ბრაზილიაში ყოველდღე თამაშობენ

AutoSharing Option

ბრაზილიაში თითქმის ყოველდღე თამაშობენ - კვირაში 2-2 ტური იმართება და ახლაც, როცა ამ წერილს კითხულობთ, უკვე მორიგი ტურია დაწყებული.

25 ტურის შემდეგ პირველობა კვლავ "ფლუმინენსემ" დაიბრუნა. "ატლეტიკო მინეიროსა" (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სტუმრებს ალე და სოუზა გაუძევეს) და "ვიტორიას" ზედიზედ დამარცხებით გუნდმა თავისი აქტივი 48 ქულამდე გაზარდა და 1 ქულით გაუსწრო "კორინთიანსს". ამ შეხვედრებში ძალიან კარგად ითამაშეს კარლინიოშმა (2 გოლი), როდრიგინიომ (1 გოლი +1 პასი) და არგენტინელმა დარიო კონკამ (1 გოლი +3 პასი), რომელიც ორჯერ მოხვდა "ლანსენეტის" სიმბოლურ ნაკრებში. საქმე

იქამდეც კი მივიდა, რომ პოპულარულ ჟურნალ "პლაკარში" ბრაზილიელთათვის სრულიად მიუღებელი თემაც კი გაჟღერდა - კონკას მოქალაქეობა შევუცვალოთ და "სელესაოში" ვათამაშოთო! ეს თემა მაშინვე აიტაცეს მეზობელ არგენტინაში და "ოლემ" კონკას ყვითელმაისურიანი ფოტოც კი დაბეჭდა.

მართალია, "კორინთიანსი" "ფლუს" ჩამორჩა, მაგრამ 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. უკანასკნელ 2 ტურში რონალდომ და კომპანიამ 2 ურთულესი შეხვედრა გამართეს - ჯერ სტუმრად აჯობეს "სანტოსს" 3:2, შემდეგ კი ასეთივე ანგარიშით წააგეს პორტუ ალეგრიში "ინტერნასიონალთან". სტუმრებს პირველ შემთხვევაშიც გაუჭირდათ, ისინი ორჯერ აგებდნენ და "სანტოსის" ამომავალ ვარსკვლავ ნეიმარს რომ ცოტა ზუსტად ეთამაშა, უთუოდ წააგებდნენ. ასე კი, ჯერ ვეტერანი იარლეის და ელიაშის (ორივემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა) გაათანაბრეს, მეორე ტაიმის შუაწელში კი ანდრეს გოლით მოიგეს კიდეც. სხვათაშორის მატჩს ესწრებოდნენ "იუვენტუსის" სკაუტები, რომლებსაც ნეიმარისა და მისი მოწინააღმდეგე ჟუსილეის საქმეში ხილვა სურდათ.

ანალოგიურად ორჯერ გაათაბრა "ტიმაომ" ("კორინთიანსის" მეტსახელი) პორტუ ალეგრიშიც. არგენტინელი ანდრეს დ'ალესანდროს 2 საგოლე პასით ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ტინგამ იხეირა, მერე კი ალექსანდრომ (თავურით), მაგრამ ჯერ ენრიკემ, უკანასკნელ წუთზე კი ანდრეზინიომ (პენალტით) ანგარიში საყაიმო გახადეს.

ბოლო წუთები ნამდვილ თრილერად იქცა. საპენალტე ეპიზოდს წინ უსწრებდა ნეის აკრობატული ნახტომი, ცხრიანიდან ბურთის ხელით გამოტანა და ლოგიკური გაძევება. თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მასპინძელთა ცენტრიდან დაწყებული იერიში საჯარიმოსთან ანდრემ შეაჩერა, მორიგი წითელი ბარათი, ცეზარის საჯარიმო - რიკოშეტი და 3:2!!! "ინტერნასიონალს" 24 მატჩში 41 ქულა აქვს აღებული, ცხრილში მეოთხეა და ჯერაც არ კარგავს ჩემპიონობის იმედს. აქვე გეტყვით, რომ ეს 2 კლუბი ბრაზილიაში ყველაზე სტაბილურ ბიზნესპროექტებად გამოცხადდა. საკონსულტაციო ფირმა "კროუ ხორვატის" ცნობით, "კორინთიანსის" შემოსავალმა 181 მილიონი რეალი (78 მილიონი ევრო) შეადგინა, "ინტერნასიონალისამ" კი 176 მლნ. რეალი(76 მლნ. ევრო).
მესამეზეა "კრუზეირო" (44 ქულა), რომელმაც ჯერ ბელუ ორიზონტიში მოუგო არგენტინული დუბლით (ვალტერ მონტილიო, ერნესტო ფარიასი) "სეარას", მერე კი სტუმრად "დაეცა" კაცნაკლულ "სანტოსთან" (გააძევეს ედუარდო 64) - 1:4. ამჯერად, ნეიმარმა შესანიშნავად ითამაშა, თვითონაც გაიტანა და სხვებსაც ჩამოურიგა საგოლე პასები. "სანტოსი" ახლა მეექვსეა (38 ქ.) და მასაც 1 მატჩი აქვს თადარიგში.

მაღალი ადგილებისთვის მებრძოლმა "ბოტაფოგომ" ორჯერ ითამაშა ფრედ. "ვასკოსთან" დერბიში იგი 0:2 აგებდა და მხოლოდ არგენტინელი გერმან ერერას (გოლიდან 5 წუთში გააძევეს) და ურუგვაელი სებასტიან აბრეუს გოლებით (პენალტი ბოლო წუთზე) გადაირჩინა თავი. სრულიად საპირისპიროდ წარიმართა მისი მატჩი ცხრილში მეზობელ "ატლეტიკო პარანაენსესთან" - ამჯერად, უკანასკნელ წუთზე მეტოქემ გაათანაბრა.

კვლავ ცუდად თამაშობს ქვეყნის ყველაზე პოპულარული კლუბი "ფლამენგო". მართალია, მან შეძლო "გრემიოსთან" გასვლაზე ქულის აღება, მაგრამ იქვე წაიფორხილა და შინიდან 3 ქულა გაატანა "პალმეირასს" (1:3), რომელმაც იქამდე "გრემიო პრუდენტესაც" მოუგო. "ფლას" შემადგენლობაში ისევ ვეტერანი სერბი დეიან პეტკოვიჩი თუა ქების ღირსი - გოლები მაინც გააქვს, აი პალმეირასელი კლებერი კი ბოლო ტურის გმირად მონათლეს და საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

ბოლო ტურებში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიქცია ყურადღება. "გრემიოს" ფორვარდმა ჟონასმა ორივეჯერ გაიტანა და ლეგენდარული თანაკლუბელი ჟარდელის მიღწევა გაიმეორა - "გრემიოში" პირადი ანგარიში 65 გოლამდე აიყვანა (მე-12 შედეგი) და კიდევ ერთ რეკორდს დაუმიზნა. 1995 წლის სეზონში ჟარდელმა 46 გოლი გაიტანა, ჟონასის სადღეისოდ 34 ბურთია, ტურნირის ბოლომდე კი 13 მატჩი დარჩა. გაცილებით იოლი იქნება რონალდინიოს დაწევა (38 გოლი 2000 წელს).
და ბოლოს, "ლანსენეტის" მიერ შედგენილი ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება (4-4-2): ჰარლეი (გოიაში), ტიაგო ფელტრი, ჟილსონი (ორივე ატლეტიკო გოიანენსე), ედუ დრასენა (სანტოსი), პატრიკი (ავაი), კარლოს ალბერტო (გოიაში), ტინგა, დ'ალესანდრო (ორივე ინტერნასიონალი), დარიო კონკა, როდრიგინიო (ორივე ფლუმინენსე), კლებერი (პალმეირასი).

ბრაზილია. სერია A
XXIV ტური
სან პაულუ-გუარანი 2:1
გოლები: 1:0 მარლოში (14), 1:1 ბაიანო (45), 2:1 ოლივეირა (63)

გრ. პრუდენტე-პალმეირასი 0:1
გოლი: 0:1 არაუჟო (60)

კრუზეირო-სეარა 2:0
გოლები: 1:0 ვალტერ მონტილიო (83-პენ), 2:0 ერნესტო ფარიასი (90)

გოიაში-ატლე. გოიანენსე 1:3
გოლები: 0:1 ელიაში (6), 1:1 ამარალი (26), 1:2 ჟილსონი (49), 1:3 ჟუნინიო (84)

ვასკო-ბოტაფოგო 2:2
გოლები: 1:0 რამონი (13), 2:0 ლუიში (36), 2:1 გერმან ერერა (54), 2:2 აბრეუ (90-პენ)

გრემიო-ფლამენგო 2:2
გოლები: 1:0 დუგლასი (6), 1:1 კლებერსონი (33), 2:1 ჟონასი (54), 2:2 პეტკოვიჩი (86)

ატლ. პარანენსე-ინტერნასიონ. 1:0
გოლი: 1:0 ბაიერი (43)

სანტოსი-კორინთიანსი 2:3
გოლები: 1:0 დურვალი (1), 1:1 იარლეი (8), 2:1 ნეიმარი (26), 2:2 ელიაში (42), 2:3 ანდრე (69)

ფლუმინენსე-ატლ. მინეირო 5:1
გოლები: 1:0 ეუზებიო (11), 1:1 დანიელ კარვალიო (20), 2:1 კარლინიოში (36), 3:1 გუმი (65), 4:1 კარლინიოში (76), 5:1 მარკინიო (90)

ვიტორია-ავაი 3:0
გოლები: 1:0 ჟუნიორი (3), 2:0 ელკესონი (60), 3:0 დიაში (77)


XXV ტური
გუარანი-ვასკო 1:0
გოლი: 1:0 ბაიანო (80-პენ)

ატლ. გოიანენსე-გრ. პრუდენტე 3:0
გოლები: 1:0 აჟენორი (24), 2:0 ფელტრი (59), 3:0 მარკაო (61)

სან პაულუ-გოიაში 0:3
გოლები: 0:1 ალბერტო (23), 0:2 რაფაელი (35), 0:3 რაფაელი (45)

სანტოსი-კრუზეირო 4:1
გოლები: 1:0 მარსელი (55), 2:0 დრასენა (69), 2:1 რიბეირუ (80), 3:1 სანდრო (88), 4:1 ნეიმარი (90)

ფლამენგო-პალმეირასი 1:3
გოლები: 0:1 კლებერი (19), 0:2 კლებერი (29), 1:2 პეტკოვიჩი (79-პენ), 1:3 ლინკოლნი (89)

ბოტაფოგო-ატლ. პარანაენსე 1:1
გოლები: 1:0 რობერტო (22), 1:1 მენდეში (90)

ვიტორია-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 0:1 დარიო კონკა (57-პენ), 1:1 ენრიკე (62), 1:2 როდრიგინიო (63)

ინტერნასიონ.-კორინთიანსი 3:2
გოლები: 1:0 ტინგა (29), 1:1 ენრიკე (64), 2:1 ალეშანდრო (77), 3:1 ანდრეზინიო (90), 3:2 სეზარი (90)

ავაი-სეარა 5:0
გოლები: 1:0 რუდნეი (5), 2:0 დავი (9), 3:0 ჯეფერსონი (17), 4:0 ჯეფერსონი (32), 5:0 დავი (58)

ატლ. მინეირო-გრემიო 1:2
გოლები: 0:1 ჟონასი (1), 0:2 გაბრიელი (14), 1:2 დიეგო ტარდელი (29)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 25 14 6 5 47-26 48
2. კორინთიანსი 24 14 5 5 45-27 47
3. კრუზეირო 25 12 8 5 34-26 44
4. ინტერნასიონალი 24 12 5 7 31-24 41
5. ბოტაფოგო 25 10 10 5 39-29 40
6. სანტოსი 24 11 5 8 40-31 38
7. ატლ. პარანენსე 25 11 5 9 30-33 38
8. პალმეირასი 25 8 11 6 28-27 35
9. სან პაულუ 25 9 7 9 32-34 34
10. გრემიო 25 8 9 8 34-31 33
11. გუარანი  25 8 9 8 28-33 33
12. ვიტორია 25 7 10 8 32-33 31
13. ვასკო 24 6 12 6 23-24 30
14. სეარა 25 7 9 9 19-27 30
15. ავაი 25 7 7 11 36-39 28
16. ფლამენგო 25 6 10 9 24-28 28
18. ატლ. გოიანი 25 7 5 13 33-36 26
18. გოიაში 25 6 6 13 28-43 24
19. ატლ. მინეირო 25 7 3 16 30-47 21
20. გრემიო პრუდ. 25 4 8 13 21-36 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული