ბრაზილიური ფეხბურთის ორი გრანდი კი უკიდურეს გასაჭირშია, თუმცა თუ ფლამენგოს მდგომარეობას კატასტროფული არ ეთქმის, იმავე ნამდვილად ვერ ვიტყვით "პალმეირასზე", რომელმაც მორიგი მატჩი წააგო...
მოსახდენი მაინც მოხდა - სკოლარი უმუშევარია
რიოში, "სან ჟანუარიოზე" ერთმანეთს ბრაზილიის თასის ბოლო ორი მფლობელი, "ვასკო და გამა" და "პალმეირასი" დაუპირისპირდნენ.
მასპინძლები პირველ მატჩს ატარებდნენ გაუჩოს (კარლოს რობერტო ორიგო და კუნია) ხელმძღვანელობით, რომელიც კრისტოვაო ბორჟესის ასისტენტი გახლდათ და ამ უკანასკნელის მოხსნის შემდეგ "ვასკოს" დროებითი დამრიგებელი გახდა.
"პალმეირასს" ისევ აკლდნენ დანი კარვალიო და მარკოს ასუნსაო, სამაგიეროდ დაბრუნდნე ბარკოსი (ნაკრები) და ენრიკე (დისკვალიფიკაცია), თუმცა არ ყველაფერმა "ვერდაოს" ვერ უშველა. ანგარიში ჯერ კიდევ პირველ ტაიმში კარლოს ტენორიომ გაათანაბრა. მეორე ნახევრის დასაწყისში ნილტონმა დააწინაურა "ვასკო", ხოლო 72-ე წუთზე თავისი გოლი უბერებელმა ჟუნინიო პერნამბუკანომაც გაიტანა. 3:1 და პალმეირასმა 24-ე შეხვედრაში მე-14 მარცხი განიცადა.
იმის გამო, რომ ამ ტურში მოიგო "ფიგეირენსემ", სკოლარის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზე აღმოჩნდა. თამაშის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა არნალდო ტირონემ დირექტორთა სპეციალური სხდომა მოიწვია, რომელზეც გადაწყდა, რომ ლიუშ ფელიპე სკოლარი "პალმეირასის" მწვრთნელი აღარ იქნებოდა.
ასე დასრულდა "ფელიპაოს" ორწლიანი მოღვაწეობა "პალესტრა იტალიაში", რომელსაც მან წელს ბრაზილიის თასი მოაგებინა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პალმეირასის" ახალი მთავარი მწვრთნელი ემერსონ ლეაო გახდება, რომელიც ამჟამად სერია B-ს ერთ-ერთი ლიდერის, თავის დროზე ბრაზილიის ჩემპიოანტის ფინალისტის, ‘სან კაეტანოს" დამრიგებელია.
ახალი მწვრთნელი ეყოლება "ვასკოსაც" - მიუხედავად გამარჯვებისა, გაუჩო კვლავ ასისტენტი იქნება, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტს "კურიტიბას" ყოფილი თავკაცი მარსელო ოლივერია დაიკავებს.
საინტერესოა, რომ ოლივერიამ პარანას შტატის გუნდი ზედიზედ ორჯერ გაიყვანა ბრაზილიის თასის ფინალში და ჯერ "ვასკოსთან" წააგო (2011 წელს), შემდეგ კი "პალმეირასთან" (2012 წელს), თანამდებობდა კი ორი კვირის წინ დატოვა.
სანტოსს 16 წლის ბავშვმა მოაგებინა
"ვილა ბელმიროზე" ერთმანეთს კრიზისში მყოფი ორი გრანდი შეხვდა. ამ მატჩის წინ, სწორედ "სანტოსი" და "ფლამენგო" იკავებდნენ ორ ყველაზე დაბალ ადგილს, რომელიც გუნდებს მომავალ წელსაც სერია A-ში ასპარეზობის უფლებას აძლევს (მე-15 და მე-16 შესაბამისად).
ორივე გუნდისთვის კარგი ამბავი იყო ის, რომ საკუთარი თამაში ვერ მოიგო "სპორტ რესიფემ". შეხვედრა თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო და გუნდებს ხანგრძლივი მოუგებელი სერიებიც უნდა გაეგრძელებინათ (სანტოსს 4 მატჩში არ ჰქონდა მოგებული, ფლამენგოს 5-ში), მაგრამ მატჩის ბედი 16 წლის ვიქტორ ანდრადემ გადაწყვიტა.
თინეიჯერი მინდორზე ანდრეს ნაცვლად 83-ე წუთზე გამოვიდა და ზუსტად ორ წუთში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.
სხვათაშორის, ეს ბურთი ანდრადესთვის მეორეა ჩემპიონატში, პირველად მან მე-15 ტურში, "კრუზეიროსთან" შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
"მენგო" ამ გაშვებულმა ბურთმა გატეხა და ორ წუთში მასპინძლები კიდევ ერთხელ ზეიმოდბენ - გოლი ნეიმარმა გაიტანა, მეექვსე მერვე მატჩში.
ამ მოგებით "სანტოსი" გასავარდნ ზონას 7 ქულით დაშორდა, "ფლამენგო" კი "რესიფეს" მხოლოდ 4-ით უსწრებს.
შეხვედრის შემდეგ მურისი რამალიომ ახალგარზდა შეგირდი შეაქო: "ვიქტორი ძალიან სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელია. მან დღეს ულამაზესი გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოგვიტანა".
გატანილი გოლის შემდეგ ანდრადემ მაისური გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო, ამაზე მწვრთნელმა შემდეგ რამ თქვა: "მე ის გავაფრთხილე, რომ ასე არ ეზეიმა. ამაში ახალი არაფერია, გარდა ამისა ტანზე გახდას, ყოველთვის ყვითელი ბარათი მოყვება, მაგრამ მოდით არ დავივიწყოთ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის არის".
თანაგუნდელი შეაქო ნეიმარმაც: "მან დღეს დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია და შეუძლია, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს".
ლიდერებმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს
"ფლუმინენსე" სტუმრად "პორტუგეზას" ეთამაშებოდა, "ატლეტიკო მინეირო" კი "სან პაულოს" მასპინძლობდა. მეტოქე კუკას გუნდს უფრო ძლიერი ჰყავდა, სამაგიეროდ "ათლეტები" სახლში თამაშობდნენ, "ფლუს" კი ქალაქ სან პაულოში მოუწია ჩასვლა.
"ატლეტიკო მინეიროს" საქმე "სან პაულოს" მცველმა დუგლასმა გაუადვილა, რომელმაც უკვე 28-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. სტუმრებს მთელი ერთი საათი კაცნაკლულებს უნდა ეთამაშათ, თანაც მათ არ ჰყავდათ ლუიშ ფაბიანო და დენილსონი, რომელიც წინა ტურში გააძევეს.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მატჩი მასპინძელთა შეტევებში გაილია და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ლეონარდომ გაიტანა, რომელმაც ბერნადრის გადაცემით ისარგებლა.
ლეონარდომ, რომელიც "ატლეტიკომ" "კურიტიბადან" ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეიძინა, ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა (სულ მეოთხე სეზონში).
"ფლუმინენსემ" სან პაულოში 2:0 მოიგო. გოლები უნივერსალმა ჟეანმა და ველინგტონ ნემმა გაიტანეს. ახალგაზრდა ფებხურთელი ბოლო სამი ტურია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. ნემმა ჯერ იყო და "სანტოსს" გაუტანა ორი გოლი (3:1 "ფლუს" სასარგებლოდ), შემდეგ კი "ინტერნასიონალთან" გაატანინა ფრედს (1:0 მოიგო "ფლუმ").
"სანტოსი"-"ფლამენგოს" მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ფავორიტმა ორწუთიან მონაკვეთში შეძლო მატჩის სათავისოდ შემობრუნება.
"ფლუმინენსე" საოცარ ფეხბურთს თამაშობს - აბელ ბრაგას გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ნაკლები გაშვებული, ბომბარდირთა დავაშიც კი "ფლუს" ფეხბურთელი ლიდერობს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ პოტენციური ლიდერი კვლავ "ატლეტიკო მინეიროა".
ბრაზილია. სერია ა. XXIV ტური
კორინთიანსი-პონტე პრეტა 1:1
გოლები: 0:1 ტიაგო ალვეში (68), 1:1 ემერსონ შეიკი (90).
პორტუგეზა-ფლუმინენსე 0:2
გოლები: 0:1 ჟეანი (74), 0:2 ველინგტონ ნემი (76).
ფიგეირენსე-კრუზეირო 2:0
გოლები: 1:0 ჟოაო პაულო (35), 2:0 ალოიზიო (86).
სპორტ რესიფე-ბაია 1:1
გოლები: 1:0 უგო (5), 1:1 ელდერი (84).
ატლ. გოიანიენსე-კურიტიბა 1:2
გოლები: 0:1 რობინიო (1), 1:1 პატრიკი (11), 1:2 დეივიდი (59).
ვასკო და გამა-პალმეირასი 3:1
გოლები: 0:1 ლუანი (24), 1:1 კ. ტენორიო (30), 2:1 ნილტონი (52), 3:1 ჟუნინიო (72).
სანტოსი-ფლამენგო 2:0
გოლები: 1:0 ვიქტორ ანდრადე (85), 2:0 ნეიმარი (87).
ატლ. მინეირო-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 ლეონარდო (62).
გაძევება: - დუგლასი (28).
ბოტაფოგო-ინტერნასიონალი 1:1
გოლები: 0:1 ლეანდრო დამიაო (68), 1:1 სიდინიო (77).
გრემიო-ნაუტიკო 2:0
გოლები: 1:0 მარკო ანტონიო (61), 2:0 კლებერი (90).
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 24 15 8 1 40-15 53
2. ატლ. მინეირო 23 15 6 2 39-16 51
3. გრემიო 24 15 2 7 36-20 47
4. ვასკო და გამა 24 12 6 6 31-25 42
5. ბოტაფოგო 24 11 5 8 39-31 38
6. სან პაულო 24 11 3 10 34-27 36
7. ინტერნასიონ. 24 9 9 6 28-20 36
8. კრუზეირო 24 10 4 10 31-34 34
9. კორინთიანსი 24 8 8 8 26-24 32
10. პონტე პრეტა 24 8 8 8 30-32 32
11. სანტოსი 24 7 9 8 28-31 30
12. პორტუგეზა 24 7 8 9 24-26 29
13. კურიტიბა 24 8 4 12 37-43 28
14. ნაუტიკო 24 8 4 12 29-40 28
15. ბაია 24 6 10 8 24-26 28
16. ფლამენგო 23 7 6 10 23-33 27
17. სპორტი 24 5 8 11 20-33 23
18. ფიგეირენსე 24 5 7 12 27-40 22
19. პალმეირასი 24 5 5 14 22-33 20
20. ატლ. გოიანიენ. 24 3 8 13 24-43 17
ბომბარდირები:
11 - ფრედი (ფლუმინენსე); 10 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ვაგნერ ლავი (ფლამნეგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ველინგტო პაულისტა (კრუზეირო).
ტატო ბაციკაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"