სერხიო დანიელ ბატისტას 47 წლის ასაკში ეწვია კარიერის გამოწვევა - მას არგენტინის ნაკრები ჩააბარეს. ბატისტამ ეს აღიარება არგენტინის ოლიმპიური ნაკრების ტრიუმფის გამო დაიმსახურა - პეკინში არგენტინის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. "ელ ჩეჩო" ჯერ მხოლოდ დროებითაა ეროვნული ნაკრების თავკაცი, თუმცა იმედოვნებს, რომ ხანგრძლივ კონტრაქტს დაიმსახურებს და არგენტინას 2011 წლის "კოპა ამერიკაზე" და 2014 წლის მუნდიალზე გაუძღვება.
7 სექტემბერს ბატისტას პირველი დიდი გამოცდა ელის, ამხანაგური მატჩი მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან. ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც 1986 და 1990 წლების არგენტინის ნაკრების წევრი გახლდათ, ფიფას
- პეკინის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩვენთან საუბარში თქვით, რომ ერთ დროსაც სამწვრთნელო კარიერის შეწყვეტას აპირებთ. ახლა კი თქვენ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გხედავთ...
- მახსოვს, ზუსტად ასე ვფიქრობდი, როცა ოსკარ რუჯერის თანაშემწე ვიყავი "სან ლორენსოში". ისეთი საგიჟეთი იყო და ცუდი ატმოსფერო, რომ სხვანაირად ვერ ვიფიქრებდი. ერთხელ მოედანზე გასვლაც კი ვერ შევძელით, ექვსი საათის განმავლობაში გასახდელში ვიყავით ჩაკეტილები უსაფრთხოების მიზნით. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს - სხვა პროფესია უნდა ავითვისო...
- ყველაზე მეტად რა გაღელვებდათ მაშინ?
- ის შეგრძნება, რომ არ ხარ საჭირო ადამიანი. ყოველ სამ თამაშში ჩვენი მწვრთნელობის საკითხი ისმებოდა. არგენტინაში სხვა არაფერი უნდათ - მხოლოდ შედეგი. თუ იგებ, ხალხის თვალში კარლოს გარდელი ხარ, თუ ვერა - არაფერი. ეს ხომ არასწორი პოზიციაა. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ფეხბურთი თამაშია, სადაც შესაძლებელია ძალიან კარგად ითამაშო და მაინც დამარცხდე.
- ახლა ძალიან გაწონასწორებული კაცი ჩანხართ, მაგრამ ადრეც ასე იყო?
- არა, ადრე უფრო ხშირად შევდიოდი კონფრონტაციაში, მეტად აგრესიული ვიყავი და რაც არ მომწონდა, შემეძლო პირში მიმეხალა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვლაპარაკობ, დავმშვიდდი და გავიაზრე, რომ ფეხბურთი არ არის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი, უფრო მეორეხარისხოვანი რამეა, თამაშია. დღეს ვარ ფეხბურთში, ხვალ შეიძლება აღარ ვიყო ამ სფეროში. სულ ეს არის.
- არ ფიქრობთ, რომ დასამშვიდებლად "არასწორი" სამსახური შეარჩიეთ?
- ყველაფერი ძალიან კარგად გავაანალიზე სანამ ამ სამსახურს დავთანხმდებოდი. აქამდე თუ 40 ათასი ადამიანის თვალთახედვის არეში ვიყავი, ახლა 40 მილიონი კაცის რისხვა შეიძლება დამატყდეს თავს. მაგრამ კარგი მხრიდანაც ხომ შეიძლება შევხედოთ ყველაფერს? ამ დანიშვნით შესანიშნავი შანსი მომეცა მთელი ერი გავახარო. ამიტომაც ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან ბევრი რამ თავდაყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ თამაშია.
- ხშირად არ ხდება, როცა დროებით დანიშნულები აცხადებენ, რომ უფრო ხანგრძლივი მუშაობისთვის მზად არიან. არ გერჩივნათ, ასეთი განცხადებებისგან თავი შეგეკავებინათ?
- მართალია, დროებით ვარ დანიშნული ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ საქმეს ისე შევუდექი, როგორც სრულფასოვანი მწვრთნელი. მსურს ეს თანამდებობა დიდი ხნით დავიბევო და რატომ დავმალო? მიმაჩნია, რომ ამ საქმისთვის მზად ვარ. მწვრთნელობას, რომ ვიწყებდი, ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი ეროვნული გუნდის თავკაცობაზე. ვიმედოვნებ, ხელმძღვანელობა ამხანაგური მატჩების შედეგებით არ შემაფასებს, არამედ თუ როგორ შევუდექი საქმეს, როგორ ვქმნი ახალ გუნდს, რა ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან და როგორი მეთოდებით ვმუშაობ. დასამალი არაფერია, ეს თანამდებობა მსურს.
- ფეხბურთელთა მხარდაჭერა უკვე დაიბევეთ...
- ამისთვის მათი დიდი მადლობელი ვარ. გახარებული ვარ, როცა ასეთი სიტყვები მესმის ლიონელ მესისგან, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი სიამოვნებით ითამაშებს ნაკრებში, შესაბამისად ეროვნულ გუნდს უფრო გამოადგება. ნაკრებში კარგი ფეხბურთელები არიან, კომუნიკაბელურნი. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ირლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.
- როგორია ამდენი კაშკაშა ვარსკვლავის "მწყემსვა"?
- ძალიან ძნელი. ყურადღებას არ ვაკლებ მათ. სიმართლე გითხრათ, ხანდახან სჯობს გუნდში კარგი ადამიანი აიყვანო, რომელიც შეიძლება ნაკლები დონის ფეხბურთელია, ვიდრე რომელიმე ვარსკვლავი, ვისაც განხეთქილება შემოაქვს გუნდში და პრობლემებს ქმნის. თუმცა ეს ჩემს ბიჭებს არ ეხება, მე მათთან ურთიერთობაში პრობლემები არ მქონია.
- რადგან ვარსკლავებზე ვლაპარაკობთ, ადასტურებთ, რომ ხუან რამონ რიკელმესთვის არგენტინის ნაკრების კარი კიდევ ერთხელ გაიღო?
- ის ნამდვილი სანეკრებო ფეხბურთელია, მის გვერდით ძალიან ბევრს ისწავლიან ახალგაზრდები. თუკი ის ფორმაშია, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ოლიმპიადაზე ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
- მაგრამ ბევრს საუბრობენ მის ხასიათზეც...
- ის მართლაც განსაკუთრებულია, ყველას ერთი საზომით ვერ მიუდგები და რიკელმესაც ხანხადან უნდა გაუგო. ის თითქმის არასოდეს ლაპარაკობს, თუ ეს ძალიან საჭირო არ არის. მიუხედავად ამ უცხოობისა, მას ძლიერი ხასიათი აქვს.
- მოდით, თქვენს მიერ ესპანეთის ნაკრებთან მატჩისთვის გამოძახებულთა სიას გადავხედოთ: ძანეტი, კამბიასო, დ'ალესანდრო, გაბი მილიტო. მოკლედ, მარადონასგან მივიწყებულნი...
- ეს ფეხბურთელები გამოცდილებას შემატებენ ნაკრებს. შეუძლებელია გუნდში მხოლოდ ახალგაზრდები ათამაშო, ასე არ შეიძლება. თვეებში "კოპა ამერიკა" მოდის და ფეხბურთელების პასპორტს ვერ დავეყრდნობი, მთავარი ვინ როგორ ფორმაშია და როგორ ფეხბურთს თამაშობს.
- ძანეტი, ალბათ, განსაკუთრებული ფეხბურთელია არგენტინის ნაკრებისათვის...
- ძანეტი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, როგორებითაც მსურს გუნდი ავაშენო. დღეისათვის, ის იდეალური არჩევანია ნაკრებისათვის. მას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ფარავს დიდ დისტანციას თამაშის დროს, დიდებულად "ურთიერთობს" ბურთთან. მას შეუძლია მომავლის ვარსკვლავებს, პაბლო საბალეტას და მარკოს ანგელერის ბევრი სასარგებლო ჩვევა შეასწავლოს. მოპირდაპირე ფლანგზე იგივე ფუნქცია ექნება გაბრიელ ჰაინცეს, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ ასწავლოს ემილიანო ინსუასა და კლემენტე როდრიგესს.
- რას იტყვით ანდრეს დ'ალესანდროს მოწვევაზე?
- ის ახლა ფანტასტიკურ ფორმაშია. დ'ალესანდრო ისედაც ძალიან ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელი იყო, მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში, პლუს ამას შესანიშნავ ფორმაშია, მაშ რატომ არ უნდა მომეწვია ნაკრებში?
- მოდით, მომავალ მატჩზე ვისაუბროთ, შეძლებთ ესპანეთის ნაკრების დამარცხებას?
- კი, მასე ვფიქრობ. ესპანელებს ძალიან ვაფასებ და მათი თამაშის სტილი მიყვარს, მათ ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ და ჩვენგან განსხვავებით, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ესპანელთა თამაშის სტილის კოპირებას აზრი არა აქვს, თუმცა შორეული გეგმების და დასახული მიზნისკენ სწრაფვას კი მოვუწონებ და ჩემს გუნდშიც დავნერგავ თუ მაცლიან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრებების თამაში სანახაობრივი გამოვა.
- თქვენ თქვით, რომ "ბარსელონა" სამაგალითო კლუბია, ბევრმა ეს ისე გაიგო, თითოქს "ბარსელონაში" მოთამაშე არგენტინელებს კარტ-ბლანში ექნებათ...
- მცდარი დასკვნები გამოუტანიათ. მე მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც "ბარსელონა" თამაშობს, თუ როგორ აწყობენ ზედიზედ 6-8 პასს, ერთმანეთზე უკეთესს. ეს ჩემი საფეხბურთო გემოვნების საკითხია, ამ კლუბისგან თამაშის სტილის კოპირებას კი არ ვაპირებ.
- ერთხელ თქვით, რომ დიეგო მარადონა იმაზე უკეთესი პიროვნებაა, ვიდრე ფეხბურთელი იყო...
- დიახ, ის ძალიან კარგი პიროვნებაა. მას შეცდომები ისევე მოსდის, როგორც სხვა ადამიანებს, მაგრამ დიდებული კაცია. ჩვენ ერთად დიდი ხანი გაგვიტარებია და ერთმანეთს ბევრჯერ დავხმარებივართ. როცა ადამიანი შენს დასახმარებლად მაშინ მოდის, როცა ძალიან გიჭირს, თან ისე, რომ არ გითხოვია, ის უცილობლად კარგი ადამიანია. ასეთია დიეგო.
- ბოლოს თუ ელაპარაკეთ?
- ვურეკავდი, მაგრამ ვერ დაველაპარაკე. მესმის მისი, ახლა ის ალბათ არ არის სათანადო განწყობაზე. მაინტერესებდა როგორ არის, რადგან გერმანიასთან მარცხის შემდეგ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
- სად ხედავთ თქვენს თავს 2011 წლის ივლისში?
- იმედია, "კოპა ამერიკაზე". მსურს ნაკრებში მუნდიალის ჩათვლით დავრჩე. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, უბრალოდ ოცნებაა.
ლელო