უკანასკნელი მოჰიკანიც წავიდა

AutoSharing Option
ბუენოს აირესის გარეუბანში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული არგენტინელი ფეხბურთელი ფრანსისკო ვარალიო.

ფეხბურთის მოყვარულთა ახალი თაობისთვის (და ალბათ უფროსისთვისაც) ეს სახელ-გვარი თითქოსდა უცნობია, მაგრამ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ვარალიო პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ხოლო მის გარდაცვალებასთან ერთად მთელი ეპოქა დასრულდა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის მონაწილეთაგან მხოლოდ ფრანსისკო ვარალიო იყო ცოცხალი...

ისტორიაში პირველი, მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატი ურუგვაიში გაიმართა და იმ მუნდიალის ფინალურ მატჩში მასპინძლებმა არგენტინელებს 4:2 მოუგეს. ფრანსისკო ვარალიო ამბობდა, რომ იმ ფინალის გახსენება
მისთვის საკმაოდ რთულია: მისი გუნდი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

ვარალიოს თქმით, მას იმ მატჩში მონაწილეობა წესით არც უნდა მიეღო – მუხლის ტრავმა ჰქონდა.

"ყველა იმ მატჩზე მეკითხება, არადა მაშინ არც უნდა მეთამაშა, მაგრამ თავი გამოვიდე და მაინც ვითამაშე. ფინალისთვის მზად არ ვიყავი, თუმცა მაშინ მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი", - ამბობდა ყოფილი ფეხბურთელი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

1930-ში ვარალიო მხოლოდ 20 წლის იყო. არგენტინის ნაკრებში ჭაბუკი სამოყვარულო კლუბიდან, მშობლიური ლა პლატის "ხიმნასიადან" მოხვდა, ხოლო მუნდიალის დასრულების შემდეგ "ბოკა ხუნიორსთან" პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ამ კლუბის შემადგენლობაში არგენტინის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. არგენტინის ნაკრებთან ერთად ვარალიომ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. ფრანსისკო ვარალიო ფენომენალური ბომბარდირული თვისებებით იყო დაჯილდოებული: "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში ჩატარებულ 222 მატჩში 194 გოლის გატანა მოახერხა და ეს მართლაც ფანტასტიკური რეკორდი ძალაში 49 წლის განმავლობაში იყო, ვიდრე 2009 წელს მარტინ პალერმო არ გააუმჯობესებდა. გამორჩეული გოლეადორობისთვის ფრანსისკო ვარალიოს საფეხბურთო სამყარომ Cañoncito-დ მონათლა, რაც ქართულად "პატარა ზარბაზანს" ნიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული