ბრაზილიამ ხოსეპ გვარდიოლას დაუმიზნა!

AutoSharing Option
ოლიმპიადაზე, მექსიკასთან განცდილი მოულოდნელი მარცხის გამო ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მანო მენეზეშს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.

ბრაზილიური პრესა და "სელესაოს" ქომაგები მის გათავისუფლებას ითხოვენ და მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟოზე მარია მარინმა თქვა, მწვრთნელის შეცვლაზე არ ვფიქრობო, ჩვენი ბრაზილიელი კოლეგების ცნობით, ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის აღებით გამოწვეული იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ მენეზეშს უმუშევრად დარჩენის სერიოზული საფრთხე მაინც ემუქრება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც ბრაზილიაში უნდა გაიმართოს, ორი წელია დარჩენილი და რაკი ბრაზილიელები ამ მუნდიალზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, მექსიკასთან წაგებამ
დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩვენი ბრაზილიელი კოლეგების ცნობით, ფედერაცია სერიოზულად ფიქრობს "ბარსელონას" ყოფილ თავკაც ხოსეპ გვარდიოლაზე, რომელიც ახლა უმუშევარია. პეპის ხელში ჩაგდება ბევრს უნდა, მაგრამ "ბარსას" ექს-თავკაცი მუშაობის დაწყებას ჯერ არ აპირებს.

ბრაზილიელი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, "სელესაოს" მენეზეშის ხელში მუნდიალის მოგება არ შეუძლია.

ჟოზე მარია მარინის აქამდე გასაიდუმლოებული ფიქრების შესახებ კი ესპანურმა გაზეთმა "სპორტმა" შეიტყო - ხსენებული გამოცემა წერს, რომ ბრაზილიელები გვარდიოლას ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ, რადგან უნდათ, რომ "სელესაომ" ულამაზესი, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, პეპს კი სწორედ ასეთი საფეხბურთო ფილოსოფია აქვსო.

გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის იდეა ახალი არ არის. უბრალოდ, მექსიკასთან წაგებამ საკითხი ძალიან აქტუალური გახადა.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პეპის "სელესაოში" დანიშვნას უკვე 11 000-ზე მეტი ქომაგი ემხრობა, ხოლო "თვითერზე", ოლიმპიადის ფინალის შემდეგ, ბრაზილიაში ყველაზე მეტი მიმდევარი #guardiolanaselecao-ს თემას ჰყავდა. ჟურნალ lance-ს უკვე რამდენიმე თვეა, დაწყებული აქვს კამპანია, რომელიც პეპის ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნას ემსახურება.

პარეირა: უცხოელი მწვრთნელი არ გვჭირდება!
ბრაზილიელი მიმომხილველების ცნობით, მენეზეშს, რომელიც ნაკრების თავკაცად რიკარდო ტეიშეირამ დანიშნა, ძველებურად აღარც ფეხბურთის ფედერაციაში ენდობიან.

ახალი პრეზიდენტი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა ამას საჯაროდ არასდროს გამოხატავს და ისიც ირკვევა, რომ მენეზეშს ფედერაციაში ახლა მხოლოდ ერთი მხარდამჭერი ჰყავს - ანდრეს სანჩესი, რომელიც ტეიშეირას კაცად მიიჩნევა.

ამ თემას ესპანურ პრესაში ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კარლოს ალბერტო პარეირა გამოეხმაურა, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი და გვარდიოლას "სელესაოში" დანიშვნას მაინცდამაინც არ ემხრობა:

"ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელები არ სჭირდება, რადგან ისინი ჩვენს მენტალიტეტს არ იცნობენ და არა მგონია, რომ თუნდაც თვით პეპ გვარდიოლამ "სელესაოს" წარმატება მოუტანოს. ჩვენ ხუთჯერ გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები და ხუთივე შემთხვევაში ბრაზილიელი მწვრთნელი გვყავდა," - აცხადებს პარეირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული