30 ოქტომბერს დიეგო არმანდო მარადონას 50 წელი შეუსრულდება. დიდმა არგენტინელმა ამ იუბილეს ასე აღნიშვნა გადაწყვიტა: 1987 წლის ფორმაციის "ნაპოლი" საქველმოქმედო მატჩში ამავე კლუბის 1990 წლის შემადგენლობას შეხვდება, ხოლო მარადონა ორივე გუნდს თითო ტაიმს უკაპიტნებს.
შეგახსენებთ, რომ 87-ში და 90-ში ეს იტალიური კლუბი სერია A-ს ჩემპიონი გახდა, ხოლო დიეგო ორივე შემთხვევაში ნეაპოლელთა კაპიტანი გახლდათ.
"იმ ბიჭების ხელახლა შეკრება გადავწყვიტე, - უთხრა მარადონამ Gazzetta dello Sports-ს, - "ნაპოლიში" გატარებული წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია".
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ დიეგო
მარადონა უმუშევარია. ამბობენ, რომ მას იტალიაში გადაბარგება გადაუწყვეტია, არადა ცნობილია, რომ უკვე ორი ათეული წელია, არგენტინელს იტალიელ სამართალდამცველებთან გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.