პასი ამერიკიდან. არგენტინის ჩემპიონატი. კლაუსურა

AutoSharing Option
ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელსაც "არსენალი" ჰქვია; გამარჯვების გოლი კი გაიტანა ფეხბურთელმა, რომელსაც ლისანდრო ლოპესი ჰქვია.

მაგრამ ეს ის "არსენალი" არ არის, რომელიც პირველად გაიფიქრეთ და არც ის ლისანდრო ლოპესია; უბრალოდ, მისი სეხნია და მოგვარე თამაშობს აქამდე არაფრით გამორჩეულ სარანდის "არსენალში" და 22 წლის მცველია! სწორედ მისმა გოლმა არგენტინის ჩემპიონად აქცია ეს სახელიანი, მაგრამ უისტორიო გუნდი.

არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაკარგეს ჩემპიონობა "ტიგრემ" და "ბოკა ხუნიორსმა", რომელმაც სულაც წააგო. აი, მისი დიდი მოქიშპე "რივერ პლეიტი" კი ერთწლიანი განშორების შემდეგ ელიტას დაუბრუნდა.

სხვათა შორის, ფრემ, რის გამოც "ტიგრემ" ჩემპიონობის შანსი დაკარგა, ეს გუნდი უმაღლეს დივიზიონში დატოვა.

კლაუსურას მართლაც ფანტასტიკური ფინიში ჰქონდა - პარალელურ მატჩებში სიტუაცია ლამის ყოველ ხუთ წუთში იცვლებოდა, რის გამოც სატურნირო მდგომარეობა და გავარდნილთა ვინაობა წამდაუწუმ იცვლებოდა.

"არსენალმა" მოუგო თავისი მატჩი "ბელგრანოს". ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აწ უკვე ყოფილ ჩემპიონ "ბოკა ხუნიორსს" გამარჯვებაც ვერ შველიდა. "ტიგრემ" კი შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა. რომ მოეგო, "ოქროს მატჩს" ითამაშებდა, მაგრამ ვერ შეძლო "ინდეპენდიენტეს" დამარცხება და ტიტული სარანდის "არსენალს" გადაულოცა.

სხვათა შორის, "ბოკას" თავკაცმა ფალსიონიმ, რომელსაც წინ "ლიბერტადორესის თასის" ფინალი აქვს, არ გარისკა და ბოლო ტურში ხავსს არ მოეჭიდა - "ოლ ბოისთან" სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა სათამაშოდ და სულაც წააგო. რაც შეეხება "ტიგრეს", ამ ფრეთი კინაღამ თავი დაიღუპა, მაგრამ კონკურენტების შედეგების წყალობით გადათამაშებაში გამოსვლა არ მოუწევს.

ჩემპიონობისთვის ბრძოლის გარდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ელიტაში დარჩენისთვის დიდმა კონკურენციამაც. 2009 წლის აპერტურის ჩემპიონი "ბანფილდი" მომავალ სეზონს ქვედა დივიზიონში გაატარებს.

"ბანფილდი" 0:3-ს აგებდა "კოლონთან", როცა მსაჯმა არეულობების გამო შეხვედრა შეწყვიტა. სავარაუდოა, რომ ამ ანგარიშს ძალაში დატოვებენ.

მაშ ასე: გავარდნენ "ბანფილდი" (1,245 კოეფიციენტი) და "ოლიმპო" (1,013). გადათამაშებაში კი "სან მარტინი" (1,263) და "სან ლორენსო (1,254) მოხვდნენ. "ბანფილდი" გავარდა და გუნდი პრეზიდენტმა კარლოს პორტელმა და მწვრთნელმა ედუარდო ასევედომ დატოვეს. გავარდნილ გუნდს 110 მილიონი პესო ვალად დაედო.

ამერიკულ საკლუბო თასებზე გუნდები ასე გადანაწილდნენ: 2012 წლის "კოპა ლიბერტადორესის" მეორე ეტაპიდან ითამაშებენ: "ბოკა", "ველესი", "ლანუსი" და "გოდოი კრუსი", პირველი ეტაპიდან - "არსენალი". "კოპა სუდამერინაკაზე" ითამაშებენ: "ინდეპენდიენტე", "რასინგი", "ტიგრე", "არხენტინოს ხუნიორსი" და "კოლონი".

"რივერ პლეიტი" ელიტაში დავიდ ტრეზეგეს დუბლმა დააბრუნა. "მილიონარესმა" შინ 2:0 მოუგო "ალმირანტეს" ვეტერანი ფრანგი ფორვარდის გოლების წყალობით და პრიმერა ბ-ში პირველი ადგილი დაიკავა.

ცოტა რამ ჩემპიონზე
ბუენოს აირესის პროვინციაში, ქალაქ აველანედას გარეუბან სარანდიში კლუბი სახელად "არსენალ ფუტბოლ კლუბი" 1957 წელს შეიქმნა. გუნდის თავკაცია გუსტავო ალფარო.

თამაშობს 16-ათასიან "დელ ვიადუქტოზე". სხვათა შორის, ამ კლუბის დამაარსებელი (ძმა ექტორთან ერთად) სხვა არავინაა, თუ არა არგენტინული ფეხბურთის დღევანდელი ბოსი ხულიო გრონდონა! აქამდე კლუბის ყველაზე დიდი ტიტული 2007 წელს მოგებული "კოპა სუდამერიკანა" იყო.

ბოლო ტური
ოლიმპი-არხენტინოსი 0:0

ნიელსი-ლანუსი 0:0

რასინგი-ველესი 1:2
გოლები: 0:1 ინსუა (37), 1:1 პილუდი (81), 1:2 ა. ფერნანდესი (86)

ოლ ბოისი-ბოკა 3:1
გოლები: 1:0 პერეა (13), 2:0 პერეა (40), 3:0 პერეა (52), 3:1 საურო (86)

სან ლორენსო-სან მარტინი 3:1
გოლები: 0:1 კარპარი (27), 1:1 ბუენო (28), 2:1 კანემანი (55), 3:1 ბუენო (81)
გაძევება: ბოგადო (29. სან მარტინი)

ტიგრე-ინდეპენდიენტე 2:2
გოლები: 1:0 ლუნა (20), 1:1 პ. როდრიგესი (49), 1:2 პ. როდრიგესი (55), 2:2 მორალესი (80).
გაძევება: ფერეირა (78. ინდეპენდიენტე)

სანტა ფე-ესტუდიანტესი 2:2
გოლები: 0:1 გ. ფერნანდესი (12), 1:1 მონტერო (14), 2:1 ერამუსპე (50), 2:2 საპატა (61)

არსენალი-ბელგრანო 1:0
გოლი: 1:0 ლ. ლოპესი (27)
გაძევება: ლოლიო (56. ბელგრანო), კ. პერესი (90. ბელგრანო)

ბანფილდი-კოლონი 0:3
გოლები: 0:1 პრედიგერი (10), 0:2 ფუერტესი (29), 0:3 ფუერტესი (30)
შენიშვნა: მატჩი 83-ე წუთზე შეჩერდა.

გოდოი კრუსი-ატლეტიკო 1:3
გოლები: 1:0 რ. რამირესი (2), 1:1 ფონტანინი (14), 1:2 კარერა (31), 1:3 ა. კასტრო (60)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 19 11 5 3 30-15 38
2. ტიგრე 19 10 6 3 29-15 36
3. ველესი 19 9 6 4 26-15 33
4. ბოკა 19 9 6 4 30-20 33
5. ოლ ბოისი 19 9 6 4 21-13 33
6. ნიუელსი 19 9 5 5 26-19 32
7. კოლონი 19 7 8 4 24-18 29
8. არხენტინოსი 19 7 6 6 17-15 27
9. ესტუდიანტესი 19 7 6 6 23-24 27
10.ლანუსი 19 7 5 7 19-18 26
11. სანტა ფე 19 5 10 4 21-20 25
12. სან ლორენსო 19 6 7 6 22-23 25
13. ატლეტიკო 19 6 6 7 26-24 24
14. ბელგრანო 19 6 6 7 17-20 24
15. სან მარტინი 19 6 4 9 21-29 22
16. ინდეპენდიენტე 19 5 5 9 22-28 20
17. რასინგი 19 5 4 10 19-27 19
18. გოდოი კრუსი 19 2 8 9 11-25 14
19. ოლიმპო 19 3 4 12 20-34 13
20. ბანფილდი 19 2 5 12 15-37 11

საუკეთესო ბომბარდირი
კარლოს ლუნა (ტიგრე) - 12 გოლი.

პრიმერა B
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რივერი 38 20 13 5 66-28 73
2. კილმესი 38 20 12 6 62-21 72
3. ინსტიტუტო 38 19 13 6 56-28 70
4. როსარიო 38 20 9 9 49-33 69

შენიშვნა: მოცემულია მხოლოდ ზედა 4-ეული. "რივერ პლეიტი" და "კილმესი" ელიტაში დაბრუნდნენ. "ინსტიტუტო" და "როსარიო სენტრალი" გადათამაშებაში მოხვდნენ.

საუკეთესო ბომბარდირი
გონსალო კასტილეიოსი (როსარიო სენტრალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული