ინტერვიუ. ხუან რომან რიკელმე: "ბოკა" ჩემი სახლია

AutoSharing Option
დოსიე
ხუან რომან რიკელმე
დაიბადა: 1978 წლის 24 ივნისს, სან ფერნანდოში
სიმაღლე: 182 სმ
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
კლუბი: ბოკა ხუნიორსი, 10 ნომერი
კარიერა: ბოკა - 1996-2002; ბარსელონა - 2002-2005; ვილიარეალი - 2003-2008 (ჯერ იჯარით); ბოკა - 2007-დღემდე (ჯერ იჯარით).
არგენტინის ნაკრები: 51 თამაში, 17 გოლი.
ტიტულები: არგენტინის ჩემპიონი (5-გზის: 1998, 1999, 2000, 2008, 2011), საკონტინენტთაშორისო თასი (2000); ლიბერტადორესის თასი (3 გზის: 2000, 2001, 2007); კოპა სუდამერიკანა (2008); ოლიმპიური ჩემპიონი (2008); 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი (1997); ინტერტოტოს თასი (2003, 2004).
ინდივიდუალური: არგენტინის
წლის ფეხბურთელი (3-გზის: 2000, 2001, 2008); სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი (2001); ლა ლიგის საუკეთესო ლეგიონერი (2005).

ის 33 წლისაა და თავის, 15-წლიან ბრწყინვალე კარიერის დაისს უახლოვდება, მაგრამ ახლაც კი იშვიათია, მისნაირი შემოქმედებითი ნახევამცველი - არგენტინელი ხუან რომან რიკელმე, თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო. შობა-ახალ წელს რიკელმე ტიტულით ეგებება, მისმა "ბოკა ხუნიორსმა" აპერტურა მოიგო და ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუც შედგა.

- თქვენი კარიერის დაწყებიდან 15 წელიწადი გავიდა, როცა იწყებდით, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი ფეხბურთში?
- ვოცნებობდი "ბოკას" მაისურზე, "ბომბონერაზე" თამაშზე, რადგან მთელი ოჯახი ამ კლუბს ვგულშემატკივრობდით. ოცნება ამიხდა და თანაც როგორ.

- ახალგაზრდობაში ვის ბაძავდით, ვინ იყო თქვენი კუმირი?
- მარადონას ეპოქაში გავიზარდე, თითოეული არგენტინელისთვის დიეგო უდიდესი ფეხბურთელია. რამდენჯერ წარმომიდგენია, ქუჩაში თამაშისას, თითქოს, მარადონა ვარ. ბურთს მივიღებდი და ვამბობდი, "ბურთით მარადონაა". ახლა ჩემი ბიჭი თამაშისას გაიძახის, "ბურთით მესია" - ლეო მესი ახალი თაობის გმირია, ჩვენი მარადონა იყო.

- ამოარჩიეთ თქვენი კარიერის ორი მომენტი, ერთი ყველაზე პოზიტიური, მეორე - ნეგატიური.
- ძალიან ძნელია ერთის არჩევა. უარყოფითი ალბათ 2006 წლის ლიგის ნახევარფინალი იყო, როცა ჩვენ (ვილიარეალი) "არსენალთან" წავაგეთ. ძალიან, ძალიან გვინდოდა ფინალში გასვლა, რადგან ვიცოდით, რომ "ვილიარეალს" ამის შანსი ალბათ აღარასოდეს მიეცემოდა.

- თქვენ იმ თამაშში გადამწყვეტი პენალტი გააცუდეთ, თუ ნახეთ შეხვედრა გამეორებით?
- დიახ, ვუყურე - ყველა თამაშს ვნახულობ გამონაკლისის გარდა. ახლაც ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, ჩვენ "არსენალზე" უკეთესი გუნდი ვიყავით. მაგრამ ფეხბურთში ფორტუნამ თუ ზურგი შეგაქცია, მორჩენილია შენი საქმე.

- რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეთ...
- ეს ჩემს კარიერაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ტურნირის იმედგაცრუება ვიყავით, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ისე გავვარდით, მატჩი არ წაგვიგია. მე კი მიმაჩნია, რომ საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით, პირადად ყველაზე მეტი საგოლე პასი მივითვალე.

- დავუბრუნდეთ მასპინძლებთან მეოთხედფინალში მარცხს...
- თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, ასე არ იყო? თითქოს არგენტინას უნდა გაეტანა მეორე და არა გერმანიას - საპასუხო. ბურთი შორეულ ძელთან მიროსლავ კლოზეს მიუვიდა, ის კი ჰაერში ფენომელარულია, თავით უკეთ თამაშობს, ვიდრე - ფეხით. პენალტების სერია იღბლის თამაშია, მეტოქის მეკარეს კარგი დღე ჰქონდა, სულ ეს არის...

- სხვათა შორის, იენს ლემანი იდგა მაშინაც კარში, როცა თქვენ "არსენალის" კარში პენალტს ურტყამდით...
- მსოფლიოს ჩემპიონატზე რევანშის შანსი არ მქონდა, პენალტების სერიამდე შემცვალეს.

- ყველას დაამახსოვრდა პენალტების ის სერია წერილით, რომელიც ლემანმა მიიღო.
- კი, მაგრამ ფურცელზე არაფერი ეწერა.

- მართლა?
- დიახ, ეს იყო ტაქტიკური სვლა, დროის გაყვანის და ჩვენი პენალტისტების ანერვიულების. მაგალითად, ესტებან კამბიასომ შუაში და მაღლა დაარტყა, ცხოვრებაში არ მინახავს მას ასე დაერტრყას პენალტი, თუნდაც ვარჯიშზე. ლემანმა მაშინ იყოჩაღა, რად უნდა თქმა.

- რას აკეთებთ მოედნის მიღმა, უყურებთ თუ არა ფეხბურთს?
- ყველაფერს ვუყურებ. არგენტინის ჩემპიონატის მატჩებს, ევროპულ ფეხბურთს, სანაკრებო მატჩებს.

- არის თუ არა გუნდი, რომლის თამაშების ნახვა ყველაზე მეტად მოგწონთ?
- ყველას მოგვწონს "ბარსელონას" თამაშების ყურება. მათ გუნდში ერთდროულად მოიყარეს თავი მესიმ, ინიესტამ, ჩავიმ, პიკემ... ყველა ერთ გუნდში, ერთ დროს - ეს ნამდვილი ბედნიერებაა.

- ასეთი გუნდის დამარცხების რეცეპტი თუ გაქვთ?
- "ბარსას" დამარცხება ძალიან ძნელია. ორმატჩიან რაუნდში კიდევ შეიძლება ბედმა გაგიღიმოს, მაგრამ ჩემპიონატებში მათი დამარცხება შეუძლებელია. ერთი გამონაკლისი ვიცი, მწვრთნელი ლუის გარსია, რომელმაც შარშან ქულები დააკარგვინა კატალონიელებს "ლევანტესთან" ერთად, ახლა კი "ხეტაფეთი" სულაც მოუგო. "ბარსა" და "რეალი" ორი განსხვავებული სტილის გრანდია, ისინი ძალიან უსწრებენ დანარჩენებს.

- "ბარსას" თამაშს რომ უყურებთ, ალბათ, გული გწყდებათ, რომ იქ "არასწორ" დროს გადახვედით?
- მაშინ კლუბში არჩევნები იყო, იყო ბევრი შიდა პრობლემა, დაძაბულობა. მაგრამ ახლა იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად მინდა ყოფნა - "ბოკა" ჩემი სახლია.

- რას იტყვის "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელი "რივერ პლეიტის" დაკნინებაზე?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რომ ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ "რივერი" გავარდა. ეს იგივეა, რომ ესპანეთში "ბარსა" ან "რეალი" გავარდეს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, "რივერი" მალე დაბრუნდება, მათთან თამაში მომენატრა.

- ახლანდელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- მესი საუკეთესოა, ყველას სჯობს. კრიშტიანო რონალდო "პლეისტეიშენის" იდეალურ "ფეხბურთელს" ჰგავს: ის ორივე ფეხით დიდებულად ურტყამს, სწრაფია, დიდებულია საჰაერო ორთაბრძოლებში, პენალტები და ჯარიმები გააქვს, ყველაფერი შეუძლია. მაგრამ იმას, რასაც მე ფეხბურთს ვეძახი, საუკეთესოდ ინიესტა თამაშობს - მან ყველაფერი იცის, როდის წავიდეს წინ, როდის მისცეს პასი, როდის მოატყუოს, დააგდოს ან მოუმატოს ტემპს. ეს ყველაფერი ვარჯიშით არ მოდის, ის უბრალოდ ან გაქვს ან - არა. შეიძლება ისწავლო, როგორ დაარტყა, ან როგორ ფლობდე ბურთს, მაგრამ იცოდე ყველაფერი რა შეიძლება მოხდეს მოედანზე, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

- ინიესტაც ხშირად გაქებთ...
- მე რომ "ბარსელონაში" გადავედი, ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ჩვენთან ვარჯიში დაიწყო და ამ ბიჭის ფანი გავხდი. ერთად ბევრ დროს ვატარებდით, ახლაც ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს.

- ამას წინათ განაცხადეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში იმიტომ გსურთ, რომ ეს შვილმა გთხოვათ.
- ის 9 წლისაა, ფეხბურთი ესმის და იცის, რომ მომავალი მუნდიალი ბრაზილიაშია. ძალიან მინდა მუნდიალზე მოვხდე, ცდას არ დავაკლებ. ბრაზილიაში ყველა ვარიანტში მოვხდები, თუ ფეხბურთელად არა, მაშინ არგენტინის ნაკრების ერთ, რიგით ფანად.

- გავიგეთ, რომ მეტოქე ფეხბურთელების მაისურების კოლექცია გაქვთ, რომელია ყველაზე დიდი შენაძენი?
- უზარმაზარი კოლექცია მაქვს და დიდად ვუფრთხილდები, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენონ, ზინედინ ზიდანის მაისურს შევინარჩუნებ, სხვებს კი დავთმობ. უნიკალური მაისურია, ზიდანს ამის შემდეგ მადრიდში "რეალის" მაისურით აღარ უთამაშია. წინა დღით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი მაისურა არა აქვს. მაშინვე შევთანხმდით, რომ მატჩის შემდეგ გავცვლიდით. იმ თამაშში ზინედინი 5 წუთით ადრე გამოცვალეს, რომ ფანებს ოვაცია მოეწყოთ. ის კი იდგა და მელოდა, რომ პირობა შეესრულებინა. დიდებული მომენტი იყო და დიდებული ფეხბურთელი.

- დაბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი თქვენ ცხოვრებაში?
- ფეხბურთი ჩემი ყველაფერია! მე მიყვარს ფეხბურთი ისევე, როგორც პატარა გოგონას - საყვარელი თოჯინა. ადამიანი, ვინც ფეხბურთი მოიგონა ყველაზე დიდი გმირია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული