"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა გაბრიელ მილიტომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა გაბრიელ მილიტომ განაცხადა, რომ თავის კლუბ "ინდეპენდიენტეში" კიდევ ორი მატჩის ჩატარებას აპირებს, რის შემდეგაც მოთამაშის კარიერას დაასრულებს. მისი წასვლის მიზეზი მუხლის ქრონიკული ტრავმა გახდა.

31 წლის მილიტომ აღიარა, რომ გუნდისთვის უკვე არაფერი ახლის მიცემა არ შეუძლია. ფეხბურთელის თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თამაშისგან სიამოვნების მიღების საშუალებას არ აძლევს. მილიტომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო, მაგრამ აუცილებელი.

ბოლო თამაშს მილიტო 24 ივნისს ჩაატარებს, როდესაც "ინდეპენდიენტე" არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ტიგრეს" დაუპირისპირდება. 17 ივნისს
მილიტოს კლუბი "სან ლორენცოს" ეთამაშება.

მილიტომ მოთამაშის კარიერა სწორედ "ინდეპენდიენტეში" დაიწყო, საიდანაც "სარაგოსაში" გადავიდა. 2007 წელს მცველი "ბარსელონამ" შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც არგენტინელმა 75 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. კატალონიელთა შემადგენლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ამ ტიტულებს ორი ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებაც დაურთო.

2011 წელს მილიტო კვლავ "ინდეპენდიენტეში" დაბრუნდა.

სულ მილიტოს 14 ტიტული აქვს მოპოვებული. არგენტინის ნაკრებში მან 42 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მილიტო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა.

გაბრიელ მილიტოს უფროსი ძმა, დიეგო, მილანის" ინტერის" შემადგენლობაში გამოდის. 2010 წელს დიეგო მილიტომ "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული