზულ ვითარებაში, როდესაც ძელისგან ასხლეტილი ბურთი სახეში მოხვდა მეკარე ხუან პაბლო კარისოს და ისე აღმოჩნდა ბადეში. სხვათა შორის, წარუმატებელი ევროპული თავგადასავლების მერე ("ლაციოში" და "სარაგოსაში" სუსტი თამაში) შინ დაბრუნებულმა მეკარემ პირველი 2 მატჩი მშრალად ჩაატარა და დიდად განაპირობა პოზიტიური რეზულტატი. "რივერს" კიდევ შეუძლია მომატება - ჯერ არ უთამაშია კიდევ ერთ რეპარტიანტს, ფორვარდ მარიანო პავონეს ("ბეტისი").

სრულიად საპირისპირო სურათია "ბოკაში". "არხენტინოსში" გაჩემპიონებული მწვრთნელი კლაუდიო ბორხი და ჩინებული შევსება (მეკარე კრისტიან ლუკეტი, მცველები კრისტიან სელაი, კლემენტე როდრიგესი, ხუან ინსაურალდე, ინსაიდი დამიან ესკუდერო) ჯერ ვერ მოვიდნენ თანხვედრაში, ხუან რომან რიკელმემ მართალია 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ტრავმის გამო არ თამაშობს... შედეგად, გუნდმა "დაგეგმილი" 9 ქულიდან (შინ "რასინგთან", გასვლაზე "გოდოი კრუსთან და დებიუტანტ "ოლ ბოისთან") მხოლოდ 1 აიღო და უკვე გაისმა ხმები ბორხის გათავისუფლების შესახებ.

ჯერჯერობით საუკეთესო შთაბეჭდილებას "ველეს სარსფილდი" ტოვებს. საქმე მხოლოდ ის როდია, რომ მან "რივერის" მსგავსად ყველაფერი მოიგო - გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნაჩვენები თამაშის ხარისხი და ის სიმსუბუქე, რომლითაც გუნდი მეტოქეებს უსწორდება. ჩაგდებული სეზონის მერე კლუბმა გადატვირთული შემადგენლობიდან 12 ფეხბურთელი გაუშვა (უკანასკნელი ნიკოლას ოტამენდი - "პორტოში"), სანაცვლოდ კი მხოლოდ მექსიკური "ტიგრესის" მცველი ფერნანდო ორტისი და "სენტ ეტიენის" ჩამშლელი აუგუსტო ფერნანდესი აიყვანა. მშობლიურ "ხოსე ამალფიტანიზე" ურუგვაელი სნაიპერი სანტიაგო სილვას გოლებმა "ინდეპენდიენტე" და ჩემპიონი "არხენტინოსი" იმსხვერპლა (1:0, 2:0), გასვლაზე კი "ოლ ბოისს" მიუჩინეს კუთვნილი ადგილი (2:1).

ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩებიან "ესტუდიანტესი" და "ბანფილდი", რომლებიც 2:2 მოგების შემდეგ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ ("სტუდენტებს" აქამდე გოლი საერთოდ არგაუშვიათ). ორივე გუნდმა საკმაოდ სერიოზული საკადრო ცვლილებები განიცადა. განსაკუთრებით საგრძნობი ეს "ბანფილდისთვის" უნდა ყოფილიყო, რომელმაც ვალტერ ერვიტის გარდა ყველა ლიდერი (მეკარე ლუკეტი, მცველი ხონატან მაიდანა, შემტევები: ურუგვაელი სებასტიან ფერნანდესი და კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესი) დაკარგა. მაგრამ ხულიო სესარ ფალკონი სწორედ იმიტომ ითვლება უმაღლესი რანგის მწვრთნელად (თვის დასაწყისსი მას ბოლივიის ნაკრებში იწვევდნენ), რომ ნებისმიერი კონტიგენტით შეუძლია ანგარიშგასაწევი ძალის შეკრება.

ბევრი ვარსკვლავი მოაკლდათ ლაპლატელებსაც. სელაი და კლემენტე როდრიგესი "ბოკამ" გადაიბირა, ხოსე ერნესტო სოსა "ბაიერნის" გავლით ნეაპოლში მიდის, მარკოს ანხელერი ("სანდერლენდი") და მაურო ბოსელი ("უიგანი") ინგლისში გადაიხვეწნენ. შევსება აქაც არაა ადექვატური, მაგრამ ალეხანდრო საბელამ მთავარო რგოლი - ნახევარდაცვა შეინარჩუნა ხელუხლებლად და ამის წყალობით გადის ფონს. მართლაც, ხუან ვერონი, ენცო პერესი, როდრიგო ბრანია და ლეანდრო ბენიტესი არგენტინაში უკონკურენციონი არიან.

2:2 მოგება და თითო მარცხი - ასეთია "არსენალისა" და "რასინგის" მონაგარი. ამათგან პირველმა 18 კაცი გაყიდა (!!!) და პრაქტიკულად ახალი გუნდით ასპარეზობს, მეორე კი, სავარაუდოდ, მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს თუ ფსიქოლოგიურად არ გადაიწვა, როგორც ეს ბოლო ტურში "სან ლორენსოსთან" მოუვიდა. მატჩის წინ ყველა "რასინგის" უპირატესობაზე საუბრობდა და ავიწყდებოდა, რომ სტუმართა თავკაც რამონ დიასს "აკადემიასთან" ("რასინგის" მეტსახელი) ფანტასტიკური მოგონებები აკავშირებს - მის მიერ გაწვრთნილ გუნდებს 20 მატჩიდან, 15 მოგება, 4 ფრე და ერთადერთი წაგება (1999 წელს "რივერი") დაუგროვდათ. ტრადიცია შაბათსაც გაგრძელდა და გამარჯვებათა რიცხვი 21 გახდა.

"სან ლორენსოს" მსგავსი შედეგით (1 მოგება, 2 ფრე) კიდევ 2 დაუმარცხებელი იწონებს თავს. "ლანუსის" მწვრთნელ ლუის სუბელდიას დეკემბერში ალბათ ნაკრებში სერხიო ბატისტას ასისტენტად დანიშნავენ, "კლაუსურას" აღმოჩენად მონათლული "გოდოი კრუსის" წარმატებაც კარგა ხანია არავის უკვირს.

3 მატჩში ყველანაირი შედეგი აჩვენა გადახალისებულმა "ნიუელსმა", რომელიც თანაქალაქელი "სენტრალის" გავარდნის მერე ეულად წარმოადგენს როსარიოს პრიმერაში და დერბის უქონლობით მოწყენილი ჩანს. თითოჯერ მოიგეს "ურაკანმა", რომლის ექსცენტრიულმა პრეზიდენტმა კარლოს ბაბინგტონმა მორიგი საკადრო წმენდისას 17 ფეხბურთელი გააგდო და დებიუტანტთა დუეტმა ("ოლ ბოისი", "ოლიმპო"). ამათგან არც ერთს დიდი პერსპექტივა არა აქვს.

2-ქულიანთა შორის ჯერჯერობით თავიანთი სიტყვა არ უთქვამთ "კოლონს", რომელმაც 2 უმაღლესი კლასის ფორვარდი (ფედერიკო იგუაინი და ხოაკინ ლარივეი) შეიძინა, 18 რეკრუტით გაძლიერებულ ლუდის მხარშველ "კილმესს", რომელსაც შესათამაშებლად დრო სჭირდება და მუდმივად ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "ხიმნასიას".

"ბოკას" მსგავსად ცოდვილობენ "ინდეპენდიენტე", სადაც დანიელ გრანერომ გააუარესა გაგდებული ამერიგო გალიეგოს მაჩვენებლები და ჩემპიონი "არხენტინოსი", რომელმაც თითქმის სრულად გაყიდა ტრიუმფატორთა სატიტულო გუნდი მწვრთნელიანად, სანაცვლოდ კი პარაგვაიდან პედრო ტროლიო მოიწვია და სასწაულის მოხდენა მოთხოვა.

და ბოლოს, უქულო "ტიგრე", რომელიც, გაგიკვირდებათ და ბევრზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, მწვრთნელი რიკარდო კარუსო ლომბარდის ხელიც ეტყობა, მაგრამ ჯერჯერობით ფატალურად არ უმართლებს. მომდევნო ტური ძალიან ბევრ საინტერესოს გვპირდება. ჩემთვის, ცენტრალური მატჩი "ბომბონერაზე" გაიმართება, სადაც "ბოკა" "ველესის" საჩემპიონო ამბიციებს გამოცდის. თუმცა, არანაკლებ დრამატიზმს უნდა ველოდეთ "არხენტინოსისა" და "რივერის" შეხვედრაში. ტურში 2 დერბია - ლა პლატის, სადაც "ხიმნასია" არაფერს დაუთმობს "ესტუდიანტესს" და სამხრეთ ბუენოს-აირესის, რომელშიც მოსისხლე მტრები "ლანუსი" და "ბანფილდი" გაარკვევენ ურთიერთობას.

	               თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ველესი	        3 	3	0	0 	5-1	9
2. რივერ პლეიტი	3	3	0	0	5-2	9
3. ესტუდიანტესი	3	2	1	0	3-0	7
4. ბანფილდი	3	2	1	0	3-1	7
5. არსენალი	        3 	2	0	1	5-3	6
6. რასინგი	        3	2	0	1	4-3	6
7. გოდოი კრუსი	3	1	2	0	4-3	5
8. ლანუსი	        3	1	2	0	4-3	5
9. სან ლორენსო	3	1	2	0	4-3	5
10. ნიუელსი	3	1	1	1	3-2	4
11. ოლ ბოისი	3	1	0	2	3-3	3
12. ოლიმპო	        3	1	0	2	2-3	3
13. ურაკანი	        3	1	0	2	2-4	3
14. კოლონი  	3	0	2	1	1-2	2
15. ხიმნასია         3	0	2	1	0-1	2
16. კილმესი	        3	0	2	1	2-4	2
17. ინდეპენდიენ.	3	0	1	2 	3-5	1
18. არხენტინოსი	3	0	1	2	2-5	1
19. ბოკა	        3	0	1	2	2-5	1
20. ტიგრე	        3	0	0	3	1-5	0

ბიძინა ბარათაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული