ფლუმინენსე მაინც გამოძვრა

AutoSharing Option

პარასკევს გამართული ორივე მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ასეთი შედეგების პროგნოზირება წინასწარ იყო შესაძლებელი.

ძლიერი "რასინგის" მიერ ზედიზედ განცდილი 4 მარცხი თავისთავად სენსაცია გახლდათ და ეს სერია ოდესმე უნდა შეწყვეტილიყო. მიგელ ანხელ რუსომ რადიკალურ ზომებს მიმართა და სასტარტოდან ამოაგდო ლიდერთა ჯგუფი:  კლაუდიო ბიელერი, ლუკას კასტრომანი, რობერტო ფერნანდესი, ლუკას ლიხტი, ბრუნო სუკულინი. სკამზე დარჩნენ გაბრიელ აუჩე და რობერტო აიალაც. სათადარიგოებმა გაამართლეს იმედები, განსაკუთრებით ჯოვანი მორენომ, რომელსაც Ole-მ 8,5 ქულა დაუწერა.

ანგარიში სრულიად იდიოტური გოლით გაიხსნა - მცველს ბურთი, მოგერიების ნაცვლად, კარისკენ

მოეჭრა, მეკარე დაიბნა და მატიას მარტინესმა თავით დაარტყა 2 მეტრიდან - 1:0! ამის მერე დიეგო აბალმა "ლანუსს" ჯერ აგუსტინ პელეტიერი გაუძევა, მერე მაქსიმილიანო ლუგო, თან მორენოს პენალტიც დაარტყმევინა 2:0. "წაქცეულის რბევა" შეცვლაზე შემოსულმა აუჩემ დაასრულა: ჯერ მატიას კაჰაისს გაატანინა, მერე კი თვითონ შეირგო მორენოს გადაცემა - 4:0.

"აკადემიის" მსგავსად შეწყვიტა წარუმატებელი სერია ლა პლატის "ხიმნასიამ", რომელსაც 5 სასტარტო ტურში ("ესტუდიანტესთან" დერბი გადატანილია) გოლის გემო საერთოდ არ გაესინჯა, ამჯერად კი ერთბაშად 3 გაუტანა "ურაკანს".
32-ე წუთზე ურუგვაელი ალვარო ნავარო შეტევის მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და მოჭრილი დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო მეკარეს - 1:0.

მატჩის მიწურულს კი დიეგო კოკას გუნდში გაიბრწყინა ერნან ენსინამ  (9 ქულა Ole-სგან). 81-ე წუთზე კორდობას ჩაწოდება საჯარიმოდან გასტონ მაჩინმა გამოიტანა, ენსინამ კი ერთი შეხებით მოჭრა და დააბრუნა ცხრიანში!!! მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მანვე დაასრულა ლუკას კასტროს გარღვევა - 3:0

შაბათს ლიდერმა "სან ლორენსომ" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა "ოლიმპოს" წინააღმდეგობა. პირველ ნახევარში გუნდებმა ტყუპისცალი გოლები გაცვალეს. ორივე შემთხვევაში ფლანგური ჯარიმიდან ჩახვეული დარტყმები მეკარეებმა უხეიროდ მოიგერიეს და ჯერ დავიდ ვეგამ დააწინაურა სტუმრები, მერე კი კრისტიან ტულამ გაათანაბრა - 1:1. ჯარიმის გათამაშებას მოყვა ხონატან ბოტინელის გოლიც, რომელიც მცველმა თავით შეაგდო, ხოლო როცა "ოლიმპოს" მარსელო მოსეტი გაუძევეს, დიეგო რივერომ საბოლოო წერტილი დაუსვა ხუან მენსეგესისა და ლეანდრო რომანიოლის შეტევას - 3:1.

მენდოსაში დასრულდა "გოდოი კრუსის" ყისმათი. მართალია, მასპინძლებმა მოიგეს პირველი ტაიმი დავიდ რამირესის შორეული დარტყმით, მაგრამ "ტიგრემ" შემოატრიალა ბედი და თამაშის განახლებისთანავე გაათანაბრა - დენის სტრაკუილარსიმ ახლო მანძილიდან დააგვირგვინა მარტინ გალმარინი - რომან მარტინესის კომბინაცია - 1:1. 75-ე წუთზე სტუმრებმა შედეგიანად გაითამაშეს კუთხური და კლაუდიო პერესის გოლით 3 ქულა გაიფორმეს - 1:2

უგოლოდ დასრულდა მატჩი სარანდიში. "არსენალმა" მშვიდად შეავსო 0 ფრეების გრაფაში და არც "ველესს" ჰქონია რაიმე დისკომფორტი.

ძლივს გადარჩა მორიგ წაგებას ჩემპიონი "არხენტინოსი". მართალია, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ხუან საბიამ დააწინაურა სტუმრები (მისკენ წასული დაბალი გადაცემა 5 მეტოქეს ასცდა!!!), მაგრამ "კილმესმა" ხუან ხოსე მორალესის აქტიურობით მალევე მოიპოვა უპირატესობა. "ხოტა ხოტამ" ჯერ ნახტომში თავით გაატანინა დიეგო ტორესს, მერე კი თვითონ დაარტყა თავური ფაბრიციო ფონტანინის მოწოდებულს - 2:1. პედრო ტროლიოს სამსახური მსაჯმა პატრისიო ლუსტაუმ (მან მასპინძელთა 2 ნახევარმცველი ჩარლზ არანგისი და სანტიაგო ხირსიგი გააძევა) და 93-ე წუთზე გათამაშებულმა კუთხურმა შეუნარჩუნეს ხუან მერსიერმა და სერხიო ესკუდერომ ბოლო დარტყმა ნიკოლას ბერარდოს მიანდეს - 2:2.

ტროლიოსგან განსხვავებით, ვერ გადარჩა "ინდეპენდიენტეს" თავკაცი დანიელ გრანერო, რომელსაც კვირას წირვა გამოუყვანა ჩემმა საყვარელმა "ბანფილდმა". "მოსისხლე" "ლანუსის" განადგურებით გახარებულმა გილერმო ბორენსტაინმა მატჩის წინ Facebook-ში კლუბის დროშაში გახვეული შვილების ფოტო გამოფინა. შემდეგ ჯერზე კი უთუოდ ემილიო სელაიას გამოსახულების მოძებნა მოუწევს, რადგან ამან პირადად მოუგო "წითელ ეშმაკებს"! რუბენ რამირესის სწრაფი გოლის მერე მინდორზე სელაია სოლირებდა. მე-20 წუთზე მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა და სებასტიან რომეროს მიუვიდა - 2:0, 50-ე წუთზე ფორვარდმა ძელს მოარტყა - ამჯერად რამირესმა დაამატა - 3:0, 82-ე წუთზე სელაიამ საჯარიმოში ამასხარავა 2 მცველი და მეკარე, ბოლოს კი კუთხეში მოუჭრა - 4:0.
"ოლ ბოისმა" მოუგო ფავორიტ "ესტუდიანტესს" - 2:1. მიზეზი მარტივია - ალეხანდრო საბელამ დაასვენა გასტონ ფერნანდესი და ურუგვაელი როდრიგო ლოპესი, ხოლო მათმა შემცვლელებმა (კარლოს აუსკი, ხუან პაბლო პერეირა) არ გაამართლეს! პირველ ტაიმში გუნდებმა თითოჯერ გაიტანეს თავური - ედუარდო დომინგესმა კუთხურის მერე, როდრიგო ბრანიამ კი გაბრიელ მერკადოს პასით - 1:1. სტუმრებისთვის საბედისწერო გამოდგა 49-ე წუთი, როდესაც მცველები საჯარიმოსთან გაშეშდნენ, ბურთი სებასტიან გრაცინის დაუთმეს და ამანაც 20 მეტრიდან თავს ზემოთ გადაავლო მეკარეს - 2:1.

როსარიოში წააგო "რივერმა". "ნიუელსმა" დებიუტშივე გაიტანა, როცა მაურისიო სპერდუტის ჩაწოდებულს ივან ბორგელომ შეაგება თავი - 1:0.

სამაგიეროდ, მოიგო მეორე გრანდმა. "ბომბონერაზე" "ბოკა" აგებდა "კოლონთან" (ივან მორენო ფაბიანესი), სანამ საქმეში უბერებელი მარტინ პალერმო არ ჩაერთო. მან ჯერ შებასტიან ბატალია - მატიას კარუსოს კომბინაცია დააგვირგვინა ელეგანტური საჩოგბურთო "სანთლით", მერე კლემენტე როდრიგესის ჩამოწოდებული გაიტანა, ბოლოს კი, ჩვეულ სტილში აცდენილი პენალტით გაბრაზებულმა მაინც შეასრულა ჰეთ-თრიკი, როცა იმავე კლემენტესა და ლუკას ვიატრის იერიშს შეუერთდა - 3:1. პალერმოსთვის ეს იყო პირველი ჰეთ-თრიკი 2007 წლის მერე. მაშინ მან მშობლიურ "ესტუდიანტესს" აყარა შავი დღე. სწორედ იმას, რომელსაც "ბოკა" შაბათს ეწვევა ტურის ცენტრალური მატჩის გასამართად.

თ მ ფ წ ბ ქ
1. სან ლორენსო 7  4  3  0 12-6 15
2. ველესი 7 4 2 1 8-4 14
3. ბანფილდი 7 3 4 0 10-4 13
4. ესტუდიანტესი 6 4 1 1 8-3 13
5. არსენალი 7 4 1 2 8-5 13
6. რივერ პლეიტი 7 4 1 2 7-5 13
7. ნიუელსი 7 3 3 1 8-5 12
8. გოდოი კრუსი 7 3 2 2 13-9 11
9. ტიგრე 7 3 1 3 9-7 10
10. ბოკა ხუნიორსი 7 3 1 3 11-10 10
11. ოლ ბოისი 7 3 1 3 8-8 10
12. რასინგი 7 3 0 4 9-8 9
13. ლანუსი 7 2 3 2 7-11 9
14. ურაკანი 7 2 2 3 7-11 8
15. კოლონი 7 1 3 3 6-10 6
16. ოლიმპო 7 2 0 5 5-10 6
17. ხიმნასია 6 1 2 3 3-5 5
18. კილმესი 7 0 4 3 5-11 4
19. არხენტინოსი 7 0 3 4 5-10 3
20. ინდეპენდიენტე 7 0 3 4 5-12 3

არგენტინა. აპერტურა. VII ტური
პროგნოზირებადი ამბები


რასინგი-ლანუსი 4:0
გოლები: 1:0 მარტინესი (42), 2:0 მორენო (63-პენ), 3:0 კაჰაისი (72), 4:0 აუჩე (89)

ხიმნასია-ურაკანი 3:0
გოლები: 1:0 ნავარო (32), 2:0 ენსინია (81), 3:0 ენსინა (90)

სან ლორენსო-ოლიმპო 3:1
გოლები: 0:1 ვეგა (13), 1:1 ტულა (31), 2:1 ბოტინელი (62), 3:1 რივერო (79)

გოდოი კრუსი-ტიგრე 1:2
გოლები: 1:0 დავიდ რამირესი (17), 1:1 სტრაკუალურსი (46), 1:2 პერესი (75)

კილმესი-არხენტინოსი 2:2
გოლები: 0:1 საბია (48), 1:1 ტორესი (62), 2:1 მორალესი (77), 2:2 ბერარდო (93)

არსენალი-ველესი 0:0

ოლ ბოისი-ესტუდიანტესი 2:1
გოლები: 1:0 დომინგესი (28), 1:1 ბრანია (46), 2:1 გრასინი (49)

ნიუელსი-რივერი 1:0
გოლი: 1:0 ბორგელო (10)

ბანფილდი-ინდეპენდიენ. 4:0
გოლები: 1:0 რუბენ რამირესი (3) 2:0 რომერო (20), 3:0 რუბენ რამირესი (50) 4:0 სელაია (82)

ბოკა-კოლონი 3:1
გოლები: 0:1 მორენო ფაბიანესი (41), 1:1 პალერმო (45), 2:1 პალერმო (49), 3:1 პალერმო (84)


ბრაზილია
სერია A. XXIII ტური
ფლუ მაინც გამოძვრა...

ტური გაიხსნა "ატლეტიკო გოიანიენსეს" საშინაო მარცხით "ატლეტიკო პარანაენსესთან" - 1:2, რომელიც ბრანკინიუს დუბლმა განაპირობა. ნახევარმცველმა ჯერ ხარიხიდან ასხლეტილს დაამატა, მერე კი მარცხენა ფრთიდან შესრულებული რეიდი დაასრულა შორეულ დაბლ კუთხეში დარტყმით.

"კორინტიანსმა" უპრობლემოდ გადაურბინა "გრემიო პრუდენტეს". ანგარიში ელიაშის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა 36 წლის ვეტერანმა იარლეიმ გახსნა, რომელსაც "ბოკასა" და "ინტერნასიონალის" რიგებში თითქმის ყველა კონტინენტური საკლუბო პრიზი აქვს მოპოვებული. მერე ჟორჟე ენრიკემ გამოიყენა ბრუნო სეზარის ზუსტი გადაცემა. მაგრამ ყველაზე ეფექტური მესამე გოლი გახლდათ. რობერტო კარლოსისა და დანილოს დაწყებული შეტევა ელიაშმა გააგრძელა, პაულინიოსგან ქუსლური პასით მეკარესთან ერთიერთზე დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

დრამატული გამოდგა "ბოტაფოგოსა" და "კრუზეიროს" შეხვედრა. უკვე მე-4 წუთზე მასპინძელთა 32 წლის მცველი ალესანდრუ მეტოქის საჯარიმოში ფორვარდისთვის შესაშური ცრუ მოძრაობით გასცდა 2 მცველს და ანგარიში გახსნა - 1:0. მეორე ნახევრის დებიუტში ჩილედან ჩამოყვანილმა არგენტინელმა ლეგიონერმა ვალტერ მონტილიომ ჯერ დიეგო რენანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, 76-ე წუთზე კი დრიბლინგით გასცდა 3 მეტოქეს და საჯარიმოს მისადგომებიდან დასცხო მარჯვენა დაბალ კუთხეში - 1:2. გავიდა კიდევ 4 წუთი და პენალტი უკვე მასპინძლებმა დაარტყეს. "ჰოფენჰაიმში" დაწუნებული მაიკოსუელი საჯარიმოში წაიქცა, ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ კი მუნდიალზე ნაჩვენები სიმშვიდით გაათანაბრა - 2:2.

შინ წააგო "ატლეტიკო მინეირომ". "ვიტორიას" მიერ პირველსავე იერიშში მოპოვებული პენალტი მისმა კოლუმბიელმა მეკარე ხულიან ვიაფარამ გაიტანა - 0:1. 12 წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ეჟიდიუმ განამტკიცა სტუმართა უპირატესობა, მერე კი მსაჯმა "ატლეტიკოს" მარტინშიც გაუგდო. მაგრამ ტაიმის მიწურულს მოსკოვის "ცსკა"-ში ნათამაშებმა დანიელ კარვალიუმ დააჭედა ცხრიანში, 65-ე წუთზე კი ნეტუ ბეროლამ აჯობა ყველას მეკარე ფაბიო კოშტას ფანტასტიკური "სეივის" მერე - 2:2. ბოლო სიტყვა კი მაინც სტუმრებს დარჩათ - "სან პაულუდან" ნათხოვარი 19 წლის ენრიკე ალმეიდას დარტყმა 3-ქულიანი გამოდგა - 2:3.

პორტუ ალეგრეში "ინტერნასიონალმა" მინიმალური სხვაობით მოუგო "ვასკო და გამას", რომელიც მინიმუმ ფრეს იმსახურებდა. პირველ ტაიმში სტუმრებს 5 საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ზე რობერტუმ, ედერ ლუიშმა, ფაგნერმა და ნილტონმა ვერაფერი მოუხერხეს "ინტერის" სათადარიგო მეკარე რენანს, რაფაელ კოელიომ კი ცარიელ კარს ააცდინა. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო არგენტინელი ფლეიმეიკერი ანდრეს დ'ალესანდრო, რომელმაც შესვენებამდე მეკარესთან პირისპირ დატოვა ლეანდრო დამიაო, ორჯერ თვითონ შეუტია სახიფათოდ, მეორე ნახევრის დებიუტში კი ესპანეთიდან დაბრუნებულ ედუს გაატანინა - 1:0. "ვასკოს" შეეძლო ქულის გადარჩენა, მაგრამ ჟონატანმა გააფუჭა ზე რობერტუს ჩინებული პასი.

ფლორიანოპოლისში "გრემიომ" 3 უპასუხო გოლი გაუტანა ადგილობრივ "ავაის", რომელიც მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ ჩოგბურთელი გუსტავო "გუგა" კუერტენი გულშემატკივრობს. კიდევ 2 საინტერესო დეტალი: ადოლფ ჰიტლერის აღზევების ხანაში გუნდში ადოლფინიო თამაშობდა, იმის წინა "ბნელ" დეკადაში კი ზე მაკაკა!.

ფრედ ითამაშეს "გუარანიმ" "სანტოსთან" და "სიარამ" "გოიასთან". ასევე თითო ქულას დასჯერდნენ რიოს ყველაზე ცნობილი დერბის - "ფლა" - "ფლუს" მონაწილენი. მაგრამ აქ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დაიდგა - ფინტებისა და გოლების კასკადით - 3:3! ვისაც წაკითხული გაქვთ იგორ ფესუნენკოს ბრწყინვალე წიგნი "პელე, გარინჩა, ფეხბურთი" უთუოდ გემახსოვრებათ რას ნიშნავს ეს მატჩი ბრაზილიურ ფეხბურთში. ვისაც არ წაგიკითხავთ, გაიხსენეთ რუსული და წაიკითხეთ!

მატჩი ჟოაო აველანჟის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. სტუმართა არგენტინელი შემტევი დარიო კონკას კუთხურიდან მოწოდებულს ლეანდრო ეუზებიომ მძლავრი თავური დაკრა - 0:1. შემდეგი 2 გოლი "ფლამენგოში" მოთამაშე ორმა "დათომ" გაიტანა. ჯერ "ფენერბახჩეში" ნაყიდმა დეივიდმა გაათანაბრა მეკარის საჯარიმოს კუთხიდან, მერე კი იმავე პოზიციიდან საბერძნეთ მოვლილმა დავიდმაც იხეირა - 2:1. "ფლუსაც" აქვს საყვარელი სახელი - გუნდში ირიცხებიან დიეგო, დიეგინიო, დიგინიო და დიგაო! მაგრამ გატანა ერთადერთმა რიკარდინიომ იკისრა და ორი ეფექტური გოლით შეეშველა თავისიანებს ქულის მოპოვებაში. შუალედში კი "ფლა" კიდევ ერთხელ დააწინაურა რენატომ, რომელმაც არანაკლებ ლამაზი საჯარიმოთი კინაღამ გახვრიტა შორეული ცხრიანი..

და ბოლოს, სან პაულუს დერბიში ლუიშ ფელიპე სკოლარის "პალმეირასმა " მოსისხლე მტერ "სან პაულუსთან წააგო - 0:2. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები 55-ე წუთზე დაწინაურდნენ. მეკარე როჯერიო სენის მიწოდებული ჯერ ფერნანდაომ გააგრძელა თავურით, მერე ჟორჟე ვაგნერმა თავითვე დაუგდო ლუკაშს და ამანაც დაუმუშავებლად დაარტყა ცხრიანში - 0:1. 18 წლის ლუკაშმა საგოლე პასიც მიითვალა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ფერნანდაო.

ატლ. გოიან.-ატლ. პარანენ. 1:2
გოლები: 0:1 ბრანკინიუ (6), 0:2 ბრანკინიუ (14), 1:2 დიოგო (58)

ბოტაფოგო-კრუზეირო 2:2
გოლები: 1:0 ალესანდრუ (4), 1:1 მონტილიო (56-პენ), 1:2 მონტილიო (72), 2:2 აბრეუ (76-პენ)

კორინთიანსი-გრემიო პრუდენტე 3:0
გოლები: 1:0 იარლეი (22), 2:0 ჟორჟე ენრიკე (48), 3:0 ელიაში (82)

გუარანი-სანტოსი 0:0

ატლ. მინეირო-ვიტორია 2:3
გოლები: 0:1 ვიაფარა (3), 0:2 ეჟიდიუ (15), 1:2 დანიელ კარვალიუ (41), 2:2 ბეროლა (65), 2:3 ენრიკე (74)

ინტერნასიონალი-ვასკო და გამა 1:0
გოლები: 1:0 ედუ (47)

პალმეირასი-სან პაულუ 0:2
გოლები: 0:1 ლუკაში (55), 0:2 ფერნანდაო (76)

ავაი-გრემიო 0:3
გოლები: 0:1 იონასი (35), 0:2 ანდრე ლიმა (64), 0:3 იონასი (71)

სიარა-გოიასი 1:1
გოლები: 1:0 ოზიელი (16), 1:1 ველინგტონ მონტეირუ (90)

ფლამენგო-ფლუმინენსე 3:3
გოლები: 0:1 ლეანდრო ეუზებიო (8), 1:1 დეივიდი (22), 2:1 დავიდი (35), 2:2 როდრიგინიო (63), 3:2 რენატო (64), 3:3 როდრიგინიო (72)



თ მ ფ წ ბ ქ 
1. კორინთიანსი 22 13 5 4 40-22 44
2. ფლუმინენსე 23 12 6 5 40-24 42
3. კრუზეირო 23 11 8 4 31-22 41
4. ინტერნასიონალი 22 11 5 6 28-21 38
5. ბოტაფოგო 23 10 8 5 36-26 38
6. სანტოსი 22 10 5 7 34-27 35
7. ატლ. პარანენსე 23 10 4 9 28-32 34
8. სან პაულო 23 8 7 8 30-30 31
9. სეარა 23 7 9 7 19-20 30
10. გუარანი  23 7 9 7 26-31 30
11. გრემიო 23 7 8 8 30-28 29
12. ვასკო და გამა 22 6 11 5 21-21 29
13. პალმეირასი 23 6 11 6 24-26 29
14. ვიტორია 23 6 10 7 28-31 28
15. ფლამენგო 23 6 9 8 21-23 27
16. ავაი 23 6 7 10 31-36 25
17. ატლ. მინეირო 23 6 3 14 28-40 21
18. გოიაში 23 5 6 12 24-40 21
19. ატლ. გოიანი 23 5 5 13 27-35 20
20. გრემიო პრუდ. 23 4 8 11 21-32 20


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული