"ბოკა" ჩემპიონია, რიკელმე - ბედნიერი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ბრაზილიურ ფეხბურთში "კორინთიანსმა" იზეიმა ჩემპიონის ტიტული, სულ რაღაც სამი საათი გავიდა და არგენტინაშიც გაირკვა ჩემპიონის ვინაობა - სამწლიანი "შიმშილობა" დასრულებულია - "ბოკა ხუნიორსი" ჩემპიონია! "ასულ ი ორომ" ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაიფორმა. ეს "ბოკას" 24-ე ჩემპიონობაა ისტორიაში.

კლუბის ფანები მთელ კვირას ელოდნენ ამ მატჩს, ლიდერს მხოლოდ ერთი ქულა ესაჭიროებოდა აუტსაიდერ "ბანფილდთან" და კონკურენტთათვის მიუწვდომელი ხდებოდა. "ბოკამ" გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, "ბომბონერაზე" დიდი ანგარიშით მოიგო - 3:0.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, როცა მათ კუთხურს "ბანფილდის" საჯარიმოში არეულობა
მოჰყვა, ბურთი ხან ძელს მოხვდა, ხან მცველს, ბოლოს დარიო ცვიტანიჩმა ბადეში ააფართხალა. ტაიმი 2:0 მორჩა, ჩავესის ჩაწოდებულს ისევ ცვიტანიჩი გამოეხმაურა და რიკოშეტის დახმარებით დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო რივერომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, მან დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა. ამის შემდეგ "ბომბონერა" აგუგუნდა: "რიკელმეეე, რიკელმეეე", - ითხოვდნენ ტრიბუნები და 65-ე წუთზე 20 მილიონი ინჩასის კერპი სათამაშოდ შევიდა, როლანდო სკიავიმ მაშინვე გაუკეთა კაპიტნის სამკლავური ხუან რომან რიკელმეს.

"შევასრულე, რაც დავიქადნე, სიტყვას კი შესრულება უნდა - გუნდის გაჩემპიონებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჩვენ საუკეთესოები ვართ და მე ბედნიერი ვარ", - განაცხადა რიკელმემ

იმავე საღამოს გაიმართა კლუბის პრეზიდენტის არჩევნები. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ჩემპიონობამაც კი ვერ უშველა ხორხე ამეალას,
პრეზიდენტი "ბოკას" ყოფილი ხაზინადარი დანიელ ანხელისი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული