ბრაზილია. სერია A. XXI ტური: ლიდერებს ფეხი დაუცდათ

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის 21-ე ტური უიღბლო გამოდგა ლიდერებისთვის: დამარცხდა "ატლეტიკო მინეირო", ხოლო "ფლუმინენსემ" და "გრემიომ" ფრედ ითამაშეს, ოღონდ თუ "გრემიო" ამ ქულით კმაყოფილი იქნებოდა, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით აბელ ბრაგას გუნდზე...

პალმეირასმა ისევ ვერ მოიგო

ტური სწორედ "გრემიოს" და "ფლუმინენსეს" მატჩებით გაიხსნა. ვანდელრეი ლუქსემბრუგოს გუნდი სტუმრად ლუიშ ფელიპე სკოლარის "პალმეირასს" ეწვია და უკვე მე-16 წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩა, მას შემდეგ, რაც შეხვედრის არბიტრმა სანდრო მეირა რიკიმ კლებერს წითელი ბარათი უჩვენა.

კლებერი "პალმეირასის" ყოფილი კაპიტანია, რომელიც გუნდი
დან სკოლარისთან კონფლიქტის გამო წავიდა და როგორც ჩანს, ზედმეტმა მოტივაციამ მას დათვური სამსახური გაუწია. ჩრდილში იყო ერნან ბარკოსი, რომელიც ალეხანდრო საბელიამ არგენტინის ნაკრებში გამოიძახა.

არ წაუვიდა თამაში ლუანსაც. იმის გათვალისწინებით, რომ "პალმეირასს" აკლდნენ გუნდის ლიდერები დანი კარვალიო, ხორხე ვალდივია და მარკოს ასუნსაო, გუნდის ქომაგები ამ ქულითაც კმაყოფილები დარჩნენ, მაგრამ მშვიდად ვერ იქნებიან, რადგან ბრაზილიის ერთ-ერთი გრანდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია.

სკოლარი სამსახურს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებს, რომ გუნდს ბრაზილიის თასი მოაპოვებინა, რითაც ლიბერტადორესის თასის საგზური მოუტანა.

ფლუს დაკარგული შანსი
რაც შეეხება აბელ ბრაგას "ფლუმინენსეს", ბრაზილიის 2010 წლის ჩემპიონი ფლორიანოპოლისში ჩავიდა და აუტსაიდერ "ფიგეირენსესთან" 2:0-საც იგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა.

მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, სტუმრებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და 45 წუთი 0:0 დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლები დიგაომ და რაფაელ სობისმა დაამწუხრეს.

"ფლუ" ამ სეზონში იმით გამოირჩევა, რომ უიმედო თამაშების მოგებას ახერხებს - თან ბოლო წუთებზე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა: ალოიზიომ 68-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე მასპინძელთა მცველმა ჟოაო პაულომ ანგარიში გაათანაბრა.

როგორც მეორე დღეს გაირკვა, "ფლუმ" გალიდერების შანსი გაუშვა, ვინაიდან მინეიროს "ატლეტიკო" სტუმრად დამარცხდა მოქმედ ჩემპიონთან.

კუკას "ატლეტიკოს" საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდა გოლის გასატანად, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, მაგრამ ჟომ ვერაფრით გაისწორა მიზანი.

შედარებით შეუმჩნეველი იყო რონალდინიოც. სამაგიეროდ, მასპინძელთა მხრიდან ტრადიციულად იბრძოდა და აქტიური იყო ემერსონ შეიკი, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ წითელი ბარათიც მიიღო, თუმცა იქამდე "ტიმაომ" გოლის გატანა მოასწრო.

დუგლასის კუთხურის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა პაულო ანდრემ თავით გადაგზავნა ბურთი ვიქტორის კარში. "პაკაემბუზე" შეკრებილმა 33 000-მა მაყურებელმა, როგორც იქნა, გაიხარა საყვარელი გუნდის გამარჯვებით, რომელსაც ზედიზედ სამ მატჩში არ მოეგო.

ფორლანის გაბრწყინება
ამ ტურში "მენგო" პორტუ ალეგრის ეწვია და რიოში შერცხვენილი გაბრუნდა. "ინტერნასიონალმა" ფორლანის და ლეანდრო დამიაოს კარგი თამაშის წყალობით, 4:1 მოუგო ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ კლუბს.

მატჩი მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-14 წუთზე ვაგნერ ლავმა მე-10 გოლი გაიტანა ჩემპიონატში და ბომბარდირთა დავაში სახელოვან თამამემამულეებს, ფრედს და ლუიშ ფაბიანოს წამოეწია.

მიუხედავად ასეთი ცუდი სტარტისა, პირველი ტაიმი მაინც "ინტერმა" მოიგო. მატჩის 28-ე წუთზე დიეგო ფორლანმა ბრაზილიის სერია ა-ში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო კიდევ 12 წუთში ჟოსიმარმა დააწინაურა "წითლები".

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა: შეხვედრის 66-ე წუთზე ანდრეს დალესანდრომ ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ იქვე დამატებაზე ფორლანი გაჩნდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ახლა ურუგვაელს ბრაზილიის სერია ა-ს 8 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი - ზუსტად იმდენი, რამდენიც მან მთელი წინა სეზონის განმავლობაში გაიტანა იტალიის სერია ა-ში, იტალიური "ინტერის" მაისურით.

დორივალ ჟუნირის გუნდის რბევას კი, მშვენიერი თავური დარტყმით, ლეანდრო დამიაომ დაუსვა წერტილი. საბოლოოდ 4:1 და "ინტერნასიონალი" "სან პაულოს" წამოეწია, რომელიც ამ ტურში სენსაციურად დამარცხდა "ბაიასთან".

ასევე 34 ქულა აქვს "ინტერის" მოსისხლე მტერ "კრუზეიროს", რომელმაც შინ 3:0 მოუგო "ნაუტიკოს" - მასპინძლები წინა სეზონის გოლეადორმა ბორჟესმა დააწინაურა, მესამე გოლი კი "მელიების" საუკეთესო ბომბარდირმა, ახლახან გამოჯანმრთელებულმა ველინგტონ პაულისტამ გაიტანა.

ტურის მოვლენებიდან ასევე გამოსაყოფია "ვასკო და გამას" გამარჯვება - კრიტოვაო ბორჟესის შეგირდებმა 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს. გოლები ალეკსანდრომ და კარლოს ტენორიომ გაიტანეს.

ალეკსანდროსთვის, რომელიც დეკუ სოუზას ცოლის ძმა გახლავთ, ეს მე-9 გოლი იყო ჩემპიონატში და ის კვლავ იბრძვის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. მოიგო "ბოტაფოგომაც", რომლის რიგებშიც ბრაზილიის პირველობაზე სადებიუტო გოლი გაიტანა ურუგვაელმა ახალწვეულმა ნიკოლას ლოდეირომ.

პირველი გოლი კი ელკესონმა ჩაიწერა აქტივში. ნეიმარის და განსოს გარეშე დარჩენილი "სანტოსი" კი სტუმრად დამარცხდა "სპორტ რესიფესთან".

სერია A. XXI ტური
პალმეირასი-გრემიო 0:0

ფიგეირენსე-ფლუმინენსე 2:2
გოლები: 0:1 დიგაო (47), 0:2 რაფაელ სობისი (53), 1:2 ალოიზიო (68), 2:2 ჟოაო პაულო (87).

ვასკო და გამა-პორტუგეზა 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდრო (37), 2:0 კ. ტენორიო (48).

კორინთიანსი-ატლეტიკო მინ. 1:0
გოლი: 1:0 პაულო ანდრე (63).

ინტერნასიონალი-ფლამენგო 4:1
გოლები: 0:1 ვაგნერ ლავი (14), 1:1 ფორლანი (29), 2:1 ჟოსიმარი (40), 3:1 ფორლანი (66), 4:1 ლეანდრო დამიაო (75).

სპორტი-სანტოსი 2:1
გოლი: 1:0 უგო (4), 2:0 ფ. აზევედო (37), 2:1 ანდრე (52).

ბაია-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 გაბრიელი (71).

ბოტაფოგო-კურიტიბა 2:0
გოლები: 1:0 ელკესონი (15), 2:0 ლოდეირო (29).

კრუზეირო-ნაუტიკო 3:0
გოლები: 1:0 ბორჟესი (75), 2:0 ელბერი (87), 3:0 ველინგტონ პაულისტა (90).

პონტე პრეტა-ატლეტიკო გოიან 3:1
გოლები: 0:1 დიეგო ჯიარეტა (9), 1:1 ჟანკარლო (58), 2:1 ფერონი (68), 3:1 კლებერ რეისი (85).

გუნდი თ  
მ  
ფ  
წ   
1. ატლ. მინეირო 20 13 5 2 35-16 44
2. ფლუმინენსე 21 12 8 1 34-14 44
3. გრემიო 21 13 2 6 31-16 41
4. ვასკო და გამა 21 11 5 5 27-19 38
5. სან პაულო 21 11 1 9 33-25 34
6. კრუზეირო 21 10 4 7 29-27 34
7. ინტერნასიონალი 21 9 7 5 26-17 34
8. ბოტაფოგო 21 9 4 8 32-28 31
9. კორინთიანსი 21 7 7 1 22-21 28
10. ნაუტიკო 21 8 3 10 27-34 27
11. პონტე პრეტა 21 7 6 8 26-29 27
12. ფლამენგო 20 7 6 7 23-27 27
13. სანტოსი 21 6 8 7 25-28 26
14. პორტუგეზა 21 6 7 8 20-23 25
15. ბაია 21 5 8 8 19-25 23
16. კურიტიბა 21 6 4 11 32-39 22
17. სპორტი 21 4 7 10 16-28 19
18. პალმეირასი 21 4 5 12 18-26 17
19. ატლ. გოიანიენსე 21 3 7 11 21-38 16
20. ფიგეირენსე 21 3 6 12 22-38 15

ბომბარდირები
10 - ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ველინგტო პაულისტა (კრუზეირო); 7 - ბარკოსი (პალმეირასი), ბორჟესი (კრუზეირო), მორენო (გრემიო), როჟერი (პონტე პრეტა), ანდრეზინიო (ბოტაფოგო).

ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული