ბრაზილიის სერია A-ში ვარსკვლავები მრავლდებიან

AutoSharing Option
ბრაზილიურ სერია ა-ში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა, რომელთა შემდეგ, როგორც იქნა, გავარდნის ზონას მოსწყდა ლიბერტადორესის თასის მფლობელი "კორინთიანსი". ჩემპიონატს კი მოულოდნელი ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - რონალდინიოს ახალი კლუბი "ატლეტიკო მინეირო".

ტრაგედია და ფეხბურთი
მოკლედ, გაგაცნობთ, რაც ამ ტურამდე მოხდა: ბრაზილიის თასის ფინალს ტრაგედია მოჰყვა. მართალია, ის პირდაპირ ფეხბურთთან დაკავშირებული არაა, მაგრამ... "პალმეირასის" გამარჯვების შემდეგ სან პაულუს გარეუბან ოსასკოში 8 ადამიანის გვამი იპოვნეს. პოლიცია ამტკიცებს, რომ ამას ქალაქში მოწყობილ საფეხბურთო ზეიმთან კავშირი არ აქვს.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დეკუმ კი "ფლუმინენსესთან" ხელშეკრულება გააგრძელა.
"ბარსელონასა" და "ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა, რომელიც 34 წლისაა, კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება, რომელსაც ვადა აგვისტოში გასდიოდა.

შინაომებისთვისაც მოიცალეს
"კორინთიანსმა", როგორც იქნა, მოიცალა შინაური პირველობისთვის და მეორედ გამოიყვანა ძირითადი შემადგენლობა.

"ტიმაომ" ამჯერად "ნაუტიკოს" მოუგო. არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ - ელიკარლოსმა ბურთი ცენტრში მიიღო და თითქმის "კორინთიანსის" საჯარიმომდე მიაღწია. იქ კი მან არაზუსტი პასი გააკეთა. მისდა ბედად მცველმა ბურთი ისევ ელიკარლოსის მიმართულებით მოიგერია, რომელმაც საჩუქარი შეიშნოვა და კასიოს კარი დალაშქრა.

"ნაუტიკო" წინ დიდხანს არ ყოფილა - რომარინიომ (რომარიოს ვაჟი) ბურთი აართვა მეტოქეს, საჯარიმოში კი ფაბიო სანტოსმა ჩააწოდა. დანილომ ერთი შეხებით დაიმორჩილა ბურთი, მეორე მოძრაობით კი ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დანილომ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა. ამის შემდეგ "კორინთიანსი" თავს კარგად იცავდა - 2:1.

თრილერი ლიდერის გამარჯვებით
ფლორიანოპოლისში ორმა გუნდმა 7-გოლიანი თრილერი შემოგვთავაზა, "ფიგეირენსეს" "ატლეტიკო მინეირო" მოულოდნელი ლიდერის სახით ეწვია. რონალდინიომ სტუმრები პენალტით დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა მასპინძლებმა იგდეს ხელთ.

ჯერ კონსეისაომ თავურით გაათანაბრა, ჟულიო სეზარმა კი წინ გაიყვანა "ფიგეირენსე". მეორე ტაიმი დაიწყო და მასპინძლებმა მესამე გაიტანეს - ჟულიო სეზარმა რონის გაატანინა - 3:1.

აი, ამის მერე ლიდერმა სამი გოლი გაიტანა და შინ 3 ქულა წაიღო! სამი გოლი "ატლეტიკო მინეირომ" 11 წუთში გაიტანა.

ჯერ რონალდინიოს ჩაწოდებულით ლეონარდო სილვამ ისარგებლა, შემდეგ ბერნარდმა თავურით გაათანაბრა და ბოლოს შეცვლაზე შესულმა გილერმემ სტუმრებს მოაგებინა - 4:3.

ბრაზილიის თასის ფინალისტი "კორიტიბა" კი საშინლად განადგურდა "პონტე პრედასთან" - 1:4. ამ მატჩში როჟერმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

მშვიდობიანი და საინტერესო კლასიკო
ბრაზილიის უძველესი "კლასიკო" "ბოტაფოგოსა" და "ფლუმინენსეს" შორის მშვიდობიანი ანგარიშით დასრულდა, რისი წყალობითაც ორივე კლუბმა შეინარჩუნა ადგილი პირველ ოთხეულში.

მეორე ტაიმში "ფლუ" ფრედმა თავურით გაიყვანა წინ, მაგრამ მალევე მარსიო აზევედუმ ანდრეზინიოს გაატანინა - 1:1. ფელიპე გაბრიელს რომ ეყოჩაღა, მასპინძლები წინაც გავიდოდნენ, მაგრამ მან მეკარესთან პირისპირ გასულმა მოახერხა და ბურთი მაინცდამაინც მას გაარტყა.

"ინტერნასიონალისა" და "სანტოსის" მატჩისგან კი აშკარად მეტს ველოდით. "ინტერიდან" საუკეთესო დაგობერტო იყო. "გრემიომ" ტაიმი 10 კაცით ითამაშა და, ამის მიუხედავად, სტუმრად 3:1 დაამარცხა "კრუზეირო". დუბლი კლებერის ანგარიშზეა.

კიდევ მეტი ვარსკვლავი
ტურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, რომ "ინტერნასიონალმა" ჟუანი შეიძინა. 33 წლის მცველი ბოლოს "რომაში" თამაშობდა.

"გლობო ესპორტეს" თუ დავუჯერებთ, მალე ბრაზილიაში კიდევ უფრო კაშკაშა ვარსკვლავი უნდა გადავიდეს - "სანტოსი" "მილანს" 28 წლის რობინიოს სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს და მეკარე რაფაელს უთმობს.

სერია A. IX ტური

კორინთიანსი-ნაუტიკო 2:1
გოლები: 0:1 ელიკარლოსი (22), 1:1 დანილო (23), 2:1 დანილო (50)

ფიგეირენსე-ატლ. მინეირო 3:4
გოლები: 0:1 რონალდინიო (18-პენ), 1:1 ანდერსონ კონსეისაო (38), 2:1 ჟულიო სეზარი (45), 3:1 რონი (60), 3:2 ლეონარდო სილვა (65), 3:3 ბერნარდი (71), 3:4 გილერმე (76)

პონტე პრეტა-კორიტიბა 4:1
გოლები: 1:0 როჟერი (36), 1:1 პერეირა (40), 2:1 რიკარდინიო (49), 3:1 როჟერი (53), 4:1 როჟერი (90)
გაძევება: ჟილი (89. კორიტიბა)
შენიშვნა: ანდერსონ აკინოს (კორიტიბა) არ უთამაშია

ბოტაფოგო-ფლუმინენსე 1:1
გოლები: 0:1 ფრედი (53), 1:1 ანდრეზინიო (67)

ინტერნასიონალი-სანტოსი 0:0
გაძევება: ჟუანი (48. სანტოსი)

კრუზეირო-გრემიო 1:3
გოლები: 0:1 მ. მორენო (26), 0:2 კლებერი (29), 0:3 მორენო (65), 1:3 ველინგტონ პაულისტა (90-პენ)
გაძევება: ვერლეი (43. გრემიო)

ბაია-ფლამენგო 1:2
გოლები: 0:1 ერნანე (32), 1:1 კლებერსონი (38), 1:2 რენატო აბრეუ (72-პენ)
გაძევება: ლუიზ ანტონიო (44. ფლამენგო)

ვასკუ და გამა-ატლ. გოიანიენსე 1:0
გოლი: 1:0 ალექსანდრო (14)

პალმეირასი-სან პაულუ 1:1
გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (13), 1:1 მაზინიო (54)
გაძევება: ენრიკე (54. პალმეირასი)

სპორტი-პორტუგეზა 2:1
გოლები: 1:0 ენრიკე (16), 2:0 ჟილბერტო (69), 2:1 მოიზესი (72)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 9 7 1 1 16:6 22
2. ვასკუ და გამა 9 6 2 1 16:11 20
3. ფლუმინენსე 9 5 4 0 16:6 19
4. ბოტაფოგო 9 5 1 3 21:15 16
5. სან პაულუ 9 5 1 3 12:10 16
6. ინტერნასიონალი 9 4 4 1 12:7 16
7. გრემიო 9 5 0 4 12:9 15
8. პონტე პრეტა 9 4 3 2 13:9 15
9. ფლამენგო 9 4 3 2 15:13 15
10. კრუზეირო 9 4 2 3 12:11 14
11. სპორტი 9 3 3 3 10:11 12
12. ნაუტიკო 9 3 1 5 10:17 10
13. სანტოსი 9 1 6 2 7:7 9
14. კორინთიანსი 9 2 2 5 7:12 8
15. პორტუგეზა 9 2 2 5 6:12 8
16. ფიგეირენსე 9 1 5 3 11:14 8
17. კორიტიბა 9 2 1 6 14:20 7
18. ბაია 9 1 4 4 7:12 7
19. პალმეირასი 9 1 3 5 8:11 6
20. ატლ. გოიანიენსე 9 0 2 7 4:16 2

ბომბარდირები
6 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა), როჟერი (პონტე პრეტა); 5 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), არაუჟო (ნაუტიკო), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო); 4 - გ. ერერა (ბოტაფოგო), რენატო აბრეუ (ფლამენგო), ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

მომდევნო ტური
18 ივლისი: სანტოსი-ბოტაფოგო, გრემიო-სპორტი, პორტუგეზა-კრუზეირო, ნაუტიკო-პონტე პრეტა, ფლამენგო-კორინთიანსი, სან პაულუ-ვასკუ და გამა, ატლ. მინეირო-ინტერნასიონალი.
19 ივლისი: ფლუმინენსე-ბაია, კორიტიბა-პალმეირასი, ატლ. გოიანიენსე-ფიგეირენსე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული