არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VII ტური: კლასიკოების ტური

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის მე-7 ტური ორი კლასიკური დაპირისპირებით, "ბოკა"-"ინდეპენდიენტეთი" და "ველესი"-"რივერით", აღინიშნა, თუმცა ამ სათამაშო დღეს სხვა საინტერესო მატჩებიც იყო...

ტიგრემ ისევ ვერ მოიგო
ტური ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო, რომელიც "ესტადიო ხოსე დელაჯოვანაზე" გაიმართა. "ტიგრე" "კოლონს" მასპინძლობდა.

"ტიგრემ" წინა ჩემპიონატში კინაღამ უნიკალური შედეგი დააფიქსირა - გუნდი ერთდროულად ჩემპიონობისთვის და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ბოლო ტურის წინ იყო შანსი, რომ როდოლფო არუაბარენას შეგირდებს ერთბაშად ორ - საჩემპიონო და სარელეგაციო - პლეი-ოფში ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ "ტიგრე" ვერც ჩემპიონი გახდა და არც გავარდა.

ამ
სეზონში "ვეფხვებს" გავარდნა არ ემუქრებათ და თუ მათი თამაშით ვიმსჯელებთ, პრეტენზია არც ჩემპიონობაზე უნდა ჰქონდეთ. არუაბარენას გუნდს 6 ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონდა, მისი მეტოქე კი ერთ-ერთი ლიდერი "კოლონი" იყო. მატჩი მასპინძლებისთვის ძალიან კარგად დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე ვეტერანმა ეზეკილ მახიოლომ გახსნა ანგარიში.

35 წლის ფორვარდმა ამ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ დაიმტვრა და მოედანზე მის მაგივრად პარაგვაელი ფედერიკო სანტანდერი (შეიძლება "ტულუზიდან" გახსოვთ) შევიდა.

ანგარიში 41-ე წუთზე გათანაბრდა: ლუკას მუგნიმ ბურთი მოედნის ცენტრში მყოფ ემანუელ პიოს აართვა, საჯარიმომდე რამოდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და დაახლოებით 20 მეტრიდან გაუტანა ხავიერ გარსიას.

მეორე ტაიმის დებიუტში კი ნესტორ სენსინის გუნდი დაწინაურდა - გოლი რუბენ რამირესმა გაიტანა, რომელიც "კოლონს" 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საბოლოო შედეგი კი "ტიგრეს" კაპიტანმა, მარტინ გალმარინიმ დააფიქსირა, რომელმაც სტუმრების დაცვის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან დიეგო პოსოს აუღებელი დაურტყა.

საბოლოოდ ძალიან ლამაზი და დრამატული მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა - ფრე 2:2 და "ტიგრეს " ისევ არ აქვს მოგება. არადა, ამ გუნდის შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, დიდი პოტენციალი აქვს.

ბოკამ მოიგო, ინდეპენდიენტე ისევ ბოლოა
პირველი კლასიკო "ბომბონერაზე" შედგა, სადაც ჩემპიონატის ლიდერმა "ბოკა ხუნიორსმა" დიდ გაჭირვებაში მყოფ "ინდეპენდიენტეს" უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის 7-გზის მფლობელი გასავარდნ ზონაშია და ბოლო ადგილი უკავია. ამ გუნდების დაპირისპირებას დამატებით ეშხს წინა მატჩების ფაქტორი სძენდა.

2012 წლის კლაუსურაში, "ბომბონერაზე" გამართული საოცარი მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, 4:5 (მაშინ სამი გოლი ერნესტო ფარიასმა გაიტანა), 2012 წლის კოპა სუდამერიკანაზე კი გუნდებმა ამავე სტადიონზე 3:3 ითამაშეს, საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე "ინდეპენდიენტე" გავიდა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ბოკას" რევანში ჰქონდა ასაღები. შეხვედრა ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა და გულშემატკივარმა 3 გოლის გარდა, კიდევ ბევრი სახიფათო მომენტი იხილა. ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. მოსკოვის "ცსკა"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ოსმარ ფერეირამ ლამაზი დრიბლინგი შემოგვთავაზა: ჯერ ალბინს ბურთი ფეხებს შუა გაუტარა, მერე კი სკიავი მოატყუა, საჯარიმოშიც მწვავე გადაცემა გააკეთა, იქ კი ბურთი კარუსოს მოხვდა და რიკოშეტით მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

ხულიო სესარ ფალსიონის შეგირდებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრეს - სანჩეს მინიომ მარცხნიდან ჩააწოდა, სანტიაგო "ტანკე" სილვა კი საჯარიმოში "შეფრინდა" და უძლიერესი თავური დარტყმით გაიტანა.

"ბოკამ" დაწინაურება მეორე ტაიმში მოახერხა. თავი ამჯერად სანჩეს მინიომ გამოიჩინა. ამ გოლის დროს აშკარა შეცდომა დაუშვეს სტუმართა "ენგანჩე" ფრედესმა და კიპერმა ნავარომ - პირველმა მოედნის ცენტში ბურთი ვერ დაამუშავა და ის გოლის ავტორს ჩააბარა, ნავარომ კი საჯარიმოს ხაზიდან ახლო კუთხეში დარტყმული ვერ მოიგერია.

საბოლოოდ 2:1 და "ბოკა" "ტორნეო ინისიალში" ისევ ლიდერია, "ინდეპენდიენტე" კი 3-წლიან გასავარდნ ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა.

დერბი ველესმა მოიგო

არგენტინის პრიმერა დივიზიონში დიდი ბუენოს აირესიდან ძალიან ბევრი გუნდია. შესაბამისად, დერბიც ბევრია, თუმცა გამორჩეული მათგან ცოტაა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული დერბი ამ ტურში "ესტადიო ხოსე ამალფიტანიზე" "ველესსა" და "რივერს" შორის გაიმართა.

საბოლოოდ ეს მატჩი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. გუნდებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო, თუმცა სურათი ოდნავ "რივერის" ქომაგებმა გააფუჭეს, რომლებმაც, მიხვდნენ რა, რომ მათი გუნდი წააგებდა, მინდორზე შეღწევა სცადეს, რის გამო მატჩი 8-9 წუთით შეწყდა; პოლიციას კი მათ დასაშოშმინებლად წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა.

საბოლოოდ "რივერის" ის ქომაგები, რომლებიც დამცავ ბარიერზე ამძვრალნი კარის გაღებას და მინდორზე ქომაგების შეშვებას ცდილობდნენ, დამშვიდდნენ და შეხვედრაც დასრულდა.

მატჩის სტარტზე იმდენი საგოლე მომენტი შეიქმნა, რომ მე-10 წუთისთვის 4 გოლი მაინც უნდა გასულიყო, მაგრამ შემტევებს არ უმართლებდათ. მეტი მომენტი "ველესმა" შექმნა და მე-20 წუთზე სამართლიანად დაწინაურდა - "ჯენოადან" დაბრუნებულმა ლუკას პრატომ გახსნა ანგარიში.

"რივერის" მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ უკვე მეორედ გამოიყენა 4-3-3 ტაქტიკა, სადაც ტანმაღალი როხელიო ფუნეს მორი მარცხენა გარემარბად არის გამწესებული. ფაქტია, რომ ეს განლაგება არ ამართლებს და თუ ალმეიდა თავის შტაბის წევრებთან ერთად (გაბრიელ ამატო, ხოსე შამოტი, კარლოს როა) დროულად მიხვდება ამას, კარგი იქნება.

მეორე ტაიმში "ველესის" უპირატესობა აშკარა იყო და გოლიც ლოგიკურად "რივერის" კარში გავიდა. 64-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, კარში არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი ფაკუნდო ფერეირა ურტყამდა. მისი დარტყმა "ველესის" ყოფილმა მეკარე ბაროვერომ მოიგერია, თუმცა ბურთი ისევ ფერეირას მიუვიდა, რომელმაც ეგოისტურად არ ითამაშა და კარის წინ მარტო მყოფ ივან ბელიას გადააწოდა. ამ უკანასკნელს ცარიელ კარში გატანა კი არ გასჭირვებია.

ამ მოგების წყალობით "ველესი" მესამე ადგილზე გადავიდა, "რივერი" კი სატურნირო ცხრილის შუაში აღმოჩნდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გუნდი 3-წლიან ცხრილში გასავარდნ ზონასთან სახიფათო სიახლოვეს არის.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VII ტური
ტიგრე-კოლონი 2:2
გოლები: 1:0 მახიოლო (18), 1:1 მუგნი (41), 1:2 რ. რამირესი (58), 2:2 გალმარინი (67).

ოლ ბოისი-არხენტინოსი 0:1
გოლი: 0:1 ანანგონო (88).

გოდოი კრუსი-სან მარტინი 1:0
გოლი: 1:0 დ. რამირესი (27)

რასინგი-ესტუდიანტესი 0:1
გოლი: 0:1 მ. ნუნიესი (51).

ბოკა-ინდეპენდიენტე 2:1
გოლები: 0:1 კარუსო (23 ს.კ.), 1:1 სილვა (27), 2:1 სანჩეს მინიო (47).

არსენალი-ბელგრანო 0:2
გოლები: 0:1 პიტინარი (45), 0:2 ხ. ველასკესი (90).

ნიუელსი-სან ლორენსო 1:0
გოლი: 1:0 სკოკო (82-პენ)

ველესი-რივერი 2:0
გოლები: 1:0 პრატო (20), 2:0 ბელია (64).

უნიონი-ატლეტიკო რაფაელა 0:0

კილმესი-ლანუსი 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 7 5 1 1 12-8 16
2. ნიუელსი 7 4 3 0 8-3 15
3. ველესი 7 4 2 1 10-3 14
4. გოდოი კრუსი 7 4 1 2 8-6 13
5. ბელგრანო 7 3 3 1 8-5 12
6. კოლონი 7 3 3 1 10-8 12
7. რასინგი 7 3 2 2 9-5 11
8. არხენტინოსი 7 3 2 2 7-9 11
9. არსენალი 7 3 2 2 6-8 11
10. კილმესი 7 2 4 1 8-5 10
11. ესტუდიანტესი 7 3 1 3 5-6 10
12. რივერი 7 2 3 2 10-10 9
13. სან ლორენსო 7 2 3 2 5-5 9
14. ლანუსი 7 2 2 3 5-4 8
15. ატლ. რაფაელა 7 1 4 2 5-7 7
16. ოლ ბოისი 7 1 3 3 9-11 6
17. ტიგრე 7 0 4 3 9-13 4
18. სან მარტინი 7 1 0 6 6-12 3
19. ინდეპენდიენტე 7 0 3 4 3-9 3
20. უნიონი 7 0 2 5 4-10 2

ბომბარდირები:
5 - სკოკო (ნიუელსი); 4 - ბორგელიო (ოლ ბოისი), დ. რამირესი (გოდოი კრუსი); 3 - კაუტერუკიო (კილმესი), ვიატრი (ბოკა ხუნიორსი), კარანსა (ბელგრანო), ფტაკლა (ტიგრე), როხელიო ფუნეს მორი (რივერ პლეიტი), სილვა (ბოკა ხუნიორსი), ვიეტო (რასინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული