ბრაზილია. სერია A. X ტური: ბრაზილია აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
რონალდინიოს "ატლეტიკო მინეირო" ისევ ყოჩაღობს, თუმცა მას შორს არ უშვებენ მდევრები - "ვასკუ და გამა" და "ფლუმინენსე".

ლიბერტადორესის თასის მფლობელმა "კორინთიანსმა" აიწყვიტა, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა ანდერსონ აკინომ გაიტანა, "ინტერნასიონალში" კვლავ ელიან დიეგო ფორლანს, ხოლო ნეიმარის "სანტოსი" ისევ ძალიან უფერულია - ასეთი იყო ბრაზილიური სერია A-ს მე-10 ტური მოკლედ.

ახლა კი უფრო ვრცლად...

ასე ჩემპიონობაც შეიძლება
ბელუ ორიზონტელთა გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო! რონალდინიომ და კომპანიამ ამჯერად დიეგო ფორლანის ახალ კლუბ (ოღონდ, ჯერ ისევ ურუგვაელის გარეშე მოთამაშეს) "ინტერნასიონალს"
3:1 მოუგო.

მართალია, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არგენტინელმა ანდრეს დ'ალესანდრომ სულელურ სიტუაციაში დააღალატა თავისი გუნდი და "ინტერი" 10 კაცის ამარა დატოვა - სტუმართა კაპიტანი პირველ ტაიმში ლეანდრო დონისეტესთან ორთაბრძოლის გამო გააფრთხილეს, არგენტინელი კი მსაჯს ეცა და... ტაიმის მიწურულს რონალდინიოს წამოწყებული კომბინაცია გილერმემ დაასრულა გოლით (თუმცა ეს უფრო მეკარის ავტოგოლი იყო).

23 წლის გილერმე, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ კიევის "დინამოში" ან მოსკოვის ცსკა-ში თამაშის დროიდან, ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩია, არ ტოვებს მოედანს უგოლოდ.

მასპინძელთა მეორე გოლი განსაკუთრებული სილამაზისა იყო - ლეანდრო სილვამ ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი და შემდეგ ბრუნში დაარტყა მურიელის კარში. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს, "ატლეტიკო" კი 25 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ამასობაში "ატლეტიკო მინეირომ" მთლიანად გამოისყიდა კიევის "დინამოდან" 21 წლის ფორვარდი ანდრე, რომელიც უახლოეს ტურში უკვე შეძლებს სერია ა-ში თამაშს. ანდრე 2015-წლამდე დარჩება ბელუ ორიზონტეში.

უნეიმაროდ
შესავალში ნეიმარი კი ვახსენეთ, მაგრამ ბუნებრივია მას არ უთამაშია - ახალგაზრდა ფორვარდი გამალებით ემზადება ლონდონის ოლიმპიადისთვის. მის გარეშე კი "სანტოსმა" ვერაფერი მოუხერხა "ბოტაფოგოს" - 0:0.

"სანტოსს" კიდევ ერთი პრობლემა დაემატა, ახლადგამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა ედუ დრასენამ კვლავ გაიმიზეზა ტრავმა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სტუმართა რიგებში აქტიურობდნენ მარსიო აზევედო და რაფაელ მარკესი.

ფლა კრიზისშია
"კორინთიანსმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა "ფლამენგოსგან" და მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა. ამ თამაშმაც გამოაჩინა, რომ "მენგაუს" პრობლემები მოედანსმიღმა თამაშის ხარისხზეც მოქმედებს.

ორივე გუნდი თითქმის საბრძოლო შემადგენლობით იყო, მასპინძლებს დაუბრუნდათ დისკვალიფიკაციამოხდილი ვაგნერ ლავი, ხოლო სტუმრებს მხოლოდ ალექსი აკლდათ, რომელმაც შეიძლება აღარც ითამაშოს "კორინთიანსში".

"ფლა" ბოლო მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბოტინელიმ დააღალატა, რომელმაც ბურთი დუგლასს "ჩააბარა". უკვე პირველ ტაიმში ორამდე გაიზარდა სხვაობა, ისევ მასპინძელ მცველთა ცუდი თამაშის გამო, "ტიმაუს" რიგებში დუბლი დუგლასმა შეასრულა.

მესამე გოლი რომარინიოს პასით დანილომ გაიტანა. უნდა ყოფილიყო მეოთხეც, მაგრამ ემერსონმა ვერ გაუტანა პენალტი პაულუ ვიტორს.

მდევარიც ყოჩაღობს
"სან პაულუსა" და "ვასკუ და გამას" შორის მატჩში უპირატესობა ჯერ მასპინძლებისა იყო, მაგრამ ლუიშ ფაბიანომ მომენტი გაანიავა, ხოლო სისერომ კი ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ კი საქმეში ჩაერთო ჟუნინიო, სტუმართა ნახევარმცველს მეკარე დენისმა ორი საჯარიმო აუღო, მესამე კი ხარიხამ აისხლიტა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფაგნერმა გამარჯვების გოლი გაიტანა, "ვასკუ" ისევ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ატლეტიკოს".

ფრედის რეკორდი
მეორე დღეს "ფლუმინენსემ" ანგარიშის მიხედვით იოლად გაანადგურა აუტსაიდერი "ბაია", თუმცა მეტოქე მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა, თანაც პირველი ორი გოლი პენალტით გაიტანა.

"ფლუ" საჩემპიონო რბოლაში რჩება, თუმცა ამ რბოლაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნაადრევია. ამ მატჩში "ლიონის" ყოფილმა ფორვარდმა ფრედმა "ფლუმინენსეს" რეკორდსმენობას გამოკრა ხელი - 28 წლის ფორვარდმა 44-ე გოლი გაიტანა ბრაზილიის ჩემპიონატში "ფლას" ფორმით. აქამდე რეკორდი მანო ალვეშს ეკუთვნოდა (43 გოლი).

"კორიტიბასა" და "პალმეირასის" შეხვედრას არ მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა რუსთაველთა ყოფილი ფორვარდის ანდერსონ აკინოს გოლი - 26 წლის აკინომ მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ გაიტანა და "კორიტიბას" ქულა შეუნარჩუნა. აკინო შესვენებაზე გამოჩნდა მასპინძელთა რიგებში.

წუნია რიკელმე
მოგეხსენებათ, ხუან რომან რიკელმე "ბოკა ხუნიორსს" დაშორდა, თუმცა კარიერას სად გააგრძელებს ჯერ არ გარკვეულა. სხვებთან ერთად მას ბრაზილიური კლუბების შემოთავაზებებიც ჰქონდა.

34 წლის ფეხბურთელმა "კრუზეიროს" იმის გამო უთხრა უარი, რომ ეს გუნდი მხოლოდ ერთ-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა. შემდეგ "ფლამენგო" სთავაზობდა არგენტინელს 2-წლიან კონტრაქტს, მაგრამ ყველაფერი "ფლას" მარცხმა ჩაშალა, 0:3 წაგების მერე რიკელმე დაეჭვდა, რომ ამ გუნდს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული მიზნები ჩემპიონატში.

წვრილ-წვრილი ამბები
ტურის დაწყებამდე "გრემიომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ელანო ბლუმერი ამიერიდან "ტრიკოლორის" ფორმას მოირგებს. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ლიდერი ახლა 31 წლისაა და აქამდე ის "სანტოსში" თამაშობდა.

მალე "ბოტაფოგოს" ურუგვაელი ნიკოლას ლოდეირო შეუერთდება. 23 წლის ლოდეირომ ბოლო 2 სეზონი "აიაქსში" გაატარა. "სან პაულუმ" კი უარით გაისტუმრა "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც მცველ ლუკას მოურას წაყვანა სურდა. ბრაზილიელებმა უარი 35 მილიიონ ევროზე თქვეს!

როგორც ხედავთ, ბრაზილიის ჩემპიონატი აღარ ხუმრობს, ტურში 1-2 ვარსკვლავს მაინც იმატებენ ბრაზილიელი კლუბები და ევროპულებს დიდ ფულზე უარს ეუბნებიან.

ბრაზილია. სერია A. X ტური
სანტოსი-ბოტაფოგო 0:0

გრემიო-სპორტი 3:1
გოლები: 0:1 ფელიპე აზევედო (39), 1:1 მორენო (64), 2:1 ლეანდრო (74), 3:1 ლეანდრო (80)

პორტუგეზა-კრუზეირო 0:2
გოლები: 0:1 ველინგტონ პაულისტა (78-პენ), 0:2 დიეგო რენანი (83)
გაძევება: როჟერიო (77. პორტუგეზა)

ნაუტიკო-პონტე პრეტა 3:0
გოლები: 1:0 კიეზა (36), 2:0 სოუზა (61), 3:0 კიეზა (88)

ფლამენგო-კორინთიანსი 0:3
გოლები: 0:1 დუგლასი (28), 0:2 დუგლასი (40), 0:3 დანილო (55)

სან პაულუ-ვასკუ და გამა 0:1
გოლი: 0:1 ფაგნერი (49)
გაძევება: როდრიგო კაიო (58. სან პაულუ)

ატლ. მინეირო-ინტერნასიონალი 3:1
გოლები: 1:0 გილერმე (45), 2:0 ლეონარდო სილვა (61), 2:1 ფრედი (65), 3:1 ესკუდერო (90)
გაძევება: დ'ალესანდრო (38. ინტერნასიონალი)

ფლუმინენსე-ბაია 4:0
გოლები: 1:0 ფრედი (49-პენ), 2:0 ტიაგო ნევესი (66), 3:0 ფრედი (74-პენ), 4:0 უოლესი (88)

კორიტიბა-პალმეირასი 1:1
გოლები: 0:1 პატრიკ კამილიო (6), 1:1 აკინო (68)
გაძევება: პერეირა (90. კორიტიბა)

ატლ. გოიანიენსე-ფიგეირენსე 3:2
გოლები: 0:1 კაიო (24-პენ), 1:1 მარსიო (39-პენ), 2:1 ფელიპე (59), 2:2 კაიო (63-პენ), 3:2 ჟოილსონი (84)

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 10 8 1 1 19-7 25
2. ვასკუ და გამა 10 7 2 1 17-11 23
3. ფლუმინენსე 10 6 4 0 20-6 22
4. გრემიო 10 6 0 4 15-10 18
5. ბოტაფოგო 10 5 2 3 21-15 17
6. კრუზეირო 10 5 2 3 14-11 17
7. სან პაულუ 10 5 1 4 12-11 16
8. ინტერნასიონალი 10 4 4 2 13-10 16
9. პონტე პრეტა 10 4 3 3 13-12 15
10. ფლამენგო 10 4 3 3 15-16 15
11. ნაუტიკო 10 4 1 5 13-17 13
12. სპორტი 10 3 3 4 11-14 12
13. კორინთიანსი 10 3 2 5 10-12 11
14. სანტოსი 10 1 7 2 7-7 10
15. კორიტიბა 10 2 2 6 15-21 8
16. პორტუგეზა 10 2 2 6 6-14 8
17. ფიგეირენსე 10 1 5 4 13-17 8
18. პალმეირასი 10 1 4 5 9-12 7
19. ბაია 10 1 4 5 7-16 7
20. ატლ. გოიანიენსე 10 1 2 7 7-18 5

ბომბარდირები
6 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), როჟერი (პონტე პრეტა); 5 - კაიო (ფიგეირენსე), ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), არაუჟო (ნაუტიკო).

მომდევნო ტური
21 ივლისი: ვასკუ და გამა-სანტოსი, სპორტი-ატლეტიკო მინეირო, კორინთიანსი-პორტუგეზა.
22 ივლისი: პალმეირასი-ნაუტიკო, ინტერნასიონალი-ატლეტიკო გოიანიენსე, კრუზეირო-ფლამენგო, ფიგეირენსე-სან პაულუ, ბოტაფოგო-გრემიო, პონტე პრეტა-ფლუმინენსე, ბაია-კორიტიბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული